სურსათის-ცხოველის საკვების რეალიზაცია-ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ქართული კანონმდებლობა მკაცრდება და ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „სურსათის-ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი მთავრობაა. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ერთი მხრივ, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მექანიზმები განისაზღვრება, მეორე მხრივ კი, საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლი მკაცრდება.
მთავრობის ინიციატივით, მომხმარებელს სურსათის-ცხოველის საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატებთან, პესტიციდისა და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი უტყუარი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.
პროექტით, მომხარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან. ასევე ცვლილებებით, დაუშვებელია სურსათის-ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა და წარდგენა, მათ შორის დაფასოება, განთავსება და შეფუთვა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქტის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ცვლილებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი უვნებელი არ არის, სააგენტოს უფლება ეძლევა ბაზარში პროდუქტის განთავსება შეზღუდოს-აკრძალოს ან მისი ამოღება მოახდინოს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტი ბიზნესოპერატორის დარეგისტრირების წესს განსაზღვრავს და ბიზნესოპერატორის მიერ ვადაგასული სურსათის რეალიზაციის შემთხვევაში, ჯარიმებს აწესებს.
კერძოდ, პროექტით, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა აკრძალულია. ბიზნესოპერატორის აღიარება კი სააგენტოს მიერ ხდება. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპარატრის საქმიანობა - 500 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ასევე 500 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობაც.
ამასთანავე, ცვლილებებით, სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები (NACCR) სისტემის პრინციპების შესაბამისად.
რაც შეეხება ეტიკეტირების წესს, პროექტით, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის-ცხოველის საკვები, მათ შორის გენეტიკურად მოდიფიცირებული ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცვლელი ცხოველი, პესტიციდი აგროქიმიკატი უნდა იყოს ეტიკეტირებული.
ინიციატივით, დაუშვებელია სურსათის-ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტებში ტერმინების - „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“, ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება კანონით დადგენილი ბიოწარმოების წესებს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერთიფიკატით.
კანონპროექტით, თუ სააგენტოს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციოდ ამ ბაზარზე განთავსებული სურსათი-ცხოველი საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, ბაზარზე ამ პროდუქტის განთავსების აღსაკვეთად ზომები დაუყონებლივ მიიღოს. ბაზარზე განთავსებული მავნე პროდუქტის გამოთხოვა უნდა მოხდეს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა კი, ბიზნესოპარატორის - 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ცვლილებებით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზრიდან საკვების გამოთხოვის შესახებ სააგენტოს აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 200 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში თუ, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან დაუყონებლივ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მოთხოვნა არ შესრულდება, ბიზნესოპერატორი - 1000 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმები წესდება ცხოველის დაკვლა-რეალიზაციასთან მიმართებაშიც.
კერძოდ, პროექტით, თუ რეალიზაციის მიზნით, ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მოხდება, ბიზესოპარატორი 1000 ლარით დაჯარიმდება. ასევე 1000 ლარით დაჯარიმდება ბიზნესოპერატორი, თუ ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოხდება. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთსავსებული ხორცის გამოთხოვა მოხდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის-ცხოველის საკვების ეტიკეტზე კანონმდებლობით დადგენილი წესით აუცილებელი ინფორმაციის არასრულყოფილი განთავსება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის-ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხარებელი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით, ბიზნესოპერატორის მიერ ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ვადაგასაული სურსათის-ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება - 500 ლარიან ჯარიმას, ხოლო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის მიერ რეკომენდაციის შეუსრულებლობა 400 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს და თუ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, იგივე რეკომენდაცია არ შესრულდება, ეს ჯარიმა 1200 ლარამდე გაიზრდება.
ცვლილებებით, ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორის 500 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა - 150 ლარიან ჯარიმებას გამოიწვევს. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისთვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიარებათა გამოქვეყნების წესის დარღვევა კი - 1000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, მაგრამ თუ იგივე ქმედება ერთი წლის განმავლობაში ისევ იქნება ჩადენილი, ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზრდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომელთა მიხედვით, მთავრობამ კოდექსთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ნორმატიული აქტები.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა სავარაუდოდ, მომავალ პლენარულ კვირას დაიწყება.