პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ამჯერად მიწისქვეშეთში გადაინაცვლა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ მოძრაობას არ იშლის და ხან ცაში აიჭრება, ხანაც ქვესკნელში ეშვება. უნდა ითქვას, რომ მთავრობაც ფეხდაფეხ დაჰყვება და მათ პრეტენზიებს აქარწყლებს.
მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის მიზნით სამუშაოების განახლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი გუშინ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სამუშაოები წლების მანძილზე შეჩერებულია. მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ვერადავერ მოახერხა შეჩერებული საქმიანობის დაწყება.
„დელისი-უნივერსიტეტის“ ხაზის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო. იგი 1,5 კმ. სიგრძისაა და ორ სადგურის („ვაჟა-ფშაველა“ და „უნივერსიტეტი“), გვირაბებისა და ჩიხების მოწყობას მოიცავს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ერთი გადასარბენისა და სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მშენებლობა ღია მეთოდით ხორციელდებოდა, ხოლო მეორე გადასარბენის, სადგურ „უნივერსიტეტისა“ და ჩიხების მოწყობა დახურული მეთოდით იგეგმებოდა.
კონსერვაციაში მყოფი ნაგებობების მოვლა-შენახვით სამუშაოებს 2007 წლის ჩათვლით, კომპანია „მეტრომშენი“ ახორციელებდა და საშუალოდ, ამ სამუშაოებზე წლის განმავლობაში 500 ათასი ლარი იხარჯებოდა, ხოლო 2008 წლის შემდეგ, მოვლა-პატრონობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია არტეზიული წყლების ამოტუმბვას, გვირაბების ვიზუალურ კონტროლსა და შახტებში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვით სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. აღნიშნულ უბანს კომპანიის 18 თანამშრომელი ემსახურება. 2000 წლიდან დღემდე აღნიშნულ სამუშაოებზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მელიას მიწისქვეშეთზე ყურადღების გამახვილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთავრობას მსწრაფლ გამოეცხადებინა ახალი მეტროსადგურის მშენებლობის შესახებ უახლესი ინფორმაცია. მართალია, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ოპოზიციის საპირწონე ცნობების გაცხადება მაინც მოხერხდა.
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით 35-42 მილიონი ევრო დაჯდება და ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, ფონდმა 2 დღის წინ დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც ფონდი თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ აწარმოებდა.
„მოლაპარაკების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების დასადასტურებლად, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ჩამოვიდა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ ეს ბანკი აფინანსებს. მხარეებს შორის შეთანხმება საქრათველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აძლევს შესაძლებობას, მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადოს და ეს ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება“, - განაცხადა ხოკრიშვილმა.
უკვე მზადაა სრული პროექტი და სატენდერო პაკეტი, რომელიც გადაეგზავნება მერიას საბოლოოდ შესათანხმაბელად, რის შემდეგაც აზიის განვითარების ბანკის პროექტი კიდევ ერთხელ დამატებით შემოწმებას გაივლის.
პროექტის ღირებულება კონფიდენციალურია, თუმცა ღირებულება ხოშრიკიშვილი მაინც ასახელებს სავარაუდო ღირებულებას - 35-42 მილიონი ევრო. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, ხოკრიშვილის თქმით, ის გადაეცემა მერიის სატრანსპორტო სამსახურს და მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახელს დაარქმევენ ახალ სადგურს. პროექტს აზიის განვიარების ბანკი აფინანსებს, სახელმწიფოს თანადაფინანსება - 15%-ს შეადგენს.