პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების მორიგი შეხვედრა გაცილებით მშვიდი და პოზიტიური იყო, ვიდრე წინა ასეთი კომუნიკაცია. გამოიკვეთა, რომ ბიზნესი სრულიად დამშვიდებული ხვდება 4 ოქტომბერს. ამჯერად, ეკონომიკას პოლიტიკური წნეხი და შანტაჟი ვერაფერს დააკლებს.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის განწყობა დადებითია.
„რადიკალურად გაზრდილია ბიზნესის პოზიტიური მოლოდინი... იგივე, ლარის კურსთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაჟღერებული, რომ შენარჩუნებულია კურსი და ბიზნესი კურსის ცვლილებას არ ელოდება, რაც ეკონომიკური პარამეტრების შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. BAG ინდექსი ზუსტად გამოხატავს ხოლმე ბიზნესის მოლოდინს“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.
ბიზნესს არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი აქვს მომავალი განვითარების კუთხით. „გალფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის, შავლეგ მიშველაძის თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ვითარება სტაბილურია. მან ასევე, ევრობანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულს უაღრესად მნიშვნელოვანი საფუძვლები აქვს და კონკრეტულ კვლევებს ემყარება.
გარდა ამისა, მიშველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივ კონფერენციაზე ბიზნესის მხრიდან კონკრეტული კითხვები დაისვა, რაზედაც პრემიერმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.
„კონფერენციაზე საუბარი შეეხო, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო მიწების არასასოფლო დანიშნულებაში გადაყვანის საკითხს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე და სხვა“, - აღნიშნა მან.
კომპანია „ნოვას“ დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ პირდაპირ აღნიშნა, რომ პრემიერს საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველაფრის მიმართ შეინიშნებოდა ადეკვატური მიდგომა.
„ბიზნესში გამოწვევებია არაპროფესიონალი კადრები ქვეყანაში, ამ კუთხით, ძალიან ჭირს. პრემიერს საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა, რაც ძალიან მომეწონა. ყველაზე მთავარი, რაც არის, ყველაფრის მიმართ არის ადეკვატური მიდგომა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ქვეყანაში, ძალიან კარგია, მე რომ არ ვთქვა, ამას ყველა კვლევა ადასტურებს, ზრდაა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი, ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს, გამოწვევებს ადეკვატური, დროული პასუხი სჭირდება“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა გამოწვევა ბიზნესისთვის 4 ოქტომბერს დაგეგმილი პროტესტი, აბულაძე ამბობს, რომ „ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას ეხება“.
„ზოგადად, ქვეყანაში სიწყნარე, სიმშვიდე ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმთავრესია, ეს ცალსახად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. პოლიტიკურ განცხადებებს მე ვერ გავაკეთებ. ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას ეხება, ზოგადად. ნებისმიერ ბიზნესს, ნებისმიერ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია არ ამშვიდებს, აღელვებს“,- განაცხადა აბულაძემ.
გარკვეულწილად, გამოიკვეთა, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება ბიზნესისთვის საყურადღებოა და მოვლენების განვითარებას ისინი ზედმიწევნით ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა საფუძვლიანად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს არ მოხდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდება. კითხვაზე, იმსახურებს თუ არა ივანიშვილი დასანქცირებას, ასე პასუხობს: „მე ვერ გეტყვით, ახლა, მაგას შესწავლა უნდა, ნახვა უნდა. არ ვარ საქმის კურსში. თუ დასანქცირდება ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ბიზნესს დააზიანებს. ნებისმიერი კუთხით დააზიანებს და ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს ჩვენ, საერთოდ ბიზნესს“, - განაცხადა კოხოძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ბიზნესს „4 ოქტომბრის არ ეშინია“.