სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩათ. მათთვის აღარც გადასარეკი ტრასებია, აღარც ზამთრის სადგომები, აღარც მწყემსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. საბოლოო ჯამში კი, გაიზარდა ცხვრის ფასი, ხოლო ექსპორტი კი მკვეთრად შემცირდა.

მეცხვარეები გადასარეკი ტრასის არარსებობაზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მიწების პრივატიზაციის პროცესში შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ დატოვეს გადასარეკი ტრასის ტერიტორია და ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული მიწების საკუთრებაში გაიფორმა. ამიტომაც გადასარეკი ტრასა, რომელზეც მეცხვარეები წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოძრაობენ, კერძო პირების საკუთრებაშია, რაც მათ დიდ პრობლემებს უქმნის.

ყაზბეგის მცხოვრები, მეცხვარე ვაჟა ელოშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც 1994 წელს ზამთრის საძოვრები ყაზბეგს ჩამოერთვა და რუსთავს გადაეცა, რაიონი საძოვრების გარეშე დარჩა, რუსთავს მიკუთვნებული ტერიტორია კი დღემდე აუთვისებელია. 

რაც შეეხება ცხვრების გადასარეკ გზებს, ელოშვილის ინფორმაციით, რუსთავიდან ყაზბეგამდე გზები საერთოდ არ არსებობს. ცხვრებს და მწყემსებს მოძრაობა, ძირითადად,  მანქანებთან ერთად უწევთ, რაც ძალიან პრობლემური და საშიშია. მეცხვარე ასევე ამბობს, რომ იალბუზის საძოვრებზე წყლის პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია, რადგან ის ნახევრად უდაბნოა. მეცხვარეები წყალს ყიდულობენ და ცისტერნებით ინახავენ.

ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის მირიან წიკლაურის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის მუშაობაში რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაერთვება და პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა დაიწყება.

საქართველოში ცხვრის გადასარეკ ტრასაზე, რომელიც ოთხ რეგიონსა და 18 მუნიციპალიტეტს კვეთს, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაკვეთით კომპანია „GF კაპიტალმა“ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში კვლევა ჩაატარა, რომელშიც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეტალურადაა გაწერილი. „GF კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ივერი ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გადასარეკი გზების პროექტში ყველაფერი პუნქტების მიხედვითაა გაწერილი.

„ზოგადად არის ცხვრის გასაბანებლები, ბეზობარიერები, ღობეები, ვეტერინარული პუნქტები. არის კონკრეტული ადგილისთვის განკუთვნილი ჭაბურღილები, არხები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდებიც კი გვაქვს რამდენიმე ადგილას მონიშნული. მწყემსებისთვის ასევე სპეციალური მანიშნებლებიცაა. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მოხდეს საქონლის დეზინფექცია და მოვლა-პატრონობა“, -  აცხადებს ქუცნაშვილი.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, უცხოეთის ბაზრებზე ქართულ ცხვარზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მცირდება იმიტომ, რომ უამრავი პრობლემა მოუგვარებელია. საბოლოოდ, ცოცხალი პირუტყვის ფასი იზრდება. მაგალითად, ახლა 1 ცხვრის თვითღირებულება დაახლოებით 110 ლარია.

დაბალი ფასის გამო, ქართული ცხვარი ნაწილობრივ სომხურმაც ჩაანაცვლა, რომელიც ბოლო წლებია, საქართველოდან რეექსპორტზე აქტიურად გადის.

„სომხებს ცხვარი საქართველოში ჩამოჰყავთ, ქართულად ასაღებენ და მის რეექსპორტს ირანსა და იორდანიაში ახორციელებენ. მიზეზი კი ის არის, რომ მეზობელ ქვეყანაში სერიოზული დაავადებები დაფიქსირდა და იქიდან ცოცხალი საქონლის შეყვანა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია“, - განმარტავს გონაშვილი.

გონაშვილი ქართულ ცხვარზე ინტერესის შემცირებას ცოცხალ წონაზე არსებული არაკონკურენტული ფასების არსებობით ხსნის.

„სხვა ქვეყნებში ცოცხალი წონის ფასი 2 დოლარია, ჩვენთან - 3,5 დოლარი, თვითღირებულებაში დიდ როლს თამაშობს საძოვრებზე არსებული გადასახადი, რომელიც ჰექტარზე 15-16 ლარით განისაზღვრება და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მეცხვარეთა 70%-ს არ გააჩნია საკუთარი საძოვრები. გარდა ამისა, არსებობს ლოგისტიკური პრობლემებიც, რაც ფასზეც აისახება“, -განმარტავს გონაშვილი.

ეკონომიკისა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ამჟამად განიხილავს მიწის სახელმწიფო ფონდიდან კლასტერების გამოყოფის საკითხს, სადაც მოეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის საძოვრები. აგრეთვე მოგვარდება გადასარეკი ტრასების პრობლემაც. მთის მოსახლეობისთვის ცხვრის მოშენების მიზნით მინიგრანტების გამოყოფის შესაძლებლობაც განიხილება. გადაწყდა დარგის განვითარების პროგრამის მომზადება, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს.