ტენდერი, რომელსაც მძღოლები თვითმკვლელობამდე მიჰყავს

ტენდერი, რომელსაც მძღოლები თვითმკვლელობამდე მიჰყავს

რუსთაველმა მძღოლებმა დაპირებისამებრ ხმაურიანი და მძაფრი პროტესტი განაახლეს. პირველივე დღესვე ისეთი განცხადებები გაისმა და პროტესტის იმგვარი ფორმა შეირჩა, რომ რა იქნება მომდევნო დღეებში, უკვე ძნელი წარმოსადგენია.

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე მძღოლები, ოჯახის წევრებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამარჯვებული კომპანია კახა კალაძეს ეკუთვნის.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია „ინტერტრანსს“ კახა კალაძეს სახელს უკავშირებენ.

„ქალაქის ხელმძღვანელობამ შეგვიყვანა შეცდომაში, მანქანები გამოგვაცვლევინეს, გვაყიდინეს 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები ე.წ. სპრინტერები, რომლის საბაზრო ფასი 25 000 დოლარიდან იწყება და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მანქანები კომფორტულები არ არისო“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ, თუმცა მანამდე უარესიც მოხდა. ერთ-ერთმა მძღოლმა შმაგი მიქელაძემ აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციელების ჩარევის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ შეძლო. იგი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მოგვიანებით, შმაგი მიქელაძემ განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ზომას კვლავაც მიმართავს.

„გვართმევენ ქონებას, გვტოვებენ ლუკმაპურის გარეშე. თუ ეს ტენდერი მაინც არ გადაიდება და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თავსაც დავიწვავთ, „მარშრუტკებსაც“ დავწვავთ, რომელსაც შემოიყვანენ და უარესსაც გავაკეთებთ“, - განაცხადა უკიდურესად გაღიზიანებულმა მძღოლმა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან პროტესტის გამოხატვის შემდეგ, მძღოლებმა საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დახმარებისთვის სთხოვეს. საპატრიარქოდან მძღოლებს მეუფე თეოდორე შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა თემურ ჩინჩალაძემ განაცხადა, მეუფე თეოდორეს მათი პროტესტის მიზეზები დეტალურად გააცნეს. მძღოლებმა საპატრიარქოში დატოვეს განცხადება პატრიარქის სახელზე, სადაც თხოვნით მიმართავენ უწმინდესს, მათი პრობლემების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეატყობინოს.

„შევხვდით მეუფე თეოდორეს. ვესაუბრეთ ჩვენი პრობლემების შესახებ. ბოლოს განცხადება დავტოვეთ პატრიარქის სახელზე. მოგვცეს იმედი, რომ ჩვენ წუხილსა და გულისტკივილს გულთან მიიტანს და ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენს პრობლემებს გააგებინებს“, - აღნიშნა ჩინჩალაძემ.

დღის ბოლოს რუსთავის მომხდარ ინციდენტს ქალაქის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე გამოეხმაურა, მისო განცხადებით, აქციებში მონაწილე მძღოლები მათ შეცდომაში არ შეუყვანიათ და კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი არ არის კარგი ფაქტი. ვაცხადებ, მძღოლები არავის არავინ შეუყვანია შეცდომაში. 2012 წელს იყო გამოცხადებული კონკურსი ერთწლიანი ვადით, გავიდა ეს ვადაც და გამოცხადდა ახალი კონკურსი. ვიცით, რომ მძღოლები მძიმე მდგომარეობაში არიან. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კონკურსში გამარჯვებული კომპანია მიდის მანქანების მფლობელებთან დათმობაზე და მათ დიდ ნაწილს დასაქმებას სთავაზობს“, - აცხადებს სხირტლაძე.

კონკურსში გამარჯვებული კომპანიის „ინტერტრანსის“ მფლობელის ზაზა ლომიძის ინფორმაციით, ის მანქანები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, შეუძლიათ გადაიყვანონ სარაიონო ხაზებზე.

„ვიცით, რომ მძღოლების დიდ ნაწილს აქვთ ბანკის ვალები, რადგან იყიდეს ახალი მანქანები. აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია სთავაზობს მათ, რომ დავასაქმოთ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია „რეგიონალ ლოჯისტიკი“, რომელსაც აქვს გლდანში ავტოსადგური. მართალია, გვყავს ჩვენი მანქანები, მაგრამ თუ მფლობელების სურვილი იქნება, ვაპირებთ, მათი მანქანები შევიყვანოთ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე“, - განაცხადა ლომიძემ.

მძღოლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათთვის ჯერჯერობით უცნობია, საერთოდ აპირებს თუ არა ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, რომ მათ სამუშაო ადგილები შესთავაზოს, თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვე ცნობილია, რომ კომპანია კაბალურ პირობებს წამოაყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მძღოლს, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში კომპაიაში გადასახადის სახით 210 ლარი ექნება შესატანი. ამ თანხაში იგულისხმება ბანკისა და მანქანის ცვეთის გადასახადი.

მძღოლი ვასილ სულაშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში 210 ლარს ვერც ერთი მძღოლი ვერ გამოიმუშავებს გეგმის სახით და წაგებაზე მუშაობას კი არავინ აპირებს. ერთი წლის წინ რუსთავის მერიამ ახალი მანქანების შეძენა მოსთხოვა და მძღოლები კრედიტითით ნაყიდი მანქანების ვალს ბანკს დღემდე უხდიან. დღეისათვის ამ ხაზზე სულ 400-მდე მძღოლი მუშაობს.

მძღოლები ამტკიცებენ, რომ თუ ტენდერი არ გაუქმდება ულუკმაპუროდ 1200-მდე ადამიანი და მათი ოჯახის წევრები დარჩებიან. ისინი ტენდერის შედეგების სამი წლით გადადებას ითხოვენ, რათა ამ პერიოდში შეძლონ ბანკის ვალის გადახდა. საპროტესტო აქციები კი გაგრძელდება იქამდე, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან.