„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით (70 ხმით 2-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა. ოპოზიცია აღნიშნული კანონის გამო საეჭვოდ ნერვიულობს, არასამთავრობო სექტორი - ნაკლებად, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს.
კანონპროეტის განხილვამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატთა შორის დაპირისპირება გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძემ აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ქვეყანაში განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს.
„ფინანსური მონიტორინგის გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია, თითოეული მოქალაქის, ბიზნესორგანიზაციის ანგარიში გააკონტროლოს, ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა და ამისთვის აღარ დასჭირდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ამ ტიპის ინფორმაციით, განსაკუთრებით ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხლაძეა დაინტერესებული.
„ფარცხალაძეს, რომელსაც, ფაქტობრივად, დაქვემდებარებული ჰყავს პროკურატურა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო უწყება და ახლა გინდათ, ფინანსური მონტორინგის სამსახურის მეშვეობით სრულიწვდომა ჰქონდეს რა გადარიცხვები კეთდება ქვეყანაში?“, - აღშფოთდა ვაშაძე.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლას აკრიტიკებს უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე. მისი განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოხვედრისას ავტომატურად გადავა საბიუჯეტო დაფინანსებაზე. შესაბამისად, უწყება ფინანსურ დამოუკიდებლობას დაკარგავს.
„ბატონი დავითი, პარლამენტის მოწვევის დღიდან, დაკავებულია ეროვნული ბანკის გამოშიგვნით - სხვადასხვა ფუნქციების ჩამორთმევით. ეროვნულ ბანკს უკვე გამოეყო ფასიან ქაღალდებზე, საინვესტიცო ფონდებსა და სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობები. ამ საკითხზე უმცირესობა პრეტენზიას არ გამოთქვამს. მე თვითონ მიზეზი არაერთხელ ვიკითხე, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. ეს ბოლო კი სერიოზული ამბავია, რადგან დაანგრევს საფინანსო ინსტიტუტების სისტემაზე ზედამხედველობის არქიტექტურას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
დეპუტატის თქმით, კანონპროექტის ეფექტურობა დაუსაბუთებელია და მისი მიზანია „ერთ რუს ოლიგარქს“ საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ გადარიცხვებზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებს წარმოშობს.
ჯაფარიძემ მოითხოვა, კანონპროექტი რეკომენდაციებისთვის ევროსაბჭოს ყველაზე ავტორიტეტულ სტრუქტურას, მანი ვალის გადაეგზავნოს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე თავის დროზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა.
„თუ ევროსაბჭო გვეტყვის, რომ ფინანსური მონიტორინგი ასე უკეთესად იმუშავებს, მაშინ ხმას არ ამოვიღებთ. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეამცირებს საფინანსო სისტემის სანდოობას და საინვესტიციო მიმზიდველობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პროექტის ავტორი, დავით ონოფრიშვილი კი უმცირესობის განცხადებების „ნაციონალების“ მორიგ „დემაგოგიას“ უწოდებს და ირწმუნება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური პრემიერს ძალიან ბევრ ქვეყანაში ექვემდებარება.
„თქვენ მოსახლეობა შეცდომაში შეგყავთ“, - მიმართა ონოფრიშვილმა უმცირესობის წევრებს, - „ახლაც, ცვლილებების გარეშე, მონიტორინგის ხელმძღვანელს პრემიერი ამტკიცებს. ჩვენ კანონი ევროკავშირთან შესაბამისობაში მოგვყავს. ეროვნულ ბანკს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იტალიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექვემდებარება“.
მისი თქმით, უწყება აღნიშნული ფორმით ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ჩამოაყალიბა და ნეიტრალური სამსახური არასდროს ყოფილა, რადგან იქ დღესაც მუშაობენ პროკურატურისგან დანიშნული კადრები.
„თქვენ მიერ აშენებულ დემოკრატიას ვხედავთ. თქვენ ეროვნული ბანკი (საერთოდ აპოლიტიკური ორგანიზაცია) და აუდიტის სამსახური გამოიყენეთ სწორედ პოლიტიკის ბრძოლის ინსტრუმენტად, „ქართუ ბანკის“ გაკოტრება და ჩვენი მხარდამჭერების ქონების წართმევა დაიწყეთ.
ჩვენ სხვანაირ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არის ევროპული გზა, ასე ხდება ევროკავშირის ქვეყანებში. არავის ანგარიში არ მოხვდება ინტერესის არეალში თუ ფულის გათეთრებას და ტერორიზმს არ ემსახურება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
სააგენტო „ბიპიენის“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ამ კანონპროექტს პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა და არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.
„სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ გაგვემართა ფართო დისკუსია და დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონმა ონოფრიშვილმა არჩია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსუსური არგუმენტაციის გამოყენებით დაჩქარებული წესით ინიცირება გაეკეთებინა აღნიშნული კანონპროექტის და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - პროცესი რომელიც ზიანს აყენებს ყველა მხარეს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
კანონპროექტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ოფიციალური დასკვნა უკვე გაგზავნილია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ვინაიდან დღეისათვის საკითხი მთლიანად პოლიტიკურ ჭრილშია გადასული, ის თავს შეიკავებს სხვა რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთებისაგან.
არასამთავრობო სექტორში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ „ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფინანსური მონიტორინგის სამსახური - ძველი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებსაც ასრულებდა. ეს სამსახური რეალურად აპოლიტიკური და დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა“, - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. ის დარწმუნებით ამბობს, რომ 2003 წელს შექმნილი ფინანსური მონიტორინგის სამსახური წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა:
„მაგალითად, იგივე კალაძის საქმე, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გადაუგზავნა პროკურატურას ინფორმაცია მისი საბანკო ოპერაციების შესახებ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პროკურატურიდან ხდებოდა სახელებისა და გვარების მიწოდება და შემდეგ მათი ფინანსური ოპერაციების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწვდიდა პროკურატურას ინფორმაციას“, -ამბობს ჭიჭინაძე.
იგი პრობლემას ვერ ხედავს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს ჩამოშორდება და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, ის უნდა დაისაჯოს და წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, დაარღვევენ თუ არა კანონს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გამოიყენებს თუ არა მთავრობა ბოროტად ასეთ წვდომას საიდუმლო საბანკო ინფორმაციაზე, ამის ზუსტად თქმა, ცხადია, არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ მიხეილ კუკავას შეუძლია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის ბერკეტი უჩნდება.