ნავთობის ფასი, შესაძლოა, 100 დოლარსაც გადასცდეს, გაძვირებული საწვავი კი ყველა მიმართულებით ფასების ზრდას გამოიწვევს, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებზეც. ასეთია ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ფონზე შექმნილი რეალობიდან მომდინარე პროგნოზი. ამ მომენტისთვის 1 ბარელის ღირებულება უკვე უახლოვდება 80 დოლარს. კონფლიქტის მოგვარების რაიმე შესაძლებლობა კი ჯერ არ ჩანს.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ისრაელ-ირანის ომის შესაძლო ეკონომიკურ ზეგავლენზე საუბრობს, რომელიც რეგიონის ქვეყნებზე იმოქმდებს. მისი აზრით, თუკი აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის არსებული საომარი მოქმედებები გრძელვადიან პროცესში გადაიზარდა, ეს ინფლაციური წნეხის გააძლიერებს.
„ჰორმუზის სრუტით მსოფლიო ნავთობპროდუქტების დაახლოებით 25% გადის, რადგან ეს ყველაზე მოკლე გზაა, რომელიც აზიას ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან აკავშირებს. შესაბამისად, თუკი კონფლიქტი 10-15-დღიან ვადას გასცდება და სახმელეთო მოქმედებებით, ხანგრძლივ პროცესში გადავა, ეს სრუტე რომც არ ჩაიკეტოს, მოძრაობა ყველა ვარიანტში შეფერხდება. აქედან გამომდინარე, შემცირდება ამ გზით გამტარუნარიანობა, რაც სხვა, უფრო გრძელ მარშრუტებზე გადასვლას განაპირობებს. გარდა ამისა, ასეთი მოცემულობა, გლობალური მიწოდებების ჯაჭვების წყვეტას გამოიწვევს.
თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ნავთობის ფასი, შესაძლოა, 100 დოლარსაც გადასცდეს, გაძვირებული საწვავი კი ყველა მიმართულებით ფასების ზრდას გულისხმობს, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებზეც.
გლობალურად გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში, ინფლაციური წნეხი გაიზრდება, რაც პირდაპირ პროდუქტების გაძვირებას განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციური წნეხი კოვიდ პანდემიის დროსაც იყო გაზრდილი, როცა მიწოდების ჯაჭვები დაიკეტა, ახლა კი ეროვნულ ბანკს ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ ინფლაციის წნეხის შემცირება შეძლოს - მხოლოდ მონეტარულ განაკვეთს არ ვგულისხმობ, მათ სხვა ბერკეტებიც აქვთ.
ასე რომ, ამ ეტაპზე და შედარებით ხანგრძლივ სცენარშიც საქართველოზე სერიოზული სახის ზეგავლენა ნაკლებად არის მოსალოდნელი. როგორც აღვნიშნე, ამის თქმის საფუძველს ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება და მის ხელში არსებული ბერკეტები მაძლევს“, - განაცხადა ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე.
ნავთობის გაძვირება ირან-ისრაელის კონფლიქტამდეც იყო დაწყებული და ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ შავი ოქროს ღირებულება 70 დოლარს გადასცდებოდა. ახლა კი ვითარება კარდინალურად შეცვლილია და პროგნოზის გაცილებით გაუარესებულია.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული ფასის შენარჩუნება უკვე გაჭირდება.
„ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ნავთობის ფასი იქნებოდა 60-70-იან შუალედში. საუბარია ირანისა და ისრაელის დაპირისპირებამდე არსებულ მოცემულობაზე. ახლა კი ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.
უახლოეს პერიოდში, ნავთობის გაიაფება მოსალოდნელი. პრობლემას ამწვავებს ამერიკაში შექმნილი გარკვეული არეულობის გამო, რაც ლოს-ანჯელესში ხდება.
პარალელურად დოლარი შესუსტებას განაგრძობს და მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუტები ცოტა კიდევ გამყარდება, საუბარია არა მარტო ქართულ ლარზე, არამედ სხვა ვალუტებზეც.
სამომავლოდ კი ოქროსა და ნავთობის ფასი კიდევ გაიზრდება. გაძვირდება წამყვანი კრიპტოვალუტების ღირებულებაც. ახლა დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა. მოვლენათა განვითარების ზუსტი პროგნოზი ადვილი არ არის“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.