საქართველოს განვითარების ბანკი - სიახლე თუ დაბრუნება წარსულში

საქართველოს განვითარების ბანკი - სიახლე თუ დაბრუნება წარსულში

„სახელმწიფო ბანკის“, ანუ საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შესახებ ინფორმაცია ოფიცილურად დადასტურდა. ახალი ორგანიზაცია წლის ბოლომდე შეიქმნება და იგი არ იქნება წმინდა წყლის კომერციული ტიპის სტრუქტურა. ექსპერტები ახალ ექსპერიმენტს ეჭვის თვალით უყურებენ.

გავცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, შესაძლოა, 7 წლის ვადით ამ „სახელმწიფო ბანკის“ პრეზიდენტი გახდეს. თავად დეპუტატი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა მისი სურვილი პოლიტიკიდან წასვლის და სხვა სფეროში გადანაცვლების შესახებ ამ ცნობას დამაჯერებლობას მატებს.

„სახელმწიფო ბანკი“ პროექტებში მონაწილეობას მიიღებს როგორც კაპიტალში მონაწილეობით, ისე პროექტების დაკრედიტებით. ბანკს არ ექნება დეპოზიტების მიღების უფლება და ის სესხებსაც არ გასცემს კომერციული ბანკებისთვის.

პროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული და შემდგომი პროცედურა მისი პარლამენტში გადაგზავნა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მთავრობა პარლამენტიდან უკან გამოიწვევს კანონპროექტს „სუვერენული ფონდის“ შესახებ, რომელიც ასევე საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

როგორც საგანელიძე აცხადებს, საქართველოს განვითარების ბანკის საქმიანობას ცალკე კანონი დაარეგულირებს, რაზეც კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა. ბანკი კი წლის ბოლომდე ამოქმედდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, განვითარების ბანკი მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ბანკი და მისი მთავარი ფუნქციაა სტრატეგიული სახელმწიფო მიმართულებებისა და ინოვაციების დაფინანსება, რომელსაც კომერციული ბანკები არ აფინანსებენ. „საუბარია კომერციულად დაბალმომგებიან პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც განმარტავს, რომ ეს არ იქნება კომერციული ბანკი და მხოლოდ სპეციალურ პროექტებზე იმუშავებს. „სახელმწიფო ბანკი“ საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება და მისი მისია იგივე იქნება, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს. კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიის მოგების ინვესტირება სახელმწიფოს მიერ სტრატეგიულად მიჩნეულ დარგებში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, წარმოება და ა.შ.).

დავით საგანელიძეც ადასტურებს, რომ ბანკი ორიენტირებული იქნება, რაც შეიძლება მეტი ფინანსები მოიზიდოს. „ორი დღის წინ დავბრუნდი ჩინეთიდან, სადაც ჩინეთის განვითარების ბანკთან მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. ჩინურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, განახორციელოს გარკვეული ფინანსური ინვესტიციები, რაც გამოყენებული იქნება საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტად დავით საგანელიძის დანიშვნის შესახებ, უმრავლესობის ლიდერი „კომერსანტთან“ საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება ამ ეტაპზე არ ჰქონია. როგორც საგანელიძე აცხადებს, პრემიერ–მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ ჯგუფთან ერთად, თავიდანვე ჩართულია იმ მუშა პროცესში, რასაც ბანკის ფუნქციების განსაზღვრა და კონცეფციის შემუშავება მოითხოვს. უმრავლესობის ლიდერის ვარაუდით, სწორედ ამ მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ მედიაში ის განვითარების ბანკის პრეზიდენტად მოიაზრეს.

ექსპერტებმა უკვე მოასწრეს და შეაფასეს ე.წ. სახელმწიფო ბანკის პროექტი. „მთავრობა ბანკს ქმნის! ეს წარსულში დაბრუნებაა“, - აცხადებს რომან გოცირძე, რომელიც რამდენიმე წელი მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და მან კარგად უწყის ასეთი სტრუქტურის ფუნქციებისა თუ შესაძლებლობების შესახებ.

გოცირიძის აზრით, ამით მოხდება იმ ზღვრის გადალახვა, რომლის შემდეგ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას თამამად შეიძლება ვუწოდოთ სოციალისტური.

„ბიუჯეტის, ხალხის ფულით სახელმწიფო ბანკის შექმნა ყველაზე უაზრო ინიციატივაა, რაც კი ბოლო პერიოდში გახმოვანებულა. ბიუჯეტი ვალებითაა ამოკერილი. მხოლოდ შიდა ვალმა 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ძველი ვალების გარეშე. სად გაგონილა სესხით ბანკის შექმნა და ამ ფულის განიავება? ასე ემართება სახლმწიფო ქონებას. შედეგი იქნება მძიმე“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.