ინფლაცია იზრდება, განსაკუთრებით სურსათის მიმართულებით, სადაც ორნიშნა მაჩვენებელია და მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას პრობლემას უქმნის. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, როდესაც თითქოს ფასების საერთო დონე მნიშვნელოვნად არ იზრდება, მაგრამ მოსახლეობისთვის საჭირო პირველადი მოხმარების პროდუქცია მაინც თვალში საცემად ძვირდება. ეკონომისტები სწორედ ამ კუთხით ამახვილებენ ყურადღებას და მთავრობას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
როგორც ცნობილია, ფასები მატულობს ადგილობრივ პროდუქტზეც, განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული, რაც მოქალაქეების ხელმოკლე ფენაზე მძიმედ აისახება.
„საქსტატის“ თანახმად, ივლისში, საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა. სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, იქ ფასები წლიურად 9.5%-ით გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, სურსათის ჯგუფში ორნიშნა მაჩვენებელი მთავრობისა და მოსახლეობისთვის დიდი გამოწვევაა.
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია 4.3%-ია, სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა სახეზეა: ბოსტნეული 25.5%-ით გაძვირდა და ზეთი და ცხიმი - 17%-ით. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ამას გაცილებით მძიმედ გრძნობს, რადგან მათი ძირითადი ხარჯი სწორედ საკვებზე მოდის.
„მიუხედავად იმისა, რომ გასული წლიდან ინფლაცია მზარდია, მაღალი მაინც არ არის და 4.3%-ია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა - სასურსათო ინფლაცია ყოველთვის გაცილებით მაღალია (10.4%) და იმ სურსათშიც, მაგალითად, ბოსტნეული გაძვირებულია 25.5%-ით და ზეთი და ცხიმი - 17%-ით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალშემოსავლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში სურსათს უჭირავს ძირითადი წილი. შესაბამისად, მათთვის ინფლაციის წნეხი გაცილებით მაღალია“, - განუცხადა ბერიკაშვილმა „კომერსანტს“.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისს, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა, რითაც გააგრძელა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ზომიერი ინფლაციური წნეხის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ რეგულატორმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-დან 7.4%-მდე გაზარდა. იმავდროულად, სებ-ი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი გლობალური გაურკვევლობება ინფლაციური რისკების მატარებელია და არსებული განაკვეთის დონე საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისია.
სებ-ის პროგნოზით, 2025 წელს, ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოდ, 3.8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 3.0%-ის გარშემო დასტაბილურდება.
როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განმარტავს, შემოსავლების ზრდა ვერ მოხერხდება და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა დაბალ დონეზე დარჩება.
„საქართველომ შეძლო ინფლაციის ტემპის შემცირება. ამ მხრივ, სერიოზული გაუმჯობესებაა და ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, მაგრამ მეორე მხარეა, რომ მოსახლეობა სოციალური დილემის წინაშეა. შემოსავლების დიდი ნაწილი საკვებსა და მედიკამენტებში იხარჯება, არადა, სწორედ ეს პროდუქცია ძვირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას უჭირს.
არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ სოციალური კეთილდღეობა გაუმჯობესდეს, მოსახლეობამ შეღავათი იგრძნოს და სურსათის ხარჯი შემსუბუქდეს, მანამდე ამ მდგომარეობას არ ეშველება, მუდმივად გვექნება შემოსავლების დეფიციტი, ღარიბი ფენა ვერ გაძლიერდება და ინფლაციაზე წნეხი მუდმივად შენარჩუნდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს. ასეთია სესხის თანამონაწილეობა, სუბსიდირება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. ზოგადად, დიდი ძვრებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არის ბევრი ინიციატივა, თუმცა მაინც არასაკმარისია და მხოლოდ ამ ნაბიჯების გადადგმით, ქვეყანა არსებულ გამოწვევას ვერ ერევა“, - აღნიშნა ბაირახტარმა.