ფინანსთა სამინისტროსთან ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში აღარ გადავა. სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერი დანიშნავს, თუმცა ის დამოუკიდებელი უწყება იქნება.
ბოლო მომენტისთვის პარლამენტი ამგვარ დათმობაზე წავიდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის ინიციტორმა დავით ონოფრიშვილმა პლენარულ სესიაზე წარდგენამდე, საკანონმდებლო ინიციატიცაში კიდევ ერთი ცვლილებება შეიტანა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატმა ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მიიღო.
მისი თქმით, მთავარი მიზანი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაა, რის გამოც უწყების ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანა აღარ მოხდება.
„პრეტენზიები იყო სწორედ დამოუკიდებობის ხარისხზე და არა იმაზე ვის დაექვემდებარება. ზოგიერთ ქვეყანაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.
პარლამენტართა ამგვარ გადაწყვეტილებას ადასტურებს და თავის მხრივ მხარს უჭერს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მისი განცხადებით, თავიდანვე იყო რამდენიმე ალტერნატივა, რადგან მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის დამოუკიდებლობა. „დღესაც ეს სამსახური ანგარიშვალდებულია პრემიერის წინაშე, უზრუნველყოფილი იქნება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი“, - აღნიშნა ხადურმა.
მინისტრის თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეს სამსახური სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებების ქვეშაა. „მთავრობისა და კანონპროექტის ავტორების კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი ფინანსთა სამინისტროში, სჯობს, ეს სამსახური იყოს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ექსპერტებისთვის კი დღესაც გაუგებარია ხელისუფლების თუნდაც ამგვარი გადაწყვეტილება. ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური მრავალი წელია ისედაც დამოკიდებელი უწყებაა.
„ჯერ ერთი, გაურკვეველია რატომ ხდება ამ სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოსვლა. დაქვემდებარება პირობითი ცნებაა, ვინაიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახური უკვე 10 წელია, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი უწყებაა. ეროვნულ ბანკთან მას მხოლოდ ფორმალობა აკავშირებს. ის არის სტრუქტურულად და წესდებით სრულიად ავტონომიური დაწესებულება, რომლის მუშაობის ნეგატიური მხარე არ წარმოჩენილა არასდროს, მაშინაც კი, როდესაც ბევრი სხვა ტიპის სამსახური გარკვეულ არაკანონიერ ქმედებებში იყო შემჩნეული.
სამსახურის მუშაობის ასეთ ფორმას განაპირობებდა ძალიან დიდი ზედამხედველობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ის იყო დიდი ყურადღების ქვეშ როგორც სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ისმის კითხვა, რატომ გახდა ეროვნული ბანკისგან გამოყოფა მაინცდამაინც დღეს აუცილებელი? რატომ ხდება, რომ კანონპროექტი შემუშავებულია პარლამენტის მიერ, როდესაც პარლამენტმა საერთოდ არ იცის ამ ორგანიზაციის მუშაობის ტექნიკური მხარე? როგორ გაჩნდა ეს იდეა პარლამენტში? გამოდის რომ, ეს იდეა გაჩნდა მთავრობაში, რომელსაც რაღაც მოტივით არ უნდა საერთაშორისო ორგანიზაციების გაღიზიანება. ამიტომ მთავრობამ დაავალა პარლამენტს, რომ თავისი საქმე გააკეთოს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.