ექსპერტები მთავრობას ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალ გეგმას სთავაზობენ

ექსპერტები მთავრობას ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალ გეგმას სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ხელისუფლებას ხუდონჰესის საკითხის გადასაჭრელად კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს. ექსპერტების ინიციატიავა ხუდონჰესის პროექტის ორ ეტაპად განხორციელებას გულისხმობს. პირველ ეტაპზე, ანუ ობიექტის მშენებლობის პერიოდში ხაიშელებს გასახლების ნაცვლად მშენებლობაზე დაასაქმებენ, მომდევნო ეტაპზე, ანუ 6 წლის შემდეგ კი, ინვესტორი მათ კუთვნილ საკარმიდამო მიწებს საბაზრო ფასად გამოისყიდის.

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს არაორდინალური გადაწყვეტილება ამ პროექტის მასშტაბურობის და სპეციფიკურობის გათვალისწინებით და გაიცეს მშენებლობის ნებართვა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც უკვე ჩატარებულია აზომვითი სამუშაოები. ის ადამიანები, ვისი საკარმიდამო ნაკვეთებიც მოქცეულია დღემდე აუზომავ 155 ჰექტარ მიწის ფართობზე და ხაიშში ცხოვრობს, აქტიურად უნდა ჩერთონ ხუდონის კასკადის მშენებლობის პროცესში და მიიღონ სოლიდური ანაზღაურება. მშენებლობის 6-წლიანი ფაზის დასრულების შემდეგ კი ინვესტორმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ გამოისყიდის საბაზრო ფასით ამ 155 ჰექტარ მიწას“, - აცხადებს „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.

ექსპერტის ინფორმაციით, დღეისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მზად არის, მიწის აზომვითი სამუშაოები პროექტისთვის საჭირო ფართობის 90%-ზე უკვე დასრულებულია, 155 ჰექტარის აზომვის პრობლემა კი იმიტომ შეიქმნა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება ამ დრომდე ვერ უზრუნველყო.

კალანდაძე მიიჩნევს, რომ მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით მთავრობის პასიური პოლიტიკა ხელს უშლის ხუდონის და აჭარის წყალზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას.

„ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ერთხელ და სამუდამოდ თქვას, ახორციელებს, თუ არა. მსხვილი ენერგოპროექტები, კერძოდ, ჰიდრორესურსების გამოყენება ვინმეს ახირება ან კაპრიზი არ არის, არც ამაზე საუბარია თვითმიზანი. ენერგოპოტენციალის ათვისება არის ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც ქვეყანაში იქნება ძალიან ბევრი პრობლემა. პირველი, ეს დაკავშირებულია უცხოური ინვესტიციების შემოსვლასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან. საექსპორტო სიმძლავრეების მატებასთან და ახალის სამუშაო ადგილების შექმნასთან. მეორე - ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განმარტავს ლევან კალანდაძე და აღნიშნავს, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება და „გაყინვა“ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზეც აისახება.

„მთავრობის მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ მასშტაბის საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით პირდაპირი ნეგატიური გზავნილია იმ ინვესტორებისთვის, ვინც ხვალ და ზეგ აპირებენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას“, - განმარტავენ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ წარმომადგენლები.

ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი კი ვარაუდობს, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის შესახებ მაჩვენებლები გაუარესდება.

„ხუდონის პროექტის განხორციელების დროს კარგად გამოჩნდება, რას უნდა ელოდოს პოტენციური ინვესტორი საქართველოს მთავრობისგან - მუდმივად გარკვეული ტიპის განცხადებებსა და გადავადებებს, თუ მხარდაჭერას იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც საქართველოში მოქმედებს. ხუდონის პროექტი არის მრავალი პროექტის გზამკვლევი საქართველოში და მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ბედს დადებითის ან უარყოფითისკენ“, - აცხადებს აბაშიშვილი.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე კი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხების კონტექსტში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, გარემოსდაცვითი კუთხით კონკრეტული ადამიანები, რატომღაც, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკრიტიკებენ და ქვეყანაში არსებული სხვა ეკოლოგიური პრობლემები ნაკლებად აღელვებთ.

„ხუდონის პროექტის მომხრეებს ხშირად გვაბრალებენ, რომ ხეებს, ჰაერს, კულტურას ვებრძვით, სვანური დიალექტის და მიცვალებულის დატირების ტრადიციის - ზარის გაქრობა გვსურს, ეს კამპანიური ხასიათი აბსოლუტურად ყველა პროექტს გაჰყვება, მაგალითად, „თბილისი პანორამას“ უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები. განვითარების წინააღმდეგ აქტიური ჯგუფები მოქმედებენ და ეს შემთხვევით არ ხდება. ამიტომ არის საჭირო მთავრობისგან სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები - ყველა პროექტი დროულად უნდა განხორციელდეს“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

 „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ წარმომადგენელი ექსპერტები ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მოწინააღმდეგეთა ქმედებებს მართულ პროცესს უწოდებს. მათი განმარტებით, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ნიშნავს, რაც, რუსეთის ახალ ენერგეტიკულ დოქტრინას ეწინააღმდეგება, რომელიც, თავის მხრივ, ენერგორესურსების ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაყიდვას ითვალისწინებს.

„ადამიანთა გარკვეული კატეგორია ცალსახად იბრძვის ჰესების წინააღმდეგ და არაფერს ამბობს თბოლექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოტანილ გაზზე მუშაობს. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი პოზიცია და კონკრეტული კამპანიები რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის პოლიტიკის ერთგვარი გაგრძელებაა“, - განმარტავენ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ წარმომადგენლები.