რეგიონში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ საქართველომ გააუმჯობესა

რეგიონში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ საქართველომ გააუმჯობესა

საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი ბოლოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაზარდა და დაადასტურა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ, 2025 წელს 7%-ით მოიმატებს, რაც წინა პროგნოზზე 1%-ით მეტია. ეს მონაცემი განსაკუთრებით საყურადღებია იმ ფონზე, როცა რეგონში ყველა სხვა სახელმწიფოს ანალოგიური პროგნოზი შენცირებულია, ან საუკეთესო შემთხვევაში, ერთ ნინულზეა გაყინული.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, 2024 წლის 9.4%-იდან 2025 წლის პირველ ნახევარში, 8.3%-მდე შენელდა. ზრდას ხელს უწყობდა საკრედიტო ექსპანსია, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორების გაძლიერება და მომსახურების ექსპორტის ბუმი.

ინფლაცია, რომელიც 2024 წელს, საშუალოდ, 1.1% იყო, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 3.5%-მდე გაიზარდა - ოდნავ მეტად, ვიდრე ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უცვლელად - 8%-ზე ნარჩუნდება.

ფისკალური და საგარეო პოზიციები სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადი პოზიცია. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში შემცირდა, რაც ინვესტორთა სიფრთხილის შედეგია.მავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოში 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ თვეზე მეტი იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

2025 წლისთვის, ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში - 5%-მდე შენელდება. პოზიტიურ რისკს შორისაა გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა. ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე, - წერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მეზობელ ქვეყნებთან, გარდა თურქეთისა, საქართველოს პროგნოზი შემცირებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არა ერთ ქვეყანას, რასაც ადასტურებს რეგიონში არსებული მაჩვენებლები.

ევრობანკის პროგნოზის მიხედვით, სომხეთში პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა; თურქეთში პროგნოზი 0.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო აზერბაიჯანის პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით.

რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, პროგნოზი ამ ქვეყნებშიც შემცირებულია. მოლდოვისთვის პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით; უკრაინისთვის - 0.8%-ით. მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%- შეადგენს, უკრაინის მაჩვენებელი კი 2.5%-იან ნიშნულზეა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მსგავსად, ჯერ კიდევ ივლისში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 7.2%-მდე გაზარდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოს 2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდას.

მისი თქმით, 1%-იანი მატება რეგიონში გამორჩეულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შემცირდა აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ეკონომიკური პროგნოზები. მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა თურქეთის მაჩვენებელი, ხოლო სომხეთის პროგნოზი უცვლელი დარჩა.

ევრობანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდა ნათლად უსვამს ხაზს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ პერსპექტივას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის ზრდამ, განათლების სფეროს განვითარებამ და საკრედიტო ექსპანსიამ, რომლებიც მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, EBRD-ი, ტრადიციულად, ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ, ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ექნება კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკური წინსვლა, ვიდრე დღეს, საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებშია ასახული“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რადიკალიზმისკენ გადახრილი ექსპერტები ამბობენ, რომ 5-6%-იანი ზრდა არასაკმარისია. თითქოს, ამით ქვეყანა ვერ განვითრდება. არადა, ევროპაში ამხელა მაჩვენებელზე უკვე წლებია ოცნებობენ და მისი მიღწევის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ამასობაში, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სწრაფად ეწევა და 4-5 წელიწადში ყველაზე ჩამორჩ სახელმწიფოებს გადაუსწრებს. ეს სტატისტიკაზე დამყარებული პროგნოზია და არა ფუჭი ვარაუდები.

ქართველი ანალიტიკოსები, რომელთაც ეკონომიკის პულსზე ხელი უდევთ, მიიჩნევენ, რომ 5%-იანი მაჩვენებლი დაბალი სულაც არ არის და ძალიან კარგიც კია.

თიბისი ჯგუფისმთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების ბაზარზე მაღალი აქტივობის პერიოდი ამჟამად არ ფიქსირდება. მისი თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენამ საინვესტიციო აქტივობა გააღვიძა, თუმცა ახლა, მოცემული ციკლის ბოლოს, სახეზეა მცირედი შემცირების ტენდენცია. ეკონომისტის შეფასებით, ეკონომიკის ზომიერი ზრდა ბუნებრივია და ხშირად სასარგებლოც არის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ობიექტურად, 5%-იანი ზრდის ტემპი არ არის ცუდი და დაბალი მაჩვენებელი. მეტსაც გეტყვით, ხშირად ისე ხდება, რომ როცა ძალიან მაღალი ზრდის ტემპია, ყოველთვის რისკია, შემდეგ რა იქნება. ამან შემოტრიალება იცის და არაერთი ქვეყნის მაგალითიც გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა რაც უფრო ზომიერი იქნება, უფრო ნორმალურია იმიტომ, რომ ჭარბი ინვესტიციაც არ ვარგა. თუმცა, გააჩნია ერთჯერად პროექტებს, ძალიან დიდი თემაა ანაკლიის პორტის თემა, ენერგეტიკა, არაბთა საემიეროდებიდან უძრავ ქონებაში მსხვილი ინვესტიციები, რასაც მოცემულობის შეცვლა შეუძლია, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.