გაზის კარტელი, ფიქლების რევოლუცია და საიდუმლო ხელშეკრულებები (წერილი მეთერთმეტე)

გაზის კარტელი, ფიქლების რევოლუცია და საიდუმლო ხელშეკრულებები (წერილი მეთერთმეტე)

ბოლო წლებში ენერგეტიკის სფეროში გლობალური კატაკლიზმები მოხდა - “ფუკუსიმას” ატომური სადგურის ავარია იაპონიაში, მექსიკის ყურეში “ბი-პი”-ს პლატფორმის ხანძარი, “არაბული გაზაფხულის” ამბოხებები, რამაც ევროპის ენერგომომარაგება შეაფერხა. ამ კატაკლიზმების გავლენით გამწვავდა მილსადენების კონტროლის, მათი ახალი მარშრუტების ხელმისაწვდომობისა და ეკოლოგიურად სუფთა გაზით ელექტროენერგიის სხვა წყაროების ჩანაცვლების პრობლემები. ამ ფონზე ზემოგებას “დახარბებული” ზოგი ქვეყანა, თავისი კომპანიებით, იწვევს ენერგეტიკული ბაზრების მონოპოლიზაციას და რეგიონალიზაციას, რაც გლობალური გაზის ბაზრის ფორმირებას ხელს უშლის.

სირიის ფაქტორი

სირიის კონფლიქტის მიზეზი, ერთის მხრივ, “არაბული გაზაფხულის” გამოძახილია, მეორეს მხრივ კი, გაზის გლობალური, მონოპოლიებისაგან თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების გზის ძიება. ეს გზა საქართველოზეც გადის, ვინაიდან სამხრეთ კავკასია ევროკავშირის გაზმომარაგების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი მარშრუტია, რომელიც მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენებს, “სამხრეთკავკასიურ გაზსადენს” (ბაქო-თბილისი-ერზერუმი), ასევე, მომავალი ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” (მათ შორის, “ნაბუქო-უესტი”, “ტრანსადრიატიკული გაზსადენი”, “ინტერკონექტორი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია” და “თეთრი ნაკადი”), აზერბაიჯანი-თურქეთის “ტანაპის” გაზსადენის (“სამხრეთკავკასიური გაზსადენის” გაგრძელება) და აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთის “აგრის” პროექტებს.

აზერბაიჯანის “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერის შედეგები უკვე ცნობილია: “ნაბუქო-უესტთან” კონკურენციაში გაიმარჯვა “ტრანსადრიატიკული გაზსადენის” “ტაპ” პროექტმა. შესაბამისად, ამ ტენდერის გავლენა საქართველოზე უკვე საგრძნობია. ისე, საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ კომპანიებიდან რომელი გაიმარჯვებდა, ვინაიდან “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზის ნებისმიერ შემთხვევაში გატარება, 2014 წლიდან ქვეყანას დამატებით 2 მლრდ დოლარის ინვესტიციებს მოუტანს, საიდანაც 400 მლნ დოლარს ადგილობრივი კომპანიები მიიღებენ. გარდა იმისა, რომ ინვესტიციები დადებით გავლენას დასაქმებასა და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაზე მოახდენენ, მათი განხორციელებით შექმნილი გაზსადენი გაზმომარაგებასაც გააუმჯობესებს... თბილისი “შაჰ-დენიზი 2”-ის გატარებით, პროექტის პირველივე ეტაპზე (2018 წელს დაგეგმილია 16 მლრდ კუბმეტრი გაზის ტრანზიტი) საჭირო გაზზე ხელწვდომას მიიღებს. ამასთან, ერთის მხრივ, ამერიკული ფიქლების გაზის ევროპაში იმპორტის დაწყებამ და, მეორეს მხრივ, სირიის სამოქალაქო ომმა ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელებასა და, მაშასადამე, საქართველოზეც, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედონ, თუმცა ამავდროულად, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ხელი შეუწყონ გაზის თავისუფალი გლობალური ბაზრის ჩამოყალიბებას.

ისტორიულად, გაზის საბადოები და გაზსადენები რამდენიმე ქვეყნის ხელშია თავმოყრილი. გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლების მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმში ცვლილებები იმითაა გამოწვეული, რომ ბუნებრივი გაზი მხოლოდ ახლახან, 30 წელია, გახდა საწვავის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. მისი დიდი ნაწილი (დაახლოებით, 88-90%) მომწოდებლიდან მომხმარებლამდე გრძელვადიანი კონტრაქტებით, პირდაპირ გაზსადენებით მიდის და ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმს გვერდს უვლის.

გლობალურ და რეგიონალურ პროცესებზე გაზით ვაჭრობის გავლენა, საწვავის სხვა სახეობებთან შედარებით, ნაკლებადაა შესწავლილი. ამიტომ, საინტერესოა გეოეკონომიკური წინააღმდეგობის ანალიზი გაზის ბაზრის მონოპოლიზაციის; თავისუფალი ფასწარმოქმნისა და თხევადი, ან დაჭირხლული გაზის “სპოტური” (მცირე პარტიებით გადატანა) ბაზრის განვითარების თვალსაზრისით.

ამ ორი წინააღმდეგობრივი ტრენდის შემცველი თანამედროვე გაზის ბაზარი თანდათან გამყიდველის (მონოპოლისტის) ბაზრიდან მყიდველის ბაზრად იქცევა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიწოდება, რომელიც დღეს არასაკმარისი ნამდვილად არ არის, დროთა განმავლობაში, უფრო მოიმატებს და ამას ენერგობაზრის განვითარების სამი სავარაუდო სცენარი განაპირობებს:

სცენარი პირველი, ანუ აშშ-დან ფიქლების გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება: უკვე ხდება აშშ-სთვის განკუთვნილი ინდონეზიის, ნიგერიის, ყატარის, ტრინიდადის და ტობაგოს თხევადი და დაჭირხლული გაზის ტანკერების ევროპისკენ გადამისამართება. სცენარი მეორე: ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ფიქლების გაზის მოპოვება სერიოზულ ბიზნესად გადაიქცევა, რაც რუსული გაზის ბაზრის პოზიციებს შეარყევს.

სცენარი მესამე: ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის პოლიტიკური სიტუაცია ისე განვითარდება, რომ მეტად ხელმისაწვდომი გახდება ირანის, ყატარის, ქურთისტანისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიების ჩვეულებრივი ბუნებრივი აირი. უკვე დაწყებულია ირანიდან პაკისტანისა და ინდოეთისკენ “აი-პი-აი”-ს გაზსადენის პირველი რიგის მშენებლობა. ამასთან, “საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” პროგნოზით, ყოფილი სსრკ-ს, ანუ ცენტრალური აზიის ქვეყნები, მალე აზიის ბაზრებზე ყატარს ჩაანაცვლებენ, რაც  მას ევროპის ბაზრისკენ “უბიძგებს” (2011 წლის მონაცემით, ის აზიაში 50 მლრდ კუბმეტრი აირის მიმწოდებელია). ცენტრალური აზიის ქვეყნები 2035 წლისთვის ამ ბაზრებზე გაზის უმსხვილესი ექსპორტიორები გახდებიან. დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთმა “ცენტრალურ აზიური გაზსადენით” უკვე 50 მლრდ კუბმეტრი თურქმენული გაზი შეისყიდა. 2035 წლისთვის ცენტრალური აზიიდან ექსპორტი 180 მლრდ კუბმეტრს მიაღწევს. 2015 წელს კი, სამხრეთ აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები მსოფლიოში გაზის უმსხვილესი იმპორტიორები იქნებიან. 2015 წელსვე, აზიის ქვეყნების წლიური მოთხოვნა 790 მლრდ კუბმეტრი იქნება, რაც, არსებული პროგნოზით, 2035 წლამდე 1350 მლრდ კუბმეტრამდე გაიზრდება და ამ დროისთვის აზია, გაზის მოხმარებაში, ჩამოიტოვებს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს (კანადა, მექსიკა, ჩილე).

აშშ-ს ფიქლების გაზის ევროპაში იმპორტის დაწყებამ, ანუ პირველმა სცენარმა, შესაძლოა, კასპიისპირეთში დღეს მოქმედი “ბი-პი”-ს, “ექსონმობილის”, “შევრონის”, “ტოტალისა” და სხვა დასავლური კომპანიების მხრიდან რეგიონის ნახშირწყალბადებისადმი და, შესაბამისად, “დერეფნისადმი” ინტერესი გაანელოს. მათი ინტერესის სფერო, სავარაუდოდ, აზიის ბაზრებისკენ გადაინაცვლებს.

მეორე სცენარიც რეალისტურია: საქმე ისაა, რომ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემა - ადგილობრივი ფიქლების გაზის უსაფრთხოების საკითხი გადაწყვეტილია. გამოიცა ევროკავშირის “მწვანე დოკუმენტი”, რომელიც ევროპის 2030 წლამდე კლიმატისა და ენერგეტიკის პროგნოზს მოიცავს. ენერგეტიკის ევროკომისარმა ეტინგერმა მიუთითა, რომ ფიქლების გაზი აბსოლუტურად უსაფრთხოა და მისი ევროპის ბაზარზე გამოჩენა გაზს გააიაფებს და აშშ, რომელიც ამ გაზს იყენებს, შიდა ბაზარზე, ევროპის ფასთან შედარებით, ოთხჯერ იაფად ყიდის.

მართალია, ამჟამად მესამე სცენარი ირანისა და სირიის ირგვლივ არსებულ დაძაბულობას უკავშირდება, მაგრამ სამივე სცენარი უახლოეს წლებში მაინც განხორციელდება, რაც გაზის მიწოდებას გაზრდის. თავის მხრივ ეს, ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტებთან ერთად, მონოპოლიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია მსოფლიოს უდიდესი გაზის საბადოს - ირანის “სამხრეთის ფარსის”, ანუ ყატარის “ჩრდილოეთის თაღის” (ეს საბადო ორი ქვეყნის ოფშორულ საზღვარზეა და ირანში ერთი სახელი, ყატარში კი, მეორე ჰქვია) გაზის გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი ტრანსპორტირების პრობლემის გადაწყვეტა.

არსებული ინფორმაციით, 2013 წლის თებერვალში ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სირიელ ოპოზიციონერებსა და აშშ-ს, საუდის არაბეთს, თურქეთს და ყატარს შორის ხელი მოეწერა საიდუმლო შეთანხმებას. ამ ხელშეკრულებით, ყატარს უფლება მიეცემა სირიის ტერიტორია გამოიყენოს ტრანზიტული გაზსადენის გასაყვანად ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, ანუ “ჩრდილოეთის თაღის” საბადოდან, ევროპის გაზმომარაგებისათვის. ექსპერტების აზრით, ყველაფერი ეს, სავარაუდოდ, რუსული “ნაკადების” ახალი კონკურენტული მარშრუტის გაჩენას ნიშნავს.

პარალელურად, აშშ-ში “ფიქლების რევოლუციის” გავლენით, ადრე ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი იაფი თხევადი გაზის ევროპაში იმპორტის ზრდის გამო, რუსეთს სულ უფრო უჭირს ევროკავშირის გაზის ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება. დღეს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს თხევადი გაზის ტერმინალები. ამასთან, ირანი, ნახშირწყალბადების ექსპორტზე დასავლეთის სანქციებისა და მზარდი ადგილობრივი მოპოვების პირობებში, სულ უფრო მეტად ინტერესდება თხევადი გაზის ახალი საექსპორტო მარშრუტებით.

ამ მიზნით, მოსკოვი და თეირანი, 2014 წელს, “გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის” (წევრი ქვეყნებია: ალჟირი, ბოლივია, ეგვიპტე, ეკვატორიული გვინეა, ირანი, ლიბია, ნიგერია, ომანი, ყატარი, რუსეთი, ტრინიდადი და ტობაგო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ვენესუელა. ნიდერლანდები და ნორვეგია კი, დამკვირვებლების სტატუსით სარგებლობენ. ფორუმის გენმდივანია რუსული “სტროიტრანსგაზის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლეონიდ ბოხანოვსკი) სამიტზე აპირებენ, დაამტკიცონ “ფორუმის” ახალი წესდება. ამ დოკუმენტით წევრ ქვეყნებს (“ოპეკის” მსგავსად) შესაძლებლობა მიეცემათ, მილსადენებით კი არა, მონოპოლიური ფასწარმოქმნით გააკონტროლონ გაზის გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის მოპოვების და თხევადი, ან დაჭირხლული აირის წარმოების ქვოტები და ფასები. ამით მოხდება “ფორუმის” ტრანსფორმაცია “გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციად”, ანუ “გაზ-ოპეკად”.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2006 წლის ნოემბერში, ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების მრჩეველები სამხედრო კავშირს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთის ნებისმიერ მცდელობაზე, შექმნას “ბუნებრივი აირის ოპეკი”, საწინააღმდეგო ზომები უნდა მიიღონ, რათა რუსეთმა ევროპაზე გავლენის გაძლიერება ვერ შეძლოს. მაშინ ნატო-ს ექსპერტების კონფიდენციალური კვლევის შედეგები 26 წევრი ქვეყნის ელჩებს დაეგზავნა. ნატო-ს ეკონომისტთა საბჭოს განცხადების თანახმად, რუსეთი ენერგოპოლიტიკას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად იყენებს, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. სხვათა შორის, ნიგერია, ყატარი და “ფორუმის” წევრი კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამგვარი კარტელის შექმნის იდეას მაშინვე თავშეკავებით შეხვდნენ.

ამრიგად, თუ ბოლო 2-3 წელიწადში ზემოთ განხილული აშშ-ს “ფიქლების რევოლუციის” გამო მოპოლიურიდან თხევადი-დაჭირხლული გაზის “სპოტურ” ბაზარზე გადასვლის ტენდენცია დაისახა, ახალი კარტელის წარმოქმნა გლობალურ გაზის ბაზარს ისევ იმ მონოპოლიურ “ჭაობში” დააბრუნებს, რომელიც “სპოტური” ბაზრისა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, მსოფლიოში მესამე დაზვერილი გაზის მარაგების მქონე ყატარმა აქცენტი თხევადი გაზის მიწოდების ზრდაზე გააკეთა. თხევადი გაზის ტანკერებით ექსპორტმა ეს პატარა, ახლოაღმოსავლური ქვეყანა, გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, გლობალური ენერგობაზრის დამოუკიდებელ მოთამაშედ გადააქცია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ამ ქვეყნის შემოსავლის წყაროები დიდადაა დამოკიდებული სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.

რეგიონში სრულმასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, თეირანი ორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება, ამ სრუტის გავლით მიემართებიან “ყატარგაზის” ტანკერები. ამის გამო ყატარი, საუდის არაბეთის მსგავსად, ცდილობს, განავითაროს სრუტის გვერდის ამქცევი ინფრასტრუქტურა. ამის მკაფიო მაგალითია ახლახან დასრულებული გაზსადენი გაერთიანებული საემიროებისა და ომანის გავლით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება ომანის ყურემდე იქნას მიყვანილი, მაგრამ ეს მილსადენი ყატარს, სავარაუდოდ, ორმუზის სრუტის დაკეტვით მიყენებულ ზარალს ვერ აუნაზღაურებს. ამიტომ, დაახლოებით 2008 წლიდან, ყატარის ხელისუფლება ახალ პროექტზე - ევროპისკენ მიწისზედა გაზსადენის აგებაზე ზრუნავს, რომლის რესურსები შეიძლება, „ჩრდილოეთის თაღის“ მდიდარ საბადოებში მოიძიოს. ამით ყატარი, ჯერ ერთი, „დაასწრებს“ სანქცირებულ ირანს ამ სადავო საბადოს ათვისებას. მეორეც, ევროპისკენ მიმართული გაზის დამოუკიდებელი მარშრუტის არსებობით, თავს აარიდებს ახალი კარტელის წევრობას, რომელშიც დომინანტები, სავარაუდოდ, რუსეთი და ირანი იქნებიან.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ყატარისთვის სავსებით რეალურია მიწისზედა გაზსადენის სამივე სატრანზიტო ქვეყნიდან - საუდის არაბეთი, იორდანია და სირია - მშენებლობის ნებართვის მიღება. გაზსადენით სირიისა და იორდანიის დაინტერესება აშკარაა, რადგან ისინი ნავთობისაგან განსხვავებით, გაზის დეფიციტს განიცდიან.

ამ მარშრუტის განხორციელებაში სირია მნიშვნელოვანი რგოლი კიდევ იმ მიზეზითაა, რომ მის ტერიტორიაზე შეიძლება არა მარტო ყატარის, არამედ, ეგვიპტის გაზმაც გაიაროს. ქაიროს ახალი მთავრობა, დამატებითი შემოსავლების მისაღებად, ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებითაა დაინტერესებული. ამ პროექტის წარმატების შემთხვევაში, „ძმები მუსლიმანების“ მთავრობას აღარ ეყოლება გაზის ერთადერთი მყიდველი ისრაელი, თავს აარიდებს ეგვიპტე-ისრაელის გაზსადენის გაუთავებელ აფეთქებებს და აღარ მოუწევს ამ ქვეყანაში იაფი გაზის ექსპორტისთვის მუდმივად თავის მართლება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ დოჰასა და ქაიროს შორის, სირიის ოპოზიციის მხრდაჭერის საკითხში, სრული ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა.

სირიის გავლით, თავისი ნახშირწყალბადების ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე მიტანის ყატარის მსგავსი გეგმები აქვს ირანსაც, მაგრამ აქცენტს სირიის ახლანდელ კლანზე აკეთებს. ერაყის ჰუსეინის მტრული რეჟიმის დამხობის შემდეგ, თეირანს გაუჩნდა მმართველი ნური ალ-მალიქის შიიტური მთავრობის იმედი, რათა ერაყის გავლით სირიაში გადაამისამართოს თავისი ნახშირწყალბადები, რითიც მას მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა ექმნება. ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე თავისი გაზის მიყვანით ირანს შანსი უჩნდება, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, თავისი ენერგომატარებლების რეალიზაცია მესამე, ან მეოთხე ხელის შუამავლობით მოახერხოს.

ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2011 წლის ივლისში, ირანს, ერაყსა და სირიას შორის გაფორმდა წლიურად 40 მლრდ კუბმეტრის სიმძლავრის, 10 მლრდ დოლარად ღირებული “მეგობრობის გაზსადენის” მშენებლობის მემორანდუმი. ამ გაზსადენის ირგვლივ კონკრეტული სამმხრივი “ჩარჩო ხელშეკრულება” კი, 2013 წლის თებერვლის ბოლოს იქნა ხელმოწერილი.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის შელფზე გაზის საბადოების მქონე ისრაელი (რომელზეც რუსეთს ბოლო დროს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები გაუჩნდა) შესაძლოა, რუსეთ-სირია-ერაყ-ირანის გაზის კონსორციუმის პოტენციურ წევრად წარმოვიდგინოთ. სავარაუდოდ, ისრაელს ამ კონსორციუმით თავისი გაზის ევროპაში თურქეთის გვერდის ამქცევი მარშრუტით ტრანსპორტირების იმედი აქვს.

თურქეთმა შეიძლება, ბევრად უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს ირანული გაზის სირიის გავლით ტრანსპორტირებაში. ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ეს პოტენციური ალტერნატივა ანკარამ შესაძლოა, ისე გამოიყენოს როგორც, “საჯილდაო ქვა” ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელთან მიმდინარე მრავალწლიან დაპირისპირებაში. ამასთან, თურქეთზე სირიის კონფლიქტის ნეგატიური ზეგავლენა, სავარაუდოდ, მისი მხრიდან შეასუსტებს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთის “აგრის” პროექტისადმი ოპონირებას. ამიტომაც არსებობს შანსი, რომ “აგრის” განხორციელება, რომელიც დამტკიცებულ გრაფიკს ნახევარი წლით ჩამორჩება, დაჩქარდეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ აზერბაიჯან-თურქეთის “ტანაპის” პროექტის წარმატების ფონზე, ამჯერად აზერბაიჯანში შენელდეს “აგრისადმი” ინტერესი. ამ ინტერესის შენელების სავარაუდო გამოხატულება ის იქნება, რომ ჩვენს ხელთარსებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ბრიტანელების მიერ მომზადებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში, ადრე შეთანხმებული მარშრუტი - “სოკარის” ყულევის ტერმინალი-კონსტანცა ახალი მარშრუტით - ფოთი (საქართველო)-მიდია (რუმინეთი) იცვლება.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული პროცესების აქტუალიზაციის გამო, იცვლება აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. კერძოდ, “ფიქლების რევოლუციის” დაწყების შემდეგ, ვაშინგტონის ინტერესები რეგიონის მიმართ, თანდათან ნაკლებად დაუკავშირდება ენერგეტიკას.

ამრიგად, 2014 წლისთვის, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება გაზის გლობალური ბაზრის კარტელური მონოპოლია, რითიც გლობალური გაზის ბაზარი კვლავ გამყიდველის ბაზრის სახეს მიიღებს. პროდასავლურ ყატარსა და საუდის არაბეთს მასში გაწევრიანება არ სურთ და ცდილობენ, “ჩრდილოეთ თაღის” საბადოდან, სირიისა და იორდანიის გავლით, ახალი გაზსადენი ააგონ.

კარტელის შექმნა, ასევე, დააჩქარებს ირანის “სამხრეთ ფარსიდან”, ერაყისა და იგივე სირიის გავლით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ, “მეგობრობის გაზსადენის” აგებას. ამით კარტელის მომხრეები ყატარის და საუდის არაბეთის ახალი გაზსადენის აგების შეფერხებას შეეცდებიან. მოსკოვი, სავარაუდოდ, “ოგეც” -ის იდეის მომხრეა, რაც განხეთქილებას შეიტანს “გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმში”. ამას კი, სავარაუდოდ, ყატარის და მისი მხარდამჭერების მიერ “ფორუმის” დატოვება და გაზის ბაზრების დამოუკიდებელი წვდომის გზების ძიების აქტუალიზაცია მოჰყვეს.

ზემოაღნიშნულის გამო, ახლო აღმოსავლეთის გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების ცენტრში მყოფი სირიის ტერიტორიაზე დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, რაც რუსეთის ინტერესებშიც შედის. ვიდრე ყატარი, თურქეთი, ირანი და ევროკავშირი სირიის საკითხზე ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევენ, „გაზპრომი“ აგრძელებს თავის მეგაპროექტებს - „ჩრდილოეთის ნაკადს“ (მიმდინარეობს მესამე და მეოთხე მილების დამატებაზე მსჯელობა) და „სამხრეთის ნაკადს“ (წყალქვეშა სექციის მშენებლობა ახლა იწყება).

ამასთან, თუკი რუსეთი ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების განხორციელებამდე თავისი მილსადენების აგებას მოახერხებს, ევროპის ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს, რაც მისი ბიუჯეტის შევსებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. ამიტომ, მოსკოვის პოზიციაა სირიის კონფლიქტის დაკონსერვება პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“.

თუ ახლო აღმოსავლეთში მოვლენები ზემოაღნიშნული სცენარებით განვითარდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაცია 2014 წლის შემდეგაცაა მოსალოდნელი, რაც უკავშირდება გაზის კარტელური მონოპოლის - “ოგეც”-ის შექმნას. მისი შექმნისა და “მეგობრობის გაზსადენის” მშენებლობის ჩასაშლელად ყატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ევროკავშირი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას. ამასთან, ყატარის “ჩრდილოეთ თაღის” გაზსადენის ზემოგანხილული პროექტის განხორციელება, ასევე, გაზის კარტელის საწინააღმდეგო და მისი გლობალური ბაზრის შექმნისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. ექსპერტების აზრით, თურქეთის სირიის მოვლენებში ჩართულობამ შეიძლება, შეაფერხოს აზერბაიჯან-თურქეთის “ტანაპის” გაზსადენის პროექტი და სტიმული მისცეს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთის “აგრის” პროექტის იმპლემენტაციას.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვაშინგტონს თავისი ფიქლების ნავთობისა და გაზის ექსპორტის, სავარაუდოდ, 2016-2020 წლებში დაწყების კვალობაზე, უფრო ნაკლებად დააინტერესებს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის (მაშასადამე, “სამხრეთის გაზის დერეფნის”, როგორც მისი სატრანზიტო მარშრუტის) რეგიონების გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ “სამხრეთის გაზის დერეფანს” ე.წ. არატრადიციული გაზის რესურსების განვითარებაც ემუქრება.

ევროპაში ფიქლების გაზის ადგილობრივი მოპოვება და “სამხრეთის გაზის დერეფნის” მნიშვნელობის შემცირება ნეგატიურად აისახება საქართველოზე, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ პოზიტიურია სომხეთისთვის. აზერბაიჯანისა და საქართველოს მცდელობები, ამ დერეფნით მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები, საკამათო არასდროს ყოფილა, თუმცა სომხეთის დაინტერესება ფიქლების გაზის მოპოვებაში განპირობებულია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, ეკონომიკური მოსაზრებებითაც. მეცნიერულად დასაბუთებულია სომხეთში ე.წ. ფიქლების ფისის დიდი მარაგის არსებობა. 

2011 წლის ივნისის დასაწყისში, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრსა და ამ ქვეყანაში აშშ-ს ელჩს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური სომხეთს ამ სახის საწვავის ძიება-მოპოვებაში დაეხმარება. იმავე წლის აგვისტოში, სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ბრიტანეთის მენის კუნძულზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიასთან გააფორმა მემორანდუმი - ამ კომპანიამ სომხეთში ფიქლების გაზის დაზვერვა და შეფასება უნდა მოახდინოს...

2012 წლის დეკემბერში, სომხეთის მთავრობამ შვეიცარულ კომპანია “ინტეგრალ პეტროლიუმს” ქვეყანაში ნავთობისა და გაზის დაზვერვის ნებართვა მისცა. ამ კომპანიის აქციების 95%-ის მფლობელი ბუქარესტში დარეგისტრირებული ამერიკულ-რუმინული კომპანია “ინტეგრალია”. ასევე, გაფორმდა პროდუქციის გაყოფის ხელშეკრულებაც იმ შემთხვევისთვის, თუკი ნახშირწყალბადების სამრეწველო მარაგების აღმოჩენა მოხდება. ადრე სომხეთს ამ კომპანიასთან ბიზნესურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ურთიერთობა ბულგარეთსა და რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ეხებოდა. ეს ფირმა წარმატებით მუშაობს თურქეთში, ალბანეთში, საბერძნეთსა და დსთ-ს ქვეყნებშიც...

გასულ ორ წელში, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა სოფელ არამუსთან 44 მლნ ტონა ფიქლების საწვავის მარაგი აღმოაჩინეს. ასევე, მნიშვნელოვანი მარაგებია იჯევანის, შამუტის, ჯერმანისის და დილიჟანის რაიონებში. ოქტომბერიანის რაიონში, 3.5 კმ სიღრმეზე აღმოჩენილია ჩვეულებრივი ბუნებრივი გაზის საბადო. არმავირის რაიონში მდებარე სოფელ ვარანდთან, კანადური კომპანია “ტიმ ენერჯის” სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 3 მლრდ კუბმეტრის რეზერვის მქონე ბუნებრივი გაზის საბადო. კანადური კომპანია “ვანგოლდისა” და ირლანდიური ფირმა “ბლექსტაირს ენერჯის” სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიუნიკის, ვაიოც ძორეს და გეგარკუნიკის მიდამოებში იმდენი ნავთობია, რომ სამრეწველო მოპოვების დაწყება შეიძლება. პრობლემურია მხოლოდ მისი ამოღების ღირებულების საკითხი.

მართალია, ჯერ სერიოზულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში ენერგორესურსების მოპოვების დაწყების შემთხვევაში, შეიცვლება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ბალანსი. დასავლეთს ხელს აძლევს ერევნის დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკა, რითიც სომხეთი შეზღუდავს ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის ზემოქმედების ბერკეტებს. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდა სომხეთს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.