კახა კალაძე: 8 წლის განმავლობაში 2-ჯერ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ამ ულამაზესი ქალაქის მერი, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა

კახა კალაძე: 8 წლის განმავლობაში 2-ჯერ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ამ ულამაზესი ქალაქის მერი, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა

ნამდვილად არ არის მარტივი იყო დედაქალაქის მერი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა“ თბილისი მერმა და ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

რვა წლის განმავლობაში ორჯერ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ამ ულამაზესი ქალაქის მერი. ქალაქის, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, თუმცა ბოლო რვა წლის განმავლობაში მართლაც ძალიან კარგი პროექტები და ბევრი საქმე გავაკეთეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის რეკრეაციულ სივრცეებზე, გამწვანების პოლიტიკაზე, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე, ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებზე, სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულ ოჯახებზე.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამას და აღნიშნა ის გამოწვევა, რაც დღეს დედაქალაქს აწუხებს საცობების სახით. ასევე ისაუბრა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებზე.

ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. თბილისში ძალიან ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, სამწუხაროდ ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. საზოგადოებას ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტმა გამოისყიდოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიყიდით ამ შენობებს, ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და შემდეგ გამოვიტანთ გასაყიდად. ასევე თბილისის განვითარების ფონდი გააგრძელებს ისტორიული არეალების განახლებას“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამდენი ათეული წლის შემდეგ ტრამვაის დააბრუნებს დედაქალაქში. პირველი პროექტი გაკეთდება დიდი დიღმიდან დიდუბის მეტროს მიმართულებით. ვარკეთილის და გლდანის მეტროს გაგრძელება, ორ-ორი სადგურით გაგრძელდება აღნიშნული მეტროსადგურები. მეტროს ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი მთლიანად, რეაბილიტირდება მეტროსადგურები. დაგეგმილი გვაქვს სამი საბაგირო პროექტის განხორციელება. ვერის ბაღი მთავრდება ძალიან მალე. ყველაფერში, რაც კი დაკავშირებულია ქალაქთან, იქნება შესაბამისი სამუშაოები“, - დასძინა კალაძემ.