გპირდებით, თითქმის არავინაა ამერიკაში, ნატოში, ბრიუსელში ან სხვაგან, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ქართველი ხალხი. და თუ ქართველი ხალხი დაიღუპება რუსეთთან ომში, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთს, ისინიც ამას მშვიდად მიიღებდნენ. ნუ გაჰყვებით ამ გზას, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა დენიელ დევისმა.
გადაცემის წამყვანმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების ექსპერტმა, იან პრაუდმა დენიელ დევისს ნატოს უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას კითხვით მიმართა. კერძოდ, პრაუდის თქმით, იმ „საბედისწერო სცენარში“, თუ ვინმე გიჟურად გადაწყვეტს, რომ ე.წ. ნატოს ღილაკს დააჭიროს საქართველოში თითი, 17 წელზე მეტი ხნის შემდეგ რუსეთი ქვეყანაში მეორედ შეიჭრება. კითხვაზე, მოვა თუ არა აშშ-ის არმიის კავალერია საქართველოს გადასარჩენად, დევისმა განაცხადა, რომ იგი იყო კავალერიის ოფიცერი და დარწმუნებულია, რომ არც ერთი პრეზიდენტი არასოდეს გაწირავს ამერიკელ ჯარისკაცებს.
„მე ვიყავი კავალერიის ოფიცერი და გპირდებით, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. არც ერთი პრეზიდენტი, იქნება ეს ტრამპი თუ სხვა, ვინც მოგვიანებით მოვა, არასოდეს გაწირავს ამერიკელ ჯარისკაცებს და არ გარისკავს ბირთვულ კონფრონტაციას საქართველოში მომხდარი კონფლიქტის გამო, ქვეყნის ხათრით, რომელიც ამერიკელთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ არსებობს. ისინი ფიქრობენ მხოლოდ აშშ-ის შტატ ჯორჯიაზე. ამიტომ, ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს ჩემთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნიშანია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ელიტაში ძალიან ბევრი ისე ჩამოშორებულია რეალობას, რომ არ ესმით, რომ ეს არ მოხდება, ან რომ ეს ჩვენ არ გვარგებს.
მათი ლოგიკით თუ ეს რუსეთს გააბრაზებს, მაშინ, დიახ, მოდით, გავაკეთოთ ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ზიანი მოგვაყენოს ჩვენ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენი აუდიტორიისთვის, ზიანი მიაყენოს ქართველებს, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ამერიკელებს ეს ნაკლებად გვაინტერესებს. მე გულწრფელი ვიქნები.
ამერიკაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს უკრაინის მიერ მიღებული კატასტროფული დანაკარგები. ჩვენ ყველამ ვაღიარეთ, რომ ეს იყო ამ ომის გამომწვევი მიზეზი - ნატოს შეყვანა უკრაინაში. და ამ ომს, რომელიც სამნახევარი წელია, მიმდინარეობს, ასობით ათასი უკრაინელი მამაკაცი შეეწირა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მკვდარი და ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვაღიაროთ, რომ ომი უნდა დასრულდეს, განუსაზღვრელი ვადით ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას, სანამ უკრაინა საბოლოოდ არ ჩამოიშლება და ვეღარ იბრძოლებს. მაგრამ, რამდენი მათგანიც არ უნდა დაიღუპოს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს.
თუ ეს მოხდა საქართველოში, გპირდებით, თითქმის არავინაა ამერიკაში, ნატოში, ბრიუსელში ან სხვაგან, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ქართველი ხალხი. და თუ ქართველი ხალხი დაიღუპება რუსეთთან ომში, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთს, ისინიც ამას მშვიდად მიიღებდნენ. ნუ გაჰყვებით ამ გზას“, - განაცხადა დევისმა.