საკრებულოს  უმრავლესობის  წევრებმა 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის  წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.  დეპუტატებმა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით  გვიან ღამით შეამკეს. მათ 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ამ დღეს დაღუპული გმირების მიერ სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში  შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.

როგორც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, 25 წლის წინ, 9 აპრილს ქართველებს განსაკუთრებულად  უყვარდათ ერთმანეთი და იყვნენ სამაგალითოდ ერთიანნი საკუთარი ქვეყნის მომავლის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ დღეს საქართველომ მსხვერპლი გაიღო მაგრამ გამარჯვება მოვიპოვა, ახლა კი ჩვენი ვალია ეს გამარჯვება დავიცვათ და გავუფრთხილდეთ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  ჯაბა სამუშიამ, 9 აპრილს  ის ქვაკუთხედი უწოდა, საიდანაც  საქართველოში ყველაზე დიდი მოძრაობა დაიწყო რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გულისხმობდა. საკრებულოს წევრის განცხადებით 9 აპრილის შემდეგ საქართველოში აღარ არსებობდა  ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა ეთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა მოეპოვებინა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.