მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებით, ენერგეტიკა ჩიხში მოექცევა

მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებით, ენერგეტიკა ჩიხში მოექცევა

საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოება ორად იყოფა. თუ ადრე მოწინააღმდეგები აშკარად სჭარბობდნენ, ახლა  ჰიდროენერგეტიკის სწრაფ განვითარებას სულ უფრო მეტი ემხრობა. ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 4%-ით მატულობს, გენერაციის განვითარების ტემპი კი აშკარად დაბალია.

ჰესების მშენებლობის ნაცვლად, სულ უფრო ხშირად საუბრობენ მზისა ქარის სადგურების აშენების ალტერნატივაზე, თუმცა საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ალტერნატიული ენერგეტიკა ტრადიციული ენერგეტიკის გარეშე ვერ განვითარდება.

იურისტ თენგო კირთაძის შეფასებით, არ შეიძლება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, რადგან მათ აკლიათ სტაბილურობა. ჰესების მშენებლობის განვითარება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მთავარ ასპექტს წარმოადგენს.

მზისა და ქარის სადგურები არ არის ენერგიის მუდმივი მომწოდებელი, ამიტომ ვერ გახდება ცენტრალური ასპექტი ქვეყნის ენერგეტიკის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება ჰიდროელეტროსადგურების რესურსი. ამ მხრივ, გაგვიმართლა, რადგან გვაქვს წყალი ქვეყანაში და შესაბამისი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ჰესები ავაშენოთ, მით უფრო, როცა იგივე ენგურჰესის მაგალითზე, ამის გამოცდილება გვაქვს“, - აღნიშნა თენგო კირთაძემ.

წლიდან წლამდე, საქართველოში, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია. თუკი არ მოხერხდა ჰიდრორესურსის პოტენციალის ათვისება, მაშინ ქვეყანა მუდმივად ენერგოდამოკიდებული იქნება, როგორც ის ახლაა.

ყოველწლიურად, 4-5 პროცენტის ფარგლებში მატულობს ენერგიაზე მოთხოვნა. ჯამურად, სადღაც, 14 მილიარდ კილოვატ საათს მოვიხმართ საანგარიშო პერიოდში. აქედან 2.5 მილიონი მოდის თბოსადგურებზე, რომელიც ფაქტობრივად იმპორტირებული ენერგიაა, რადგან აქ ენერგიის გამომუშავება ხდება იმპორტირებული გაზის ხარჯზე. თუკი თბოსადგურებს არ შევიტანთ ბალანსში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი იმპორტდამოკიდებულება, დაახლოებით, 30 პროცენტია და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 25 პროცენტამდე გვაქვს ათვისებული. მაგალითად, შვეიცარიას თავისი რესურსების 80 პროცენტზე მეტი აქვს ათვისებული, ავსტრიას - 90 პროცენტი, ნორვეგიას - 95 პროცენტამდე აქვს ათვისებული და ა. შ.

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ევროპამ გადააფასა პოლიტიკა და ჰიდრორესურსის მაგივრად, გადავიდა მზისა და ქარის ენერგიაზე. სიმართლე ისაა, რომ ევროპამ უკვე მაქსიმალურად აითვისა ჰიდრორესურსი, ხოლო მზისა და ქარის ენერგიის განვითარების მიზანი ენერგიის დამაბალანსებელ ეფექტს ატარებს და არა ჰესების ალტერნატივას“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან ერთად, აუცილებელია რამდენიმე დიდი ჰესის მშენებლობაც, სადაც მოხდება წყლის დაგუბება. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს, წლის ნებისმიერ პერიოდში, ენერგიის სტაბილური მიწოდება უზრუნველვჰყოთ.

რადგანაც ქვეყანაში ჰესების მიმართ გაურკვეველი დამოკიდებულებაა და საზოგადოება თანდათან ორ ბანაკად იყოფა, კაშხალიანი ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დიდი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს და შემდეგ გაიყიდოს. სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აცხადებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე. იგი მთავარ არგუმენტად ჰიდროენერგეტიკაში საქართველოს დაზიანებულ იმიჯს ასახელებს.

„ნამოხვანჰესის ნეგატიური მაგალითის გამო, შესაძლებელია, სხვების მხრიდანაც ინტერესი შემცირდეს, ამიტომ სად ვნახოთ გამოსავალი?! ვფიქრობ, როგორც ქარის ელექტროსადგური ააშენა სახელმწიფომ - სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და შემდეგ გაყიდა, ამ შემთხვევაშიც, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი - ჩვენ უნდა ავაშენოთ. სხვა გზას ვერ ვხედავ, თუ არ გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები, ვისთანაც მოლაპარაკებები ადეკვატურ ფორმატში გაიმართება.

ახლა იქნება კითხვა - გადასახადების გადამხდელების ფულით უნდა ავაშენოთ ახალი ჰესები? სწორი კითხვაა, მაგრამ სხვა გამოსავალი გვაქვს?! ამიტომ, უნდა ავაშენოთ და შემდეგ შესაძლებელია, გავყიდოთ...

დღესდღეობით, ჰესებს ვერ ვაშენებთ - ეს ხომ ფაქტია. ჰიდროენერგეტიკაში დღეს ფულს არავინ დებს... შარშან რამდენი ჰესი ამუშავდა? - ჯამში, ენერგეტიკულ ქსელს სულ რაღაც 50 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე შეემატა, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

 

 

 

KAB უდაოდ, უახლესი ფაქტები - ევროპის მწვანე დღის წესრიგის ფიასკო.
2 საათის უკან