„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - ნაწილი მეორე

„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - ნაწილი მეორე

დღესდღეობით ბევრი გეოპოლიტიკოსი კლასიკურ გეოპოლიტიკას მარტივად მიიჩნევს, ისინი თვლიან, რომ გეოპოლიტიკაში არ არსებობს საერთო კანონზომიერებები, რომლებიც იმ სახით მოქმედებენ, როგორც ამას გეოპოლიტიკის ფუძემდებლები მიიჩნევდნენ, რომ არსებობენ მხოლოდ ფენომენალური გამოვლინებები, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამასთან გამოვლინების შესაძლო კომბინაციები ძალზე განსხვავებულია და სპეციფიკური, თუმცა გეოპოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ სახელმწიფოების სტრატეგიებს და დოქტრინებს, მიიჩნევენ, რომ კლასიკური გეოპოლიტიკის მიერ აღწერილი კანონზომიერებები დღესაც აქტუალურია და იძლევა საშუალებას, რომ მათ საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი გეოსტრატეგია და პოლიტიკა. როგორც ამერიკელი გეოპოლიტიკოსი ჰ. ბოლდუინი წერს - „მაკინდერის და სფაიქმენის გეოპოლიტიკური კონცეფცია ძირითადად დარჩება სწორ მიმართულებად მომავალშიც“.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ზბიგნევ ბჟეზინსკი. იზიარებდა რა მაკინდერის ფორმულას, რომ „ის, ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს შუაგულ მიწაზე, ხოლო ის, ვინც ბატონობს შუაგულ მიწაზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე“, იგი, როგორც სტრატეგი, აშშ-სა და დასავლეთის ძალისხმევას სწორედ ამ მიმართულებით მიმართავდა. ბზეჟინსკი მიიჩნევდა, რომ „გეოპოლიტიკამ წინ წაიწია რეგიონალური აზროვნებიდან გლობალურისკენ... ამასთან უპირატესობა მთელ ევრაზიულ კონტინენტზე ენიჭება ცენტრალურ საფუძველს, გლობალურ მეთაურობას“. კლასიკური გეოპოლიტიკის საფუძვლებს ეყრდნობა თანამედროვე გეოპოლიტიკის მეორე დიდი წარმომადგენელი ჰ. კისინჯერიც, რომელმაც ს.კოენის „დისკონტური სარტყელის“ კონცეფცია გამოიყენა ევრაზიის სანაპირო ზონების „შეკვრის“ თეორიული დასაბუთებისათვის და ამის საშუალებით „საბჭოთა ევრაზიაზე“ ატლანტიზმის სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად.

ამ დოქტრინამ „რგოლის“ (The Ring) სახელწოდება მიიღო, რომელიც „ანაკონდას სტრატეგიის“ დაზუსტებულ, დახვეწილ ვარიანტს წარმოადგენდა. ჰ, კისინჯერის აზრით, „გეოპოლიტიკური კანონებით რუსეთს, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ მართავს მას, მკაცრად უკავია ის ადგილი, რომელსაც ჰელფორდ მაკინდერი უწოდებდა გეოპოლიტიკურ „შუაგულ მიწას“-HEARTLAND-ს და წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი იმპერიული ტრადიციის მემკვიდრეს“. შესაბამისად, ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ძირითადი ტენდენცია, რომლის თეორიული საფუძვლებიც შეიმუშავეს ჰ.მაკინდერმა და ნიკოლას სფაიქმენმა და რომლებიც ასახავდნენ საზღვაო და სახმელეთო იმპერიების ბრძოლის რეალიებს, დღესაც აქტუალურნი არიან, ვინაიდან არ შეცვლილან ისტორიის აქტორები, თუმცა იცვლება მასშტაბები და ტექნოლოგიები. თუ 19-ე საუკუნის ინგლისის საზღვაო იმპერიის მთავარი ამოცანა იყო არ დაეშვა საფრანგეთ-რუსეთის, შემდეგ რუსეთ-გერმანიის უნია, რაც მან წარმატებით მოახერხა, დღეს იგივე მიზნების მიღწევას ემსახურება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ნატო, რომლის მთავარი მიზანია არ დაუშვას რუსული და შემდგომ საბჭოთა იმპერიის კვლავ გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში და რუსულ-ჩინური ალიანსის ჩამოყალიბება აზიაში. ეს ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა იდეოლოგიური საფარის ქვეშ, რომლებიც უმეტესწილად წარმოადგენენ გლობალური დომინირებისკენ მისწრაფების მიმიკრიას. დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამ ბრძოლის ეპიცენტრშია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გავიგოთ გეოპოლიტიკური რეალიები და შევიმუშავოთ ადექვატური მიდგომები.

შევეცდებით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ჰ.მაკინდერის გეოპოლიტიკა მისი გეოპოლიტიკური რუკებისა და თეზისების მიხედვით. ჰ.მაკინდერის გეოპოლიტიკური მეცნიერების (გეოპოლიტიკას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას მან დაუდო საფუძველი) მიხედვით, მსოფლიოს ცენტრში მდებარეობს ევრაზიის კონტინენტი, ხოლო მის ცენტრში „შუაგული მიწა“ - ეს არის ევრაზიის კონტინენტურ მასათა თავმოყრა, რომელიც ყველაზე მოსახერხებელი გეოგრაფიული პლაცდარმია მთელ მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად. „შუაგული მიწა“ საკვანძო ტერიტორიაა უფრო ზოგად კონტექსტში, „მსოფლიო კუნძულის“ ფარგლებში. „მსოფლიო კუნძულში“, ჰ. მაკინდერი აერთიანებს სამ კონტინენტს - აზიას, ევროპასა და აფრიკას.

XX საუკუნის დასაწყისში ჰ.მაკინდერმა კონცენტრირებული წრეების სისტემათა მეშვეობით ჩამოაყალიბა მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა, ანუ სივრცის იერარქია: ცენტრში „ისტორიული გეოგრაფიული ღერძი“, ანუ „ღერძული არეალი“, რომლითაც ჰ.მაკინდერმა აღნიშნა ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი დაახლოებით 15 მლნ კმ2-ზე მეტი ფართით, რომელიც თითქმის იმეორებდა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის წყალშემკრები აუზისა (გარდა თეთრი ზღვისა და ბარენცის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა) და ცენტრალური ევრაზიის უწყლო აუზის (მათ შორის კასპიისა და არალის ზღვების აუზები) კონტურს. ასევე ის ტერიტორიები, რომლებიც ერთიანობაში დაახლოებით ემთხვეოდა რუსეთის იმპერიის, შემდგომში სსრკ-ის ტერიტორიებს.

ამ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილს გასდევს სტეპების სივრცე, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბინადრობდნენ ძლიერი, მობილური მომთაბარე ხალხები. ამ ტერიტორიას არ გააჩნია მოხერხებული სატრანსპორტო გასასვლელები მსოფლიო ოკეანეში, გარდა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანისა, რომელიც პრაქტიკულად მუდმივად დაფარულია ყინულით. ჰ.მაკინდერი „ისტორიის გეოგრაფიულ ღერძს“ („შუაგული მიწა“) ანიჭებდა დიდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მისი ბუნებრივი რესურსების გამო. მაგრამ ის მიუღწეველი იყო დიდი ბრიტანეთისა და სხვა საზღვაო იმპერიების სამხედრო-საზღვაო და სავაჭრო ფლოტისათვის (საზღვაო ცივილიზაციის ძლიერების საფუძველი), რაც ამჟამადაც ასეა. მის მოგვიანებით შექმნილ ნაშრომებში (ასევე მისი მიმდევრების ნაშრომებში) „შუაგული მიწის“ გეოგრაფიული საზღვრები რამდენადმე შეიცვალა. კერძოდ, 1919 წელს დამატებით იქნა შეტანილი აღმოსავლეთ ევროპული „სტრატეგიული ჰარტლენდი“, რომლის ტერიტორიაშიც შეიყვანა შავი ზღვის აუზი (გარდა მცირე აზიისა) და ბალტიის ზღვის აუზი, რამდენადაც ეს ზღვები ოკეანეებთან დაკავშირებულია ვიწრო სრუტეებით და შეიძლება მათ რომელიმე სახელმწიფო აკონტროლებდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდევრები ამ რეგიონის საზღვრებს თავისებურად განიხილავდნენ, თითქმის ყველა მკვლევარი ჰარტლენდს მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო ადგილად მიიჩნევდა.

„შუაგულ მიწას“ მოჰყვება „შიდა ნახევარმთვარე“. ეს არის სარტყელი, რომელიც ემთხვევა ევრაზიის კონტინენტის მონაპირე სივრცეებს. ჰ.მაკინდერის აზრით, „შიდა ნახევარმთვარე“ ცივილიზაციის ყველაზე ინტენსიურად განვითარებული ზონაა. (ანალოგიურია ე.წ. „პოტამისტური თეორიის“ ჰიპოთეზისა, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად ცივილიზაციები აღმოცენდა ზღვებისა და მდინარეების სანაპიროებზე, განსაკუთრებით შესართავებთან, ცხადია, შესაბამისი კლიმატის პირობებში).

„შიდა ნახევარმთვარის“ შემდეგ მდებარეობს “გარე ანუ კუნძულოვანი ნახევარმთვარე”, რომელიც მსოფლიო კუნძულის მატერიკულ მასასთან შედარებით მთლიანად გარეგანია გეოგრაფიულად და კულტურულად. მისი აზრით, ისტორიის მიმდინარეობა განსაზღვრულია შემდეგი პროცესებით: „შუაგული მიწის“ ცენტრალური ნაწილიდან მისი პერიფერიებისაკენ ხდება მუდმივი ზეწოლა. აქედან მომდინარე ცივილიზაციები ავლენენ ავტორიტარულ, იერარქიულ, არადემოკრატიულ და „არა სავაჭრო“ ხასიათს. ამის საპირისპიროდ, „კუნძულოვანი ნახევარმთვარის“ რეგიონებიდან ასევე ხორციელდება ზეწოლა „მსოფლიო კუნძულზე“. ამ ცივილიზაციისათვის დამახასიათებელია „სავაჭრო“ ხასიათი, პოლიტიკის დემოკრატიული ფორმები. ამ ორ, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ცივილიზაციურ და გეოგრაფიულ იმპულსს შორის მდებარეობს „შიდა ნახევარმთვარის“ ზონა, რომელიც გაორებულია და მუდმივად განიცდის დაპირისპირებულ კულტურათა ზეგავლენას. იგი გაცილებით „მოძრავია“ და ამის გამო იქცა ცივილიზაციის განვითარების პრიორიტეტულ ადგილად. „შიდა ნახევარმთვარეს“ ჰ. მაკინდერი ასევე „სანაპირო ტერიტორიას“ (RIMLAND) უწოდებს. 

გაუთავებელი, მუდმივი ბრძოლა „შიდა ნახევარმთვარისთვის“ ორივე მხრიდან არის გეოპოლიტიკის კიდევ ერთი ფუნდამენტური კანონი.

ამ ბრძოლისათვის ხდება ანალიზი, დაგეგმვა და პროგნოზირება მის ცალკეულ ან მთლიან ხაზზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებისა - ორივე მუდმივად დაპირისპირებული ძალის ბრძოლა ამ სანაპირო ტერიტორიაზე თავიანთი გავლენის ზოლის გადანაცვლებისათვის თავის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მან ჩამოაყალიბა ფორმულა:

„ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს „შუაგულ მიწაზე“, ის ვინც ბატონობს „შუაგულ მიწაზე“, ბატონობს „მსოფლიო კუნძულზე“, ის ვინც ბატონობს „მსოფლიო კუნძულზე“, ბატონობს მსოფლიოზე“.

ჰ. მაკინდერმა ასახა, დაასაბუთა და ახალ საფეხურზე აიყვანა ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკაში ის ძირითადი ტენდენცია, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგ აშშ-ის გეოპოლიტიკურ კონცეფციად იქცა - ნებისმიერი ხერხით გაეწიოს წინააღმდეგობა ევრაზიული ბლოკის შექმნის შესაძლებლობასაც კი (რუსეთისა და გერმანიის კავშირის ჩამოყალიბებას), „შუაგული მიწის“ გეოპოლიტიკურ გაძლიერებასა და მის ექსპანსიას. რუსეთის გაერთიანება გერმანიასთან კი პირიქით იქნება მიმართული (რასაც ცდილობდა ი.სტალინი და რასაც ამჟამად ცდილობს ვ.პუტინი). „საზღვაო ძალის“ ძირითადი ამოცანების ჩამოყალიბების დროს ის წინადადებას აყენებდა, ჩაეკეტათ „ხმელეთი“ რაც შეიძლება შორს, სიღრმეში, სამხრეთისა და დასავლეთის ზღვების გზებიდან, დასავლეთის სახელმწიფოების გავლენის გასაძლიერებლად მთელი „სანაპირო ზონის“ გაყოლებაზე (აქედან მომდინარეობს NATO-ს რაც შეიძლება აღმოსავლეთით გადმონაცვლება). მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ არ დაეშვათ რუსეთისა და გერმანიის კავშირი დასავლეთით, ჩინეთთან – აღმოსავლეთით და ირანთან-სამხრეთით, რისთვისაც მას საჭიროდ მიაჩნდა შექმნილიყო სასაზღვრო ოლქებში „სანიტარული კორდონები“ მარიონეტული, ზღვის ცივილიზაციაზე დამოკიდებული ახალი ნაციონალური სახელმწიფოებით. ჯერ კიდევ ო.ბისმარკი ამბობდა, რომ „აღმოსავლეთით გერმანიას მტერი არა ჰყავს“. „ანგლოსაქსური პოლიტიკის ბოლო საათი, მაშინ ჩამოჰკრავს, როდესაც გერმანელები, რუსები და იაპონელები გაერთიანდებიან“ - ეს ციტატა მოჰყავს გერმანელ გეოპოლიტიკოსს კ. ჰაუსჰოფერს ამერიკელი მეცნიერის, ჰომერლის გამონათქვამიდან.

თანამედროვე გეოპოლიტიკურ დაპირისპირების გენეზისი ნათლად ჩანს ზედაპირულადაც კი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ჰიპოთეზის მართებულობას.

ჰ. მაკინდერის მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა, არის დარაიონება დედამიწის ტერიტორიისა ცივილიზაციური დუალიზმის, ზღვისა და ხმელეთის პრინციპების შესაბამისად. აქ ასახული ზღვისა და ხმელეთის ცივილიზაციების ჭიდილი არა მხოლოდ სტრატეგიული პოზიციების დაკავებასთან დაკავშირებული ბრძოლის ადგილია, არამედ ის ისტორიული გარდაუვალობაა, რომელიც ვერ გადაიჭრება საბაზისო გეოპოლიტიკური დუალიზმის გარეშე, რადგან ზღვისა და ხმელეთის ცივილიზაციის გარდა არ არსებობს მესამე გზა (საჰაერო სივრცის დამოუკიდებელ სივრცედ განხილვა არამეცნიერულად მიგვაჩნია, ვინაიდან ის არ არის დამოუკიდებელი ცივილიზაციური სისტემა, ამიტომ კარლ შმიტი მას სტრუქტურულად განიხილავს, როგორც საზღვაო სივრცის გაგრძელებას.). ანუ, გეოპოლიტიკის მთავარ კანონს წარმოადგენს ფუნდამენტური დუალიზმის კანონი, რომელიც გამოიხატება სახმელეთო და საზღვაო მმართველობის - ცივილიზაციის დაპირისპირებაში.

1943 წელს ჰ.მაკინდერმა „შუამდებარე მიწას“ ჩამოაშორა მდინარე ენისეის მიღმა არსებული აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიები. ამ მცირედ დასახლებულ მიწებს მან უწოდა რუსეთის „LENALAND”-ი (მდინარე ლენის სახელწოდების მიხედვით). ახალი თეზისით ამ მიწებს ის განიხილავდა „შიდა ნახევარმთვარის ზონად“, სანაპირო სივრცედ. ეს კი შესაძლებლობას იძლეოდა, რომ „კუნძულოვან“ სახელმწიფოებს გამოეყენებინათ ეს სანაპირო სივრცე „ისტორიული გეოგრაფიული ღერძის“ წინააღმდეგ საბრძოლველად (სსრკ-ზე ანტანტის ინტერვენციისათვის „თეთრების“ ორგანიზებაში კოლჩაკის ისტორიული პრეცენდენტი მან საფუძვლად მიიჩნია საიმისოდ, რომ კოლჩაკისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები პოტენციურ „სანაპირო ზონად“ განეხილა ევრაზიული ცენტრის წინააღმდეგ). „საზღვაო ცივილიზაციის“ ძირითადი მტერი რომ ევრაზიის კონტინენტის სახელმწიფოები იყვნენ (განსაკუთრებით რუსეთი, ჩინეთი და გერმანია), ჰ.მაკინდერისაგან დამოუკიდებლად, იმავე დასკვნამდე მივიდა ამერიკის სამხედრო მოღვაწე ალფრედ მეჰენი  (1840-1914), რომლის ნაშრომები საზღვაო ძალაუფლებას ეხება. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ის აშშ-ს უწინასწარმეტყველებდა მსოფლიო ძლევამოსილ საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევას. მანვე გადაამუშავა ამერიკელი გენერლის უინფილდ სკოტის “ანაკონდის” პრინციპი. (ანაკონდას გეგმა იყო არაფორმალური სახელი ანტი-კონფედერაციული გეგმისთვის, რომელიც შემუშავებული იყო ამერიკის სამოქალაქო ომის დასაწყისში, სამხრეთ პორტების ბლოკირებისთვის და მდინარე მისისიპის კონტროლისთვის).

მეჰენის გეგმა გულისხმობდა არ დაეშვა კონტინენტური სახელმწიფოების ინტეგრაცია და მოეგუდა ისინი “ანაკონდის” რკალით. ფაქტობრივად, შემდგომში აშშ-ის ინიციატივით და მონაწილეობით შექმნილი სამხედრო ბლოკები, წარმოადგენენ ა.მეჰენის იდეების ნაყოფს. ა.მეჰენის იდეების გამგრძელებელმა ამერიკელმა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა ნიკოლას სფაიქმენმა (1893-1943), როგორც ძალზე პრაქტიკულმა გეოპოლიტიკოსმა, რომლის მიზანი აშშ-ის მსოფლიოს უძლიერეს იმპერიად რაც შეიძლება სწრაფად გადაქცევა იყო, ჰ.მაკინდერის საბაზისო გეოპოლიტიკურ რუკაზე დაყრდნობით შექმნა რამდენადმე განსხვავებული მოდელი, რომლის ძირითადი იდეა „შიდა ნახევარმთვარის“ სანაპირო ზონის მნიშვნელობის გაზრდა და მისთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მინიჭება გეოგრაფიული ისტორიის თავისთავადი განვითარების თვალსაზრისით და არა ხმელეთის ცივილიზაციის ზეწოლით მიმდინარე ისტორიულ-გეოგრაფიულ პროცესებზე, როგორც ეს ჰ. მაკინდერს მიაჩნდა. მისი თეორიით “შუაგული მიწა” (HEARTLAND) წარმოადგენს ისეთ სივრცეს, რომელიც კულტურულ იმპულსს სანაპირო ზონიდან იღებს, ხოლო თვითონ არ გააჩნია არანაირი დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მისია ან ისტორიული იმპულსი. ანუ RIMLAND-ი წარმოადგენს “მსოფლიო ბატონობის” გასაღებს. შესაბამისად ნ. სფაიქმენმა ასე გადააკეთა ჰ.მაკინდერის ფორმულა და თავის თეორიას მიუსადაგა: “ის ვინც ბატონობს „შიდა ნახევარმთვარეზე” (RIMLAND), ბატონობს მთელ ევრაზიაზე, ის ვინც ბატონობს ევრაზიაზე, განაგებს მსოფლიო ბედს”. როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის თანამედროვე გეოპოლიტიკოსების შეხედულებებით, დღეისათვის აღარ მიიჩნევა მნიშვნელოვნად, თუ ევრაზიის რომელი ნაწილი წარმოადგენს ამოსავალ წერტილს მთელი კონტინენტის ფლობისათვის. ჰ. მაკინდერისთვისაც RIMLAND-ი საკვანძო სტრატეგიულ პოზიციას წარმოადგენდა ევრაზიის კონტინენტის გასაკონტროლებლად. „შიდა ნახევარმთვარეს” ის არ აღიქვამდა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე გეოპოლიტიკურ სივრცედ, მას ორი იმპულსის “ზღვისა” და “ხმელეთის” დაპირისპირების სივრცედ მიიჩნევდა. ჰ. მაკინდერი თვლიდა, რომ “საზღვაო ძალები” სანაპირო ზონებზე სრულფასოვანი კონტროლით მიაღწევენ საბოლოო და სრულ გამარჯვებას და სახმელეთო სახელმწიფოები ამის შემდეგ მთლიანად დაექვემდებარებიან მათ კონტროლს. ნ. სფაიქმენმა ასევე შემოიტანა და დაამკვიდრა „ხმელთაშუა ოკეანის” ცნება ატლანტის ოკეანის სინონიმად, რითაც ძველი მსოფლიოსათვის ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელობა ჩვენ დროში განაზოგადა ატლანტის ოკეანის მნიშვნელობასთან - როგორც გამაერთიანებელი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის გამაერთიანებლისა, ამას საფუძვლად ედო ნ. სფაიქმენის ის მოსაზრება, რომ ცივილიზაციის ძირითადი ისტორიული ტერიტორია იყო “სანაპირო ზონა”, რომელიც ისტორიულად ახდენდა კონტინენტის შიგნითა სივრცეებისა და ასევე შორეულ ტერიტორიებზე ზღვის “ბარბაროსების” გაკულტურებას.

დავიწყოთ ა. მეჰენის, ნ. სფაიქმენის და მათ მიმდევართა თეორიებისა და სტრატეგიების, ძირითადი არსის განხილვა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი იყვნენ „ზღვის ცივილიზაციის” გეოპოლიტიკის წარმომადგენლები, ამასთან პრაქტიკოსი სტრატეგები. გეოპოლიტიკური მეცნიერების სუბიექტურობიდან გამომდინარე, ისინი გეოპოლიტიკურ რუკას უყურებდნენ საკუთარი ათვლის წერტილიდან (საკუთარი ინტერესების გადასახედიდან). გარდა ამისა, მათი მოღვაწეობა დაემთხვა და ემსახურებოდა აშშ-ის იმპერიის აღმავლობის პერიოდს. მათი სტრატეგია მიმართული იყო სწორედ იმ მიზნისაკენ, რომ აშშ გამხდარიყო ძლევამოსილი მსოფლიო იმპერია და საზღვაო ძალა, გაეკონტროლებინა ევრაზია, ანუ მსოფლიო. გამომდინარე აქედან, მთელი მათი გეოპოლიტიკა იყო ცალმხრივად მოძრავი ქუჩის მსგავსი. მათი მიზანი საბოლოო და სამუდამო გამარჯვება იყო და ეს აბსოლუტურად რეალურად მიაჩნდათ. კონტინენტური “შუაგული მიწის” (HEARTLAND) მნიშვნელობის სათანადო შეუფასებლობის გამო მათი სტრატეგია მუშაობდა აშშ-ის აღმავლობის პერიოდში, როგორც პარადიგმა, ანუ კანონზომიერება სრულიად გარკვეულ დროსა და ვითარებაში. შესაბამისად, ის არ წარმოადგენდა სრულფასოვან თეორიულ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას (ქუჩას ორმხრივი მოძრაობით). ხანგრძლივ სტრატეგიაში ისინი არ ითვალისწინებდნენ, ერთი მხრივ, ისტორიის სპირალურ-ციკლურ განვითარებას, მეორე მხრივ, ისინი კონტინენტურ სიღრმულ სივრცეს (HEARTLAND) განიხილავდნენ ინერტულ გეოპოლიტიკურ სივრცედ (ჩვენი აზრით, ეს მათი სტრატეგიული ხედვის შეცდომაა). ისტორიული გეოპოლიტიკური რეალობა კი სულ სხვაა: ევრაზიის კონტინენტური სიღრმიდან წამოსულმა მომთაბარე ტომებმა “ააფორიაქეს” და გარდაქმნეს სანაპირო ზოლი. ალტაის მთებიდან წამოსულმა თურქულმა ტომებმა შექმნეს იმპერია სანაპირო ზოლში, ბიზანტიის იმპერიის მიწაზე. სხვადასხვა დროს კონტინენტური სიღრმიდან წამოსულმა ხალხებმა შექმნეს ევროპის მიწაზე სახელმწიფოები (მაგალითად უნგრეთი) ან შეერივნენ სხვებს და იმ ტერიტორიებზე ახალი მუხტი და ტრადიცია (კონტინენტური ცივილიზაცია) შეიტანეს.

იგივე გრძელდება ამჟამადაც, რუსეთი, რომელიც არის დიდ სტეპზე ჩამოყალიბებული მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი წარმოშობის ხალხების კულტურულ-პოლიტიკური წარმონაქმნი, ამჟამადაც ზემოქმედებს სანაპირო ზოლზე – ახლა უკვე ჩინეთთან ტანდემში (სულ სხვა საკითხია ეს ცუდია, თუ კარგი). საზღვაო და სახმელეთო ურთიერთდაპირისპირებული გეოპოლიტიკური სივრცის ზემოქმედება ორმხრივია და ამის უარყოფა რეალობის არგათვალისწინებაა. ისინი ბალანსირებადი (წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი არ იარსებებდა) და გეოპოლიტიკურად ტოლფასოვანია. სხვაობა იმაშია, რომ თითოეული მათგანი ზემოქმედებს-იმპულსირებს თავისი ცივილიზაციის ხასიათიდან გამომდინარე, ანუ მოქმედებს საკუთარი ცივილიზაციის გადმოსახედიდან. რაც შეეხება “სანაპირო ზოლს”, აქ ჩასახული-წარმოქმნილი უძველესი სახელმწიფო-ცივილიზაციები ორმხრივი ზემოქმედების შედეგია (ამას აღიარებს ჰ.მაკინდერიც და მრავალი სხვაც). ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არ აგვერიოს გეოპოლიტიკური სივრცე და დრო. გეოპოლიტიკური მოვლენა გეოპოლიტიკური სივრცისა და დროის ერთობლიობაში განიხილება. მაგალითად ძველი რომის იმპერია დღევანდელი გადასახედიდან “სანაპირო ზოლშია” მოქცეული. იმ დროს, როდესაც ის უძლიერესი იმპერია იყო, წარმოადგენდა იმ დროის სამყაროს ცენტრს - შუაგულს (ანუ გეოპოლიტიკურად იმ დროის HEARTLAND-ს).

ჰ. მაკინდერის გეოპოლიტიკა მისაღებია ისეთი დედამიწის პირობებში, როდესაც აღმოჩენილია ამერიკა და გეოგრაფიული თეთრი ლაქები აღარ არსებობს. მისი გეოპოლიტიკა უფრო სრულყოფილია და მიმართულია ორმხრივი მოძრაობის ქუჩისაკენ, თუმცა ისიც საზღვაო გეოპოლიტიკის სუბიექტურობიდან გამოდის და ისწრაფვის, რომ ხმელეთის ცივილიზაციაზე საზღვაო ცივილიზაციამ საბოლოოდ გაიმარჯვოს. საერთოდ, ზღვის გეოპოლიტიკოსები კონტინენტზე კონტროლის დაწესებას უალტერნატივოდ და საბოლოოდ მიიჩნევენ, ასევე განიხილავენ ხმელეთის (ევრაზიული) გეოპოლიტიკოსები სანაპირო ზოლისა და ზღვის კუნძულებზე კონტროლის დაწესებას, როგორც უალტერნატივოსა და საბოლოოს (ჰ. მაკინდერი ამას “ზღვის ადამიანის” შეხედულებასა და “ხმელეთის ადამიანის” შეხედულებას ეძახდა), რაც გეოპოლიტიკის დუალისტური არსისათვის არის დამახასიათებელი. სანაპირო ზოლის სუბიექტურობას, როგორც გარდამავალ სუბიექტურობას არ გააჩნია დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მიმართულება, ის შეიძლება იყოს სტრატეგიის შემოქმედების წყარო, რადგან ორივე ცივილიზაციის გავლენას განიცდის, თუმცა უფრო მრავალფეროვანია.

გაგრელება იქნება