საქართველოში კუსტარული წარმოება ყველა დარგში პოპულარულია, იქნება ეს კვების მრეწველობა, სატრასპორტო სფერო თუ სხვა ნებისმიერი დარგი. ერთი პირობა, მთავრობა აპირებდა ამ მიმართულებით კონტროლი გაეძლიერებინა, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ „სურსათის უვნებლობის კანონის“ კუსტარული წარმოების კონტროლის გადავადებას აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 20 მარტს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ ცვლილების პროექტი, რომელიც თავდაპირველი ვერსიით, სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრდებასა და გაფართოვებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ცვლილებები ხელისუფლებამ არაერთხელ განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა შემდეგ გაუფრთხილებლად შეცვალა.
„ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია, მაგალითად „იმერული“ ყველი და „სოფლის“ მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება, ისევე როგორც კრემიანი ნამცხვრების დიდი ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე“, - აღნიშნულია სტრატეგიული ცენტრის განცხადებაში.
როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელმძღვანელი ლია თოდუა განმარტავს, გადავადების შედეგად მომდევნო 6 წლის განმავლობაში კუსტარულ მეწარმეებს ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ მოსთხოვს:
„ანუ იმას, რომ სათავსოს ჰქონდეს ხელსაბანი, რეგულარულად ირეცხებოდეს ჭურჭელი, გამოიყენებოდეს საღი ნედლეული, სურსათი დაცული იყოს მღრღნელებისგან და მწერებისგან და ა.შ. და ეს ეხება ისეთი გავრცელებული პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა მაგალითად იმერული ყველი“, - აცხადებს ლია თოდუა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონის ასეთი ცვლილება საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვებ-გვერდზე შემუშავებული წერილის ფორმა შეავსონ და დეპუტატებს გადაუგზავნიან მოთხოვნით, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს პარლამენტში.
საქართველოში კუსტრული წარმოება გაცილებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს საკვების პროდუქტებისაგან განსხვავებულ სფეროში და იქ ასეთ წარმოებას გაცილებით დიდი მასშტაბები აქვს. საქმე ეხება ავტომობილების გაზზე გადაყვანის მეთოდს, რომელსაც თითქმის 100%-ით კუსტარული საამქროები უძღვებიან. თუკი ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის საფრთხის შემცველ კატეგორიებზე მიდგება საქმე, სურსათის მიმართულება, ავტოგაზის დამონტაჟებასთან შედარებით, უმნიშვნელო პრობლემად მოჩანს.
ბუნებრივი აირი ალტერნტიული საწვავია, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო ეკონომიურია ბენზინთან და დიზელთან შედარებით და ამიტომაც ის სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ვინაიდან ქარხნულად წარმოებული გაზზე მომუშავე ავტომობილები ჯერ კიდევ იშვიათობაა, ბოლო წლებში საქართველოში გახშირდა ავტომობილის „გაზზე გადაყვანა“, რაც საჭიროებს მანქანაში ბუნებრივი აირის უფეთქებადი ბალონის დამონტაჟებას და მის ძრავზე მიერთებას.
საქართველოში ასეთი გამართული და სერტიფიცირებული სამონტაჟო წარმოება არ არსებობს. შესაბამისად, მძღოლები მეტ-ნაკლებად დახელოვენებული ხელოსნების მომსახურებით სარგებლობენ. პარალელურად არ წყდება კამათი ასეთი კუსტარული გზით გადაკეთებული მანქანების უსაფრთხოების თემაზე.
კვლევისა და მარკეტინგის ჯგუფმა „ეისითიმ“ ჩაატარა გამოკითხვა, როგორ ნაწილდება თბილისელების აზრი მანქანის საწვავად ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ათიდან ერთი თბილისელი (9%) გაზზე მომუშავე მანქანებს ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს, 43% კი უბრალოდ სახიფათოდ, ანუ ჯამში თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (52%) თვლის, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები სახიფათოა. 29% ნაკლებად ხედავს გაზზე მომუშავე მანქანების საფრთხეს და მხოლოდ 17% თვლის მათ სრულიად უსაფრთხოდ.
ამ დროს თბილისში, რეალურად, ავტომობილების მეოთხედზე მეტი (28%) უკვე ავტოგაზზე მუშაობს, ხოლო კუსტარული საამქროების გაკონტროლების იდეა, ჯერჯერობით, თავში არავის მოსვლია.