ვფიქრობ იმიტომ დადგა ბატონი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების საკითხი, რომ ახლა კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდზე იყოს გამოკითხული - [პირველად დაბარებისას] დიდად არ შეხებიან ამ თემას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კახა კახიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ მსჯელობა ოფიციალურად მთავრობის სხდომის ფორმატში არ ჰქონია, მაგრამ „სხვა სამუშაო შეხვედრაზე ჰქონდა თუ არა, ვისთან ჰქონდა, რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა, ვინ დაეთანხმა, ვინ არ დაითანხმა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს ფიგურანტები ჩვენებების საფუძველზე“.
„მე ხელმეორედ როცა დამიბარეს, ჩემთვის ეს იყო სიურპრიზი. შეიძლება ვინმემ არ დამიჯეროს, მაგრამ გეფიცებით, არ ვიცოდი, არ მითხრეს. ტელეფონს ვუპასუხე და მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან. მერე გადავახვიე, მაინტერესებდა რა ისაუბრა[გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე]. რადგან უკვე მე ვიყავი დაბარებული და ჩემს თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, გადავახვიე და ვუყურე თავიდან ბოლომდე. მინდა გითხრათ, რომ იქ დიდად არ შეხებიან ამ თემას, რამდენიმე ფრაზით იყო და ალბათ, ახლა ამიტომაც დაიბარეს. ჩორჩანასთან დაკავშირებით კომისიის რამდენიმე წევრმა დაუსვა კითხვა, მერე კითხეს იცოდა თუ არა, პრემიერ-მინისტრმა და უპასუხა, რომ იცოდა. მერე თქვა, ამას ახლა რატომ აკეთებთ, რომ დამაპატიმროთო? და უთხრეს, რომ არავის მისი დაპატიმრება არ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამიტომაც დადგა ბატონი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების საკითხი, რომ ახლა კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდზე იყოს გამოკითხული. თუმცა აქეთ მეორე გამოძიებაცაა და საინტერესოა პროკურატურა როდის დაიწყებს გამოკითხვას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახა კახიშვილმა გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღწეული.
ამასთან, როგორც კახიშვილი აცხადებს, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა, რადგან „დღეს ოპოზიცია რომ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა ქვეყანაში“.
„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, დაძაბულობით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, გამორიცხულია. კანონის აღსრულებაც მესმის, დაუმორჩილებლობა არ მესმის. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნდა განვვითარდეთ და ჩემი აზრით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღწეული, მით უმეტეს არჩევნების მოლოდინში. მეორე საკითხია ის, რომ არჩევნებთან მიმართებაშიც ოპოზიციას არ აქვს ერთიანი მოდელი. შე დალოცვილო, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდი, მაშინ პარლამენტში რატომ არ შეხვედი. თუ შენ იძახი, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და პარლამენტში მაგიტომ არ შეხვედი, მაშინ არჩევნებში რაღატომ იღებ მონაწილეობას, რომელსაც შენი გაგებით არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს. თუ შენ იძახი - მოდი, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს სწორი პროცესია, რაღატომ თქვი უარი მანდატებზე? ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიცია რომ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გავიდა და ხმები მიიღო, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახა კახიშვილის შეფასებით, პარლამენტში ოპოზიციის არ ყოფნა ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან „რაც არ უნდა კეთილშობილური იდეები გაწუხებდეს, როდესაც შენ არ გყავს გამომფხიზლებელი, ყოველთვის არის საფრთხე, რომ შენ რაღაც გადაამლაშო“.
„დამიჯერეთ, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ორივესთვის და ყველაზე მთავარი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება არ გაგრძელდეს დიდხანს. დღეს შეიძლება ვიღაც კომფორტულად გრძნობს თავს რაღაც კანონების განხილვით, როცა ოპოზიცია არ არის, მეც კარგად ვიგრძნობდი თავს პირველ ეტაპზე, მაგრამ ეს ქვეყნისთვისაა ცუდი. რაც არ უნდა კეთილშობილური იდეები გაწუხებდეს, როდესაც შენ არ გყავს გამომფხიზლებელი, ყოველთვის არის საფრთხე, რომ შენ რაღაც გადაამლაშო და რაღაც არასწორად გააკეთო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მე არ მწამნს ინ ხალხის, რომლებიც ეროვნებას, წარმომავლობას, სარწმუნოებას მალავენ - ამ სუბიექტის 4 თანაკლასელს ვიცნობ - ოთხივესთვის და მთელი სკოლისთვის ის კარენ კარაპეტიანი იყო სკოლის დამთავრებამდე!
ვისაც შეუძლია მამა-პაპას უღალატოს, ის უღალატებს ყველას და ყველაფერს!