ბიზნესმენ ლევან ვასაძის მწვავე კრიტიკას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ბიზნესმენი არსებული ხელისუფლების მხარდამჭერად ითვლება. იგი სამთავრობო გუნდთან თანამშრომლობს, მათთან ერთობლივად პროექტებსაც ახორციელებს და იმავდროულად სუსხიან კრიტიკასაც არ ერიდება.
ვასაძის პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც, თუმცა მათ ბიზნესმენის მხილება გაუპროტესტებლად მიიღეს. უმრავლესობის დეპუტატები ეთანხმებიან მას, რომ ბიზნესში სამართლიანობის აღდგენის ნიშან-წყალიც კი არ შეინიშნება.
უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ზოგადად სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით პროგრესი აქვს, მაგრამ დაზარალებული ბიზნესმენების საქმეებში კი წინსვლა არ არის.
როგორც ქუცნაშვილი აღნიშნავს, ფინანსური მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას უჭირს აიღოს ვალდებულება საკუთარ თავზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან დაზარალებული ბიზნესმენებისთვის კომპენსაციის საკითხზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევა სხვადასხვა ფორმით განხორციელდა და ამ ყველაფრის შესასწავლად შესაბამისი ჯგუფია შესაქმნელი.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაიდაჭრას. „სჯობს, ჩვენი ხელისუფლება ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების საკითხს შეეწიროს, ვიდრე ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაიდგას“, - აღნიშნა ფოფხაძემ და აქვე დასძინა, რომ ეს პროცესი არ იქნება მარტივი, რადგან გადაწყვეტილებების მიღება რისკთან არის დაკავშირებული. კარგად უნდა გაირკვეს რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა როგორც სახელმწიფოს ფინანსურ სტაბილურობას, ასევე სამართლებრივ - ინსტიტუციურ მხარეს.
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი კი დაზარალებული ბიზნესმენების პრობლემიდან გამოსავალს რატომღაც ვერ ხედავს. „ეს თემა ურთულესი ჩიხია, მე ამ საკითხზე პასუხი არ მაქვს!“, - განუცხადა „კომერსანტს“ ოქრიაშვილმა.
სამართლიანობის აღდგენა კახა ოქრიაშვილისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ეს უნდა ეხებოდეს არა მარტო ქონებაჩამორთმეულებს, არამედ იმ ბიზნესმენებსაც, რომლებსაც ე.წ. წართმეული ქონება სამართლიანად აქვთ შეძენილი.
„ძალიან რთული საკითხია. მთავარია, სამართლიანობა არ დაირღვეს არც ერთ შემთხვევაში, რადგან შეიძლება ადამიანი მშიერი იყოს, მაგრამ ცხოვრობდეს სამართლიან საზოგადოებაში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნას, ოქრიაშვილის მიიჩნევს, რომ მსგავი კომისიები ამ საქმეში ვერაფერს შეცვლის. ამისათვის მუშაობისთვის პროკურატურაც საკმარისია. ბიზნესმენს ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ტიპის კომისიებმა პროკურატურის საქმიანობა ამ მიმართულებით დააჩქაროს.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ხელისუფლება სამართლიანობის აღდეგნის გაჭიანურებაში პირველად ამხილა. ბიზნესმენის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩვენი საზოგადოება უკვე წელიწადნახევარია ელოდება:
„330 000 - ეს არის ციფრი სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში დაპატიმრებული ადამიანებისა. იგი ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში პირველ, სამარცხვინო ადგილზე ამყოფებს. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%, ქართული ეთნოსის დაახლოებით 10% და სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%. ამდენი ხალხი, თავისი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ციხეში 9 წელიწადში არ ჩაუყრია მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ხელისუფლებას“, - აცხადებს ვასაძე.
მისივე განცხადებით, ახალი ხელისუფლება ვერ შეძლებს ეკონომიკის წინ წაწევას, ქვეყანაში ჯანსაღი კულტურული პროცესების სტიმულირებას, გადაშენების პირას მისული ეროვნების შობადობის გაზრდას თუ არ გააჩენს სამართლიანობის განცდას მოქალაქეში.
„ახალ ხელისუფალთ კერძო და საჯარო საუბრებში არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ფული, რომ დაუბრუნოს ამ გაწეწილ და დაჩაგრულ ხალხს. ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვით, ქართველი ხალხისათვის ფული არ არის მთავარი. ბოდიში მაინც მოუხადონ მათ სახელმწიფოს სახელით.
აიღონ და ყველა ის პოლიტიკოსი, მოსამართლე, პროკურორი და ბადრაგი გაასამართლონ კანონით, ვინც ამას სჩადიოდა, მათი უკანონო ქონების კონფისკაცია მოახდინონ და რამდენსაც შეძლებენ, იმდენი კომპენსაცია მისცენ ხალხს. სხვა სახის კომპენსაციებიც მოიფიქრონ: მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის კომისია შექმნან, რომელშიც შევლენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი და შეიმუშაონ სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა, ანუ აიყვანონ ეს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით.
რეჟიმის მსხვერპლთ სიცოცხლის ბოლომდე საგადასახადო და სამედიცინო შეღავათები დაუწესონ და ა.შ. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენი ზოგიერთი მოხელის გასაგონად ვიტყვი: ეს იქნება არა სახელმწიფოს ხარჯი, არამედ სახელმწიფოს მოგება, რადგან წელში გამართული, რეაბილიტირებული მოქალაქე მეტს შეიტანს იმ ბიუჯეტში, რომლითაც სახელმწიფო იკვებება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც გვესმის, ამდენს ჩვენი სასამართლო ვერ მოერევაო“, - ამბობს ვასაძე.
„ფული რა საჭიროა იმ აქტივის შემთხვევაში, რომელიც ერთს წაართვეს და მეორეს გადაუფორმეს?! დაუბრუნეთ ძველ მფლობელს! საარბიტრაჟო კომისია მაინც შექმენით, მიწითა და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სხვა აქტივებით მაინც გაუკეთეთ ხალხს ნაწილობრივი კომპენსაცია, პროცესის დასაწყისი მაინც დაგვანახეთ! ვინ არ გაიგებს, რომ ამას დრო სჭირდება, ვინ არ გაიგებს, რომ კომპრომისები საჭიროა ყველა მხრიდან?
ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწადნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება? რა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს აშენებაზე ვსაუბრობთ ამ ვითარებაში? რა არის საერთოდ ინვესტორი? 20 წლის განმავლობაში 10 უცხოელი ინვესტორი მაინც ჩამოგვითვალეთ, რომლის უკანაც სინამდვილეში ქართველი არ დგას, რომელმაც მთელ მსოფლიოში იწვალა, წელებზე ფეხი დაიდგა, თავის სამშობლოში კაპიტალი და გამოცდილება ჩამოიტანა, არა იმიტომ, რომ სხვაგან მეტს ვერ იშოვიდა და ქართველზე დაუზარელ და მადლიერ თანამშრომლებს ვერსად იპოვიდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე უფრო მას ეს ქვეყანა უყვარს.
და მას აქ დახვდნენ ეს მანქურთები, გაწეწეს და ახლა ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი პროკურორია, ზოგი კი უცხოეთში ბაირამობს. ეგ ათი ათასი კაცია თქვენი ხერხემალი, ეროვნული ენერგიის ლოკომოტივი და ასე უნდა მიაგდოთ ისინი?! აბა, რისთვის აგირჩიეს?!“ - დასძინა ვასაძემ.