უკრაინელი ტურისტები ყირიმის ნაცვლად, საქართველოში გადმოინაცვლებენ

უკრაინელი ტურისტები ყირიმის ნაცვლად, საქართველოში გადმოინაცვლებენ

უკვე აშკარა ტენდენცია, რომ უკრაინელი ტურისტების დიდი ნაწილი წელს საქართველოში გამოემგზავრება. ამის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია. უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყირიმის ნახევარკუნძული ჩაიკეტა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაძაბული ვითარების გამო, ყირიმში წლევანდელი ზაფხულის საკურორტო სეზონი, სავარაუდოდ, ჩავარდება. როგორც უკრაინის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ცარიუკი აცხადებს, ამის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობაა.

„ადამიანებმა არ იციან, თუ რა ვითარებაა იქ. ბევრი ფიქრობს, რომ ტანკები დგას, არიან სამხედროები და სახიფათოა. შესაბამისად, ის უკრაინელები, რომლებიც დასასვენებლად ყირიმში ჩადიოდნენ, ამჯერად იქ აღარ ჩავლენ. ისინი დასვენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამჯობინებენ“, - განაცხადა ცარიუკმა.

გასულ წელს ყირიმში დაახლოებით 6-მა მილიონმა ადამიანმა დაისვენა და აქედან 65%, დაახლოებით 4 მილიონი უკრაინელი დამსვენებელი იყო. შესაბამისად, ვინაიდან ყირიმის ნახევარკუნძული „დროებით ოკუპირებულია“, ასეთი რაოდენობის უკრაინელი ტურისტების მოსაზიდად ძირითადად საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი იზრუნებენ.

მართალია, უკრანაში ყირიმის გარდა არის ხუთი ოლქი, რომლებსაც აქვთ გასასვლელი აზოვისა და შავ ზღვებზე: დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევსკის და ოდესის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ოლქებში ინფრასტრუქტურა ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ყირიმში. გარდა ამისა, უკრაინაში სხვაგან არსად მოიძებნება ისეთი სუბტროპიკული ბუნება, როგორიც ყირიმში.

ვინაიდან ევროპის კურორტებზე დასასვენებლად უკრაინელებს ვიზა სჭირდებათ, ქართული კურორტების ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მათ აქ ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. გარდა ამისა, ბერძნული და თურქული კურორტებზე გასამგზავრებლად და დასასვენებლად ჯამში მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე საქართველოში ჩამოსასვლელად. თანაც ორ ქვეყანას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს - ქართველები და უკრაინელები მუდამ კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ. პლუს ამას, საქართველოში უკრაინულ ტურიზმს გზა უკვე გაკაფული აქვს. წლიდან წლამდე აჭარაში და სხვა კურორტებზეც სულ ეფრო მეტი უკრაინელი ვიზიტორი ჩამოდის, რომლებიც დადებითი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან უკან.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი მომსახურების არც ისე მაღალი დონეა, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტები ჯერჯერობით უმაღლეს სტანდარტებს არ ითხოვენ. ისინი მოსახერხებელ მგზავრობას და ფასებს უფრო აქცევენ ყურადღებბას. თუმცა, უკრაინული საიტები დამსვენებლებს უშუალოდ ბათუმში დასვენებას პლაჟის გამო მაინც არ ურჩევენ და მოუწოდებენ, ახლო-მახლო სხვა კურორტები შეარჩიონ, სადაც ზღვაც უფრო კარგია და პლაჟიც.

ბათუმსა და ქობულეთში მოქმედი სასტუმროების მენეჯერები ადასტურებენ, რომ უკრაინელები წელს განსაკუთრებით აქტიურობენ, რასაც შეკვეთების ზრდაც მოწმობს. ამიტომაც საზღვაო სეზონისთვის ქართული კურორტები აქტიურად ემზადებიან. სასტუმროების მფლობელები იმედოვნებენ, რომ დამსვენებლების დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ შარშანდელმაჩვენებელს გადააჭარბებენ.

„წელს ტურისტებმა შეკვეთები გაცილებით ადრე დაიწყეს. წინასწარი ჯავშნები ამ დროს ასე ბევრი არასდროს იყო. შეკვეთების ზრდა უკრაინელი და რუსი ტურისტების აქტიურობამ განაპირობა. დამსვენებლებმა თანხის ნაწილი უკვე გადაიხადეს. სასტუმრო 20%-ით უკვე დაიტვირთა. აქედან გამომდინარე, სეზონზე დიდ იმედს ვამყარებთ. ვფიქრობ, წლევანდელი შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნება, ეს აშკარად იგრძნობა“, - ამბობენ საქართველოს ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების მენეჯერები.