"მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე რომ არ გამოცხადდებოდა, იოლი მისახვედრი იყო. მას გაზვიადებული შიში აქვს იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დააკავებენ. თუმცა მან დისტანციურ დაკითხვაზეც უარი განაცხადა და კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილი თავს ყველაზე მაღლა აყენებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. არა მგონია, თუ სააკაშვილი თბილისში ჩამოვიდოდა, დაეკავებინათ. პროკურატურას რომელიმე საქმეზე სააკაშვილისთვის პატიმრობა რომ მოეთხოვა, სასამართლო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სამეგობროთია სავსე, მაინც არ შეუფარდებდა. ჩემთვის უფრო საინტერესო ის არის, რას აპირებს ამ ვითარებაში პროკურატურა და აქვს თუ არა სამოქმედო გეგმა. ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებ", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი დაამშვიდა" / "პრემიერმა საკონსტიტუციო ინიციატივით საზოგადოების დაკვეთა შეასრულა".
"მოწმის მიერ ჩვენებისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც სააკაშვილის ძებნის გამოცხადებას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას პროკურატურა. სავარაუდოდ, ერიდებიან საერთაშორისო აჟიოტაჟს და მდგომარეობის გამწვავებას. პროკურატურას შეუძლია, სააკაშვილის ძებნა საქართველოს ტერიტორიაზე გამოაცხადოს, საერთაშორისო დონეზე კი ძებნას ინტერპოლი აცხადებს. ეს ორგანიზაცია ქართული მხარისგან მოითხოვს არგუმენტებს, რომ სააკაშვილის ძებნის გამოცხადება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ინტერპოლის ამაში დარწმუნებას დრო დასჭირდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდებოდა და მის დაბარებას აჟიოტაჟი მოჰყვებოდა საერთაშორისო საზოგადოებრიობაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი და შეკითხვას - "გიგი უგულავამ განაცხადა, სააკაშვილი მზად არის, ჩვენება უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე სკაიპით მისცეს, რასაც ვიდეოკამერები გადაიღებენ და მაყურებელს საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს სააკაშვილის დაკითხვას" - პასუხობს:
"სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დაკითხვა გამორიცხულია. საქმეები პროკურატურას ჯერ სასამართლოსთვის არ გადაუცია და როგორ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი სასამართლოში? წინასწარ გამოძიებას ატარებს პროკურატურა და სწორედ ამ უწყებამ უნდა დაჰკითხოს მოწმეები. ამიტომ უგულავას ეს განცხადება ემსახურება იმის დემონსტრირებას, თითქოს სააკაშვილი მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, ოღონდ სასამართლოში და არა პროკურატურაში. თუმცა ეს ძალიან იაფფასიანი ილეთია"
"მოდით, ბოლო მოვლენებს დასავლეთის თვალით შევხედოთ - გავრცელდა ზურაბ ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების ფოტოები, ატყდა აჟიოტაჟი და ამ დროს პროკურატურა ათ საქმეზე მოწმედ იბარებს მიხეილ სააკაშვილს. გასაგებია, რომ ვაშინგტონში ან ბრიუსელში კითხვები გაუჩნდათ. პროკურატურას რომ ემოქმედა სხვა ტაქტიკით, მაგალითად, "ცხედრების ფოტოების" აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო და შემდეგ სააკაშვილი ცალ-ცალკე დაებარებინათ ზემოხსენებულ საქმეებზე დასაკითხად, შესაძლოა, დასავლეთს ამაზე დიდი რეაქცია არ ჰქონოდა. ამან ის გამახსენა, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, რასმუსენის ვიზიტისას მერიის მაღალჩინოსნები ჯერ რომ დააკავეს, მანქანით ასეირნეს და შემდეგ, რომ გაათავისუფლეს. თუმცა მთავარი ის არის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო არენაზე, რათა სააკაშვილის თუ სხვა მაღალჩინოსნის დაკითხვაზე დაბარება ვაშინგტონში ან ბრიუსელში საეჭვოდ არ მოეჩვენოთ. მაგალითად, როდესაც გადაწყდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება, საგარეო უწყებას მაშინვე უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში უცხოელი პარტნიორები და აეხსნა, რატომ გადაწყვიტა ეს პროკურატურამ. ქართულ მხარეს ყველანაირი არგუმენტი აქვს, ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აქვს სამართლებრივი საფუძველი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თავად ყოფილი პრეზიდენტი ზღაპრებს ჰყვება - რომელიმე ერთი პირის, მათ შორის სააკაშვილის დაკავება საქართველოს ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრებას ვერ შეაფერხებს. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა" ამ თემით სულ ტყუილად სპეკულირებს. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დაჩქარდა უკრაინის მოვლენების გამო და სააკაშვილის ფაქტორი საერთოდ არაფერ შუაშია. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს სააკაშვილი დაეჩვია პირადი საუბრების საჯაროდ გამოტანას, რაც ზნეობრივი საქციელი არ არის. მან ჟვანიას მეუღლესთან საუბრისას მოწმეებად მოიყვანა გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი და ასევე გარდაცვლილი სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ რამდენად დაეჯერება მას, მკითხველმა განსაჯოს. ვეთანხმები ჟვანიას ოჯახის პოზიციას, რომ შეწყდეს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე აჟიოტაჟი და სპეკულაციები. არც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, პირად საუბრებში ვინ ვის რა უთხრა. არის ორი მთავარი ვერსია: ჟვანია ან მოკლეს, ან მართლაც ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით გაიგუდა. გამოძიებამ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ვინ არის ის და წარსულში რა თანამდებობა ეკავა. ასევე უნდა მოხდეს ყველა გახმაურებულ საქმეშიც", - მიიჩნევს კახი კახიშვილი.
"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ღარიბაშვილის ინიციატივას (რითაც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრეებს დიდი დარტყმა მიადგათ) მივესალმები. პრემიერმა საკონსტიტუციო ინიციატივით საზოგადოების დაკვეთა შეასრულა. სხვათა შორის, ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულეს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი სულაც არ უყენებს საქართველოს პირობას, რომ მან მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონოს. ასე რომ, ეს ჩანაწერი საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვის პასუხად ბარაქ ობამას განცხადებას, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე და "არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა" - ობამას ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. მიკვირს, რატომ მოჰყვა მის განცხადებას ასეთი აჟიოტაჟი. ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი დაამშვიდა, რომელსაც აღელვებს საკითხი, ხომ არ იგეგმება ნატოს დაჩქარებული წესით გაფართოება. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა ეჭვქვეშ დგება" - დასძენს კახი კახიშვილი.