რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო, ქართველი მეღვინეები საფრთხეს ამ ორი ქვეყანაში ელოდნენ, მაგრამ უცებ სულ სხვა მიმართულებიდან იგემეს დარტყმა. ბელორუსული ინტერნეტ-გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა. მიზეზები არ სახელდება, პრობლემის გადაჭრების გზებიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.
„ბოლო წლებში თაროებზე უხვად შეხვდებოდით რამდენიმე ათეული კომპანიის მიერ წარმოებულ „ქინძმარაულს“, „ახაშენსა“ და „ხვანჭკარას“, რომლებიც ბელორუსებმა ძლიერ შეიყვარეს. ნატურალური ქართული ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ იაფ ღვინოებზე გაცილებით ძვირი ღირდა. უკვე გასული წლის ბოლოდან მაღაზიები საქართველოდან პროდუქციას უკვე ვეღარ იღებენ“, - წერს ბელორუსული გამოცემა.
როგორც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ჟურნალისტს განუცხადეს, მარაგები სწრაფად, უკანასკნელ ბოთლამდე გაქრა, თვით იმ მწარმოებლებისაც კი, რომლებიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ. „ეს ნამდვილი უბედურებაა. ქართულ ღვინოებს ძალიან კარგად ყიდულობდნენ, ის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, მაგრამ დღეს უკვე არავის შემოაქვს. ამბობენ, რომ კვოტები არ არის. ჩვენ უკანასკნელი 9 ბოთლიღა დაგვრჩა“, - განაცხადეს მაღაზია „ევროპეისკიში“, რომელიც მინსკში მდებარეობს.
სააგენტო „ბიპიენის“ ინფორმაციით, ბელორუსში ალკოჰოლის შეტანაზე უფლება მხოლოდ სპეციალურ იმპორტიორებს გააჩნიათ. ამ უფლების მისანიჭებლად ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ყოველწლიურად კონკურსს ატარებს.
ბელორუსული ინტერნეტგამოცემა ქართული ღვინის გაუჩინარების მიზეზების დასადგენად ყველა სპეციმპორტიორს დაუკავშირდა, თუმცა, ოფიციალური პასუხის გაცემაზე ყველამ თავი შეიკავა.
„ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილი მიზეზი დავასახლოთ. ქართული ღვინო ახლა არავის შემოაქვს, ეს ფაქტია. რისი შემოტანის უფლებასაც გვაძლევს ვაჭრობის სამინისტრო, იმით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა ერთ-ერთმა იმპორტიორმა.
იმპორტიორთა ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღო კვოტები, მეორემ კი - აქციზი იმპორტირებულ ღვინოზე. ერთ-ერთმა მეწარმემ კი ივარაუდა, რომ პრობლემები რუსეთთან საბაჟო კავშირმა გამოიწვია.
თავად ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში ყველა ჩამოთვლილ მიზეზს აბსურდი უწოდეს. „საიმპორტო გეოგრაფიას თავად იმპორტიორი არჩევს, ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ წინაშეა - ეს არის ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების შემოტანა ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. მოწოდების შესაძლობლობა ჩვენ შეზღუდული არ გვაქვს“, - განაცხადეს ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში.
ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში ან შეიძლება ფლობენ, მაგრამ ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე კომენტარისაგან თავს იკავებენ.
მართალია, ბელორუსი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში არ შედის, მაგრამ იგი ჩვენი პროდუქციისთვის მაინც მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია. ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 40 მილიონი დოლარის ქართული პროდუქცია შედის და მათ შორის ღვინოს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. რუსეთის ბაზრის გახნის შემდეგ ბელორუსული ბარიერი ქართველი მეწარმეებისთვის შემაფერხებელი არ იქნება, მაგრამ კრემლში თავში ვის რა გადაწყვეტილება მოუვა, არავინ იცის. ამიტომ ქართული მეღვინეებისთვის ნებისმიერი ბაზარი უმნიშვნელოვანესია, რათა რამდენიმე წლის წინანდელი კოლაფსი არ განმეორდეს.
სწორად ამაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც მეწარმეებს რუსეთის ბაზრის სრულად გამოყენებას, მაგრამ იქვე დივერსიფიცირებასაც ურჩევენ. ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მსუყე რუსული ბაზრის გამო, მეღვინეები კომპრომისებზე არ უნდა წავიდნენ. აუცილებელია საქსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მეღვინეებმა და სახელმწოფომ კომპლექსური მარკეტინგული სამუშაოები აწარმოონ.
„ექსპორტის ზრდა წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლოა, შეფასდეს მხოლოდ პოზიტიურად, რაც მეწამეებს საშუალებას აძლევს დამატებითი შემოსავლები მიიღონ და რეინვესტირებაზე მიმართონ. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რუსეთის ბაზრის არასტაბილურობა, დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს ვიწვნიეთ კიდეც, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებით ემბარგო დაგვიწესდა. ამიტომ აუცილებელი გასაღების ბაზრის დივერსიფიკაციაზე ფიქრი“, - აცხადებს კობერიძე.