რკინიგზის დაუტვირთაობის გამო, გუნცაძეს ტვირთი უმძიმდება

რკინიგზის დაუტვირთაობის გამო, გუნცაძეს ტვირთი უმძიმდება

რკინიგზის ტვირთბრუნვა კიდევ ერთხელ გახდა მსჯელობის საგანი. რატომღაც ეს ორგანიზაცია ვერადავერ ახერხებს ძველ მასშტაბებზე გასვლას, არადა საამისოდ თითქოს ყველა პირობა არსებობს.

რკინიგზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,9 მილიონ ტონამდე, 9,4%-ით შემცირდა და 18,2 მილიონი ტონა შეადგინა. ტვირთებმა ყველა მიმართულებით დაიკლო, ექსპორტის გარდა, რომელმაც მინიმალურად, 1,7%-ით მოიმატა (1,7 მილიონ ტონამდე). იმავე პერიოდში სატრანზიტო ტვირთებმა, რომელსაც მთლიან მოცულობაში 61% უკავია, 7,7%-ით მოიკლო და 11,2 მილიონი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება ტვირთების სახეობებს, ნავთობი და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებმა 384 ათასი ტონით, ანუ, 4%-ით მოიკლო, 9,1 მილიონ ტონამდე, 471 ათასი ტონით, 33 %-ით - მარცვლეულმა, 952 ათას ტონამდე, ხოლო 11,5%-ით - შაქარმა, 610 ათას ტონამდე.

13,7% -ით შემცირდა რკინისა და მანგანუმის მადანის გადაზიდვები (720 ათასი ტონა), ხოლო 2,5-ჯერ - ფერადი ლითონის მადანი (743 ათასი ტონა), უმნიშვნელოდ (5%-ით) მოიკლო ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვებმა - 481 ათას ტონამდე.

„საქართველოს რკინიგზაში“ ტვირთების კლებას ობიექტურ მიზეზებს უკავშირებენ: „საუბარია ნედლი ნავთობისა და ხორბლის ტვირთბრუნვის შემცირებაზე, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. შავი ზღვის პორტებში, დაახლოებით, 15%-ითაა შემცირებული ტვითბრუნვა. ბუნებრივია, თუ შავი ზღვის პორტები ნაკლებ ტვირთებს გადაამუშავებენ, შესაბამისად, ჩვენ დერეფანში რკინიგზის მეშვეობით ნაკლები ტვირთი გამოივლის. ასე რომ, საგანგაშო არაფერია“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ.

მისი თქმით, სამაგიეროდ, მოიმატა „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა, რაც მენეჯმენტის მიერ სწორად გამოყენებულმა „რეზერვმა“ განაპირობა.

„ზრდა განაპირობა მოქნილი ტარიფების შემოღებამ, სადგურში სერვისების გაუმჯობესებამ და „ჯორჯიან ტრანზიტის“ შემოსავლების რკინიგზის ბიუჯეტში გადმორიცხვამ, რომელიც წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ოფშორში კერძო პირების ჯიბეებში ილექებოდა. რაც შეეხება ტვირთებს, მათი რაოდენობა ბაზრებზე ვითარების ცვლილების პროპორციულად გაიზრდება“, - განაცხადა გუნცაძემ.

სხვათა შორის, რკინიგზის ტვირთების საკითხში ბოლო პერიოდში ე.წ. ჩრდილოვანი პრემიერის უჩა მამაცაშვილის სახელი ხშირად ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, სწორედ მისი მეშვეობით და მითითებით ხდება ყელა მსხვილი გარიგება და ტვირთების გადაზიდვა.

ამას „საქართველოს რკინიგზაშიც“ არ უარყოფენ და მოლაპარაკებებში საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ჩართვას ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ იგი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას არა კერძო პირის, არამედ „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლის სტატუსით იღებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მამაცაშვილი რკინიგზას იმ შემოსავლების დაბრუნებაში დაეხმარა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა.

„თანხები, რომელიც უნდა შემოსულიყო საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტში, მიდიოდა ოფშორებში. შარშან „ჯორჯიან ტრანზიტმა“, რომელიც კეზერაშვილის, მერაბიშვილის კუთვნილი კომპანია იყო, რკინიგზისთვის 12 მილიონი ლარის შემოსავალი მოიტანა. ეს არის 8 თვის შემოსავალი, რადგან აპრილში შეიძინა რკინიგზამ ეს კომპანია. წელს დაგეგმილია 15 მილიონი დოლარის შემოსავალი „ჯორჯიან ტრანზიტის“ გადაზიდვებიდან. რომ არა ეს ძალისხმევა, ეს ფული წავიდოდა მერაბიშვილის, კეზერაშვილის და წინა ხელისუფლების პირად ანგარიშებზე“, - აცხადებს კოკა გუნცაძე.

უჩა მამაცაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობდა. ხელმღძვანელობდა აგროსამრეწველო კომპანია „სტოილენსკაია ნივას“. მამაცაშვილი ოფშორში დარეგისტრირებული თანაინვესტირების ფონდის მმმართველი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კომპანიაში 42%-ს ფლობს.