ოპოზიციაში დაპირისპირება გაღრმავდა, ხელისუფლება „ილუზიურ ბრძოლაზე“ საუბრობს

ოპოზიციაში დაპირისპირება გაღრმავდა, ხელისუფლება „ილუზიურ ბრძოლაზე“ საუბრობს

მუნიციპალური არჩევნების წინ, ოპოზიციაში უთანხმოება კიდევ უფრო აშკარა გახდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ლელოში“ გადასული სალომე სამადაშვილი ყოფილი თანაპარტიელების მწვავე კრიტიკის მთავარი სამიზნე აღმოჩნდა. მისი პოზიცია ბოიკოტის საკითხზე „ნაცმოძრაობამ“ სერიოზულ შეცდომად შეაფასა და „ლელო“ ხელისუფლების თამაშის ნაწილად მოიხსენია.

საკითხი სამადაშვილის განცხადებას უკავშირდება, სადაც ის ამბობს, რომ „დღეს არ არის დრო ბოიკოტზე სასაუბროდ, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის“ - ამ სიტყვებმა, ერთი მხრივ, პოლიტიკური დებატები გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ, ნათლად გაუსვა ხაზი ოპოზიციაში არსებულ სერიოზულ განხეთქილებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ სამადაშვილი ბოიკოტის იდეას ჩამოშორდა და ხელისუფლებისთვის სასურველ დღის წესრიგს აჰყვა. მის წინააღმდეგ გამოიყენეს დამამცირებელი ეპითეტები და „ლელოს“ წარმომადგენლები „პარკეტის პოლიტიკოსებად“ მოიხსენიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა: „რაია, რა შეიცვალა? იგივე ცესკო, იგივე ხელისუფლება, რატომ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? პატრონებმა დაუკვეთეს?“ - ამბობს ზარქუა და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ურთიერთკრიტიკა მხოლოდ სიმულაციაა, რადგან მათი რეალური მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაციაა.

მმართველი გუნდისთვის ოპოზიციაში არებული შიდა დაპირისპირება სრულიად მოსალოდნელი სცენარია. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ოპოზიციის დაპირისპირება მხოლოდ ილუზიური ბრძოლაა, რომელიც მიმართულია არა ცვლილებებისკენ, არამედ ადგილებისა და საკუთარი ლობისტების თვალში პოზიციის გასაძლიერებლად“, - აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ კონფლიქტი, სხვადასხვა მეთოდებით, ერთსა და იმავე დესტრუქციულ მიზანს ემსახურება - სახელმწიფოს დისკრედიტაციას და პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნას.

„გირჩში“ მიმდინარე პროცესებს პოზიტიურადაც კი აფასებენ და ამბობენ, რომ ეს კონკურენცია საბოლოოდ გამოააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ სისუსტეს. მათი პროგნოზით, „მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად  პოლიტიკური ველიდან გაქრება.

მუნიციპალურ არჩევნებამდე მხოლოდ 12 დღე რჩება. 4 ოქტომბერს, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, მერისა და საკრებულოს არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია უკვე კრიტიკის ქვეშაა იმის გამო, რომ 25 მუნიციპალიტეტში, მერობის კანდიდატი ვერ დააყენა.

ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებს მმართველი გუნდის არგუმენტს, რომ ოპოზიცია არ არის მზად სერიოზული პოლიტიკური ბრძოლისათვის. შესაბამისად, ენერგიას შიდა დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ხარჯავენ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდს უფრო გამოკვეთილად აჩვენებს. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ სალომე სამადაშვილის განცხადებამ არა მხოლოდ ყოფილ თანაპარტიელებთან გაამწვავა უთანხმოება, არამედ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოპოზიციის სტრატეგიული სისუსტე.

„ოპოზიციის მიერ დღეს შექმნილი სურათი  პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კამპანია არ არის. ეს არის შიდა დაპირისპირებებითა და ერთმანეთის გაუთავებელი კრიტიკით დაფარული ქაოსი. სალომე სამადაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციის უდიდესი პრობლემა - სტრატეგიული ხედვისა და ერთიანობის არარსებობა. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას კონკრეტული გეგმა შესთავაზონ, ისინი ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტაციას, რაც საბოლოოდ, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა.

ეს „დაპირისპირება“ რეალურად ილუზიურია. ერთი პარტია ბოიკოტს ქადაგებს, მეორე - არჩევნებში მონაწილეობას; ერთი მხარე ქუჩის აქციებით იმუქრება, მეორე - თბილისის გამოგლეჯვით. სინამდვილეში, მათი მიზანი საერთოა - დესტრუქცია, არასტაბილურობის განცდის შექმნა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირება, თითქოს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლაც სწორედ აქედან იწყება. ოპოზიცია ცდილობს, მოქალაქეებში გამოიწვიოს იმედგაცრუება და პოლიტიკურ პროცესებზე უარის თქმის განცდა.

„მათ სურთ, ქართველ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ არჩევნები, თითქოს, აზრს მოკლებულია, რათა საკუთარი მარცხი წინასწარ გაამართლონ. ეს არის კლასიკური პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც მიმართულია არა რეალური ცვლილებებისკენ, არამედ საზოგადოების მოტყუებისკენ. რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, მისი კრიტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთის ხარჯზე ცდილობს საკუთარი იმიჯის შენარჩუნებას. სამადაშვილისთვის „პარკეტის პოლიტიკოსის“ იარლიყის მიწებება არის არა არგუმენტი, არამედ უსუსური მცდელობა, გადაფარონ ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ნაწილმა ვერ შეძლო მერობის კანდიდატების წარდგენა ქვეყნის 25 მუნიციპალიტეტში.

ბოლოს, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ოპოზიციის ილუზიური ბრძოლა ვერ შეცვლის მთავარ რეალობას - საქართველოში პოლიტიკური პროცესების მთავარი ინსტრუმენტი კვლავ არჩევნებია და არა ბოიკოტი, თუ დაუსრულებელი შიდა დაპირისპირებები. სწორედ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ დაიმსახურებს ნდობას, და არა ისინი, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.