საქართველოს ეკონომიკასთან ერთად, მოსახლეობის ნაწილის შემოსავლები, ფულადი გზავნილები თუ საშუალო თვიური ხელფასი იზრდება, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი კვლავაც სხვადასხვაგვარია. მოქალაქეების ნაწილი ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, ხარჯების გაზრდასაც, მაგრამ დაახლოებით 1/3 კვლავ შემოსავლების მწვავე დეფიციტს განიცდის. მიზეზი არასაკმარისი დასაქმება და ხელფასია, რომელიც ბევრ ადამიანსა და ოჯახს უქმნის პრობლემას.
საზოგადოების ერთი ნაწილი ახერხებს დანაზოგის გაკეთებას. მაგალითად, 2025 წლის ივნისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.85 მილიარდი ლარით (3.15%-ით) მეტია წინა თვის მონაცემებზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.00%-ით მეტი). ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.57% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული ფენა ახერხებს დოვლათის შექმნას და დანაზოგების გაკეთებას, ნაწილს კვლავაც მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჰყოფნის შემოსავლები. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, იმ შინამეურნეობების წილი, რომლებიც სოციალურად მოწყვლადებია, 35%-ს შეადგენს.
„საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დოვლათს ქმნის და ეს აისახება როგორც მოხმარების, ისე დეპოზიტების ზრდაში. აგრეთვე, ეს ჩანს იმაშიც, რომ წლიდან წლამდე, საკმაოდ მაღალ დონეზეა უცხოეთიდან მიღებული ტრანსფერების რაოდენობა. საქართველოს მოქალაქეები, უცხოეთიდან მათი ოჯახის წევრების მიერ გადმოგზავნილი თანხების საკმაოდ დიდი მომხმარებლები არიან. ამდენად, იმის თქმა, რომ საქართველოს მოქალაქეები დოვლათს ვერ ქმნიან, გადაჭარბებული მეჩვენება. საუბარი შეგვიძლია იმაზე, თუ რა ნაწილს არ შესწევს უნარი, მუდმივად განახორციელოს დანაზოგი და მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იყოს დაკავებული.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ყოველ 100 ოჯახზე მხოლოდ 85 დაქირავებით დასაქმებული მოდის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საქალაქო დასახლებებში, მით უფრო დედაქალაქში, ჩვენ გვყავს ოჯახები, სადაც ორი და მეტი დაქირავებით დასაქმებულია, გამოდის, რომ ხელფასის გარეშე დარჩენილი ოჯახების რაოდენობა არა 15%, არამედ გაცილებით მეტი - დაახლოებით, 35%-ის ფარგლებშია. ეს კონტიგენტი არის ყველაზე მეტად მოწყვლადი, რადგან ისინი ვერ ახერხებენ სისტემატურად თანხის დაზოგვას და მათი მიმდინარე შემოსავლები, ძირითადად, მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ არჩვაძემ.
როგორც სტატისტიკოსი აცხადებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 35% არის მოწყვლადი სიღარიბის მიმართ და საჭიროებს სხვადასხვა სახის სოციალურ მხარდაჭერას.
„საქართველოში, ბოლო მონაცემებით, საშუალო ხელფასი 2 100 ლარის ფარგლებშია, თუმცა მედიანური ხელფასი ამაზე ნაკლებია. რომ დავამრგვალოთ, უხეში დათვლით, დაქირავებით დასაქმებულია მილიონამდე ადამიანი, დაახლოებით, 500 000 პირს აქვს ნეტო - ხელფასთან შედარებით, ნაკლები შემოსავალი. უხეში დათვლით, ეს არის, დაახლოებით, 900-950 ლარის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კონტიგენტი არის მოწყვლადი სიღარიბისა და იმ მომსახურებებზე ხელმიუწვდომლობის კუთხით, რასაც ჰქვია დაგროვების შეუძლებლობა. ეს 35% არის ის კონტიგენტი, რომელიც სხვადასხვა მეთოდოლოგიის დამუშავების შედეგად, კვლავ ექვემდებარება“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი რეალობას მოწყვეტილია და სიმართლეს მედიანური ხელფასი უფრო ადგენს. ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას განცხადებით, საკვებზე დახარჯული თანხა მთლიან დანახარჯებში 30%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 10-12%-ია.
რაც უფრო დაბალია სურსათის შეძენაზე გაწეული ხარჯის წილი, მით უფრო უკეთესი მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს ცხოვრების დონეს უსვამს ხაზს. როდესაც კვებაზე დახარჯული ფული ცოტაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი არ იკვებება, პირიქით, დანარჩენი შემოსავლის ნაწილი მიდის დასვენებასა თუ ფუფუნების საგნების შეძენაზე, რაც მიანიშნებს ცხოვრების მაღალ დონეზე“, - განაცხადა მაკალათიამ.
საკონსულტაციო კომპანია „სტარტ ბიზნეს სოლუშენის“ კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება. ამავე კვლევის თანახმად, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ფასების კვლევით ვლინდება, რომ თბილისში, ოთხწევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად, საშუალოდ, 1075 ლარს შეადგენს.
„1075 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ მიიღო საკმარისი ცხიმები, ცილები და ის მიკროელემენტები, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აპრილში, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო. ცვლილებები გამოწვეულია რიგი პროდუქტების სეზონურობით“, - აღნიშნა „სტარტ ბიზნეს სოლუშენის“ მმართველმა პარტნიორმა, ლარისა პატარაიამ.