საქართველოდან მანქანების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და კვლავ ინარჩუნებს მთავარი საექსპორტო პროდუქტის სტატუსს. საყურადღებოა ის, რომ მეზობელ ქვეყნებში სულ უფრო ძვირადღირებული მანქანები გადის. შესაბამისად, თანხობრივ მაჩვენებელში გამოხატული მოცულობა ნახტომისებურად გაიზარდა.
ავტომობილებს, ჯამური ექსპორტის თითქმის 38% უკავია მაშინ, როცა ტრადიციული საექსპორტო პროდუქტები - ლითონის მადნები, ღვინო და ფეროშენადნობები, საერთო ჯამში, 15%-საც ვერ აღწევს.
2025 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან გავიდა 49 121 ავტომობილი, რომლის საერთო ღირებულებამ 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტზე 457 მილიონი დოლარის მანქანები გავიდა, 2024 წელს - იგივე მონაცემი 2.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალექსი ნონიაძის თქმით, რეექსპორტის რეკორდული ზრდა ფასს უკავშირდება, ანუ გაყიდული მანქანების რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ მათი ფასია დაკორექტირებული.
„შეიძლება ითქვას, რომ წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით. თუმცა, ერთია ეს მაჩვენებლები და მეორეა - რეალური მონაცემები. რეალური ვითარება არის ის, რომ დღეს ავტოდილერს მანქანების გაყიდვა უჭირს და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელი არარეზიდენტი პირები, იგივე ყაზახი და ყირგიზი დილერები.
ფაქტობრივად, არარეზიდენტ პირებს თვითონ ჩამოჰყავთ ავტომობილი, თვითონ არემონტებენ და თავადვე გაჰყავთ. ეს მაჩვენებელში აისახება, ხოლო ქართველი დილერისთვის და ქართული ეკონომიკისთვის, თუ არ ჩავთვლით ტრანზიტის გადასახადს, ეს თემა ჩვენთვის მოგებიანი არ არის, როგორც დილერებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ნონიაძემ.
რეექსპორტზე გასული ავტომობილების საშუალო ღირებულება მართლაც გაიზარდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2025 წელს, ექსპორტზე გასული მანქანები საშუალო ღირებულებამ 24 ათას დოლარს გადააჭარბა. ტენდენციას ადასტურებენ ქართველი ავტოდილერებიც.
„მანქანის ფასი გაიზარდა, იაფფასიან მანქანაზე ადგილობრივ დილერებს მარჟა ნაკლები აქვთ. როცა ყიდულობ და გიჯდება 5-6 ათასი დოლარი, იქ მოგების მარჟა ნაკლებია, ამიტომ ის ფასიანი მანქანები, რაც ადრე მოდიოდა, შემცირდა. გადაწყობა უფრო ხდება წლოვანებით ახალზე და შესაბამისად, ამ მანქანების ფასიც მეტია. ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვისაც გაჰყავდა ეს მანქანები, იქ რაღაცები შეიცვალა და შესაბამისად, ჩვენი ბაზარიც ცდილობს გადაეწყოს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 24 ათასი დოლარი საშუალო ფასი გახდა“, - აღნიშნა Auto Market Logistic-ის დამფუძნებელმა, დავით ბარამიძემ.
სტატისტიკის მიხედვით, მანქანების მთავარ საექსპორტო ქვეყანაში - ყირგიზეთში, ყველაზე ძვირადღირებული მანქანები გადის. ექვს თვეში, საქართველოდან ყირგიზეთში 19 ათასზე მეტი ავტომობილი გავიდა, მათი საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 32 ათას დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ ყირგიზეთში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოსთან შედარებით ბევრად დაბალია - 2 400 დოლარი - ჩვენგან ძვირადღირებული მანქანები შედის.