ბუნებრივი აირი, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო ეკონომიურია ბენზინთან და დიზელთან შედარებით, სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ბოლო წლებში გახშირდა ავტომობილის „გაზზე გადაყვანა“, რაც საჭიროებს მანქანაში ბუნებრივი აირის უსაფრთხო ბალონის დამონტაჟებას და მის ძრავზე მიერთებას. რადგანაც ჩვენთან ყველაფერი „სწრაფად, იაფად და ხარისხიანად“ კეთდება, არ წყდება კამათი ასეთი კუსტარული გზით გადაკეთებული მანქანების უსაფრთხოების თემაზე.
ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა „ეისითიმ“ ჩაატარა გამოკითხვა, როგორია რესპოდენტების დამოკიდებულება მანქანის საწვავად ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ ათიდან ერთი თბილისელი (9%) გაზზე მომუშავე მანქანებს ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს, 43% კი უბრალოდ სახიფათოდ. ანუ, ჯამში, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (52%) თვლის, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები სახიფათოა. 29% ნაკლებად ხედავს გაზზე მომუშავე მანქანებში საფრთხეს და მხოლოდ 17% თვლის მათ სრულიად უსაფრთხოდ.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ დღეს თბილისში, რეალურად, ავტომობილების მეოთხედზე მეტი (28%) გაზზე მუშაობს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი (2000 წლამდე წარმოებული) მანქანების ბევრად მეტი ნაწილი იყენებს ბუნებრივ აირს საწვავად (41%), ვიდრე შედარებით ახალი (2000 წელს ან უფრო ადრე გამოშვებული) მანქანები (16%).
აღსანიშნავია, რომ იმ მანქანის მფლობელებს შორის, ვისი ავტომობილიც სხვა საწვავზე მუშაობს, 12% გეგმავს ახლო მომავალში მანქანის გაზზე გადაყვანას. ამჯერად გაზზე მომუშავე მანქანების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ (28%), მალე თბილისში არსებული ხუთი მანქანიდან ორი მანქანა (40%) გაზზე იმუშავებს.
უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ევგენი უშვერიძე ავტომობილებში გაზის ბალონების მასობრივი გასკდომის საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ „საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის“. მისი განმარტებით, 8 წელიწადში მეტალო ბალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტიკური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც.
„დროთა განმავლობაში უწყვეტი მინაბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ დროისთვის დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის როდის გასკდება ბალონი“, - აცხადებს ექსპერტი.
საფრთხის არსებობას არ გამორიცხავს ავტოექსპერტი დავით მესხიშვილიც. მისი თქმით, ავტოგაზთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს თვითნებური ხასიათი აქვს, როგორც მძღოლების, ასევე კომპანიების მხრიდან, რადგან საქართველოში ეს სფერო არც კანონით რეგულირდება და არც შესაბამისი სამსახური მოქმედებს, რომელიც მათ საქმიანობას კონტროლს გაუწევს.
„ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს საქართველოში დღეს არ არსებობს“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ საუბრისას მესხიშვილი. ამიტომ მძღოლებმა და კომპანიებმა თავად უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, რადგან გაზის ბალონებს ექსპლოატაციის ვადა გასდით და აუცილებელია მათი კონტროლი.
საქართველოში ავტოგაზის მონტაჟისთვის ძირითადად 2 ტიპის ბალონებია გავრცელებული: 1 ტიპი - მეტალის შემცვლელობისა, რომელსაც 25-წლიანი გარანტია აქვს და 2 ტიპი - მეტალოპლასტიკური 15-წლიანი გარანტიით. სიმსუბუქის გამო, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ მეტალოპლასტიკური ტიპის ბალონებზე მოდის.
ავტოექსპერტი მძღოლებს ურჩევს, 3 წელიწადში ერთხელ შეამოწომონ დამონტაჟებული გაზის ბალონები, ბალონის დატენვის დროს მოერიდონ მის ახლოს ყოფნას, ავტოგაზის მონტაჟისთვის კომპანიების ოფიციალურ წარმომადგენლობებს მიმართონ. ასევე გააკონტროლონ, რომ გაზის გასამართ სადგურზე ბალონის დატუმბვის დროს ატმოსფერული წნევა 200-სს არ აღემატებოდეს. „უფრო მაღალი ატმოსფერული წნევა, ბალონის ექსპლოატაციის ვადის შემცირებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს მესხიშვილი.