პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომას მედიასთან ეხმიანება და განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ამ სამიტზე.
„ჩინეთი არასდროს მისცემს თავის თავს უფლებას მოგვაყენოს შეურაცხყოფა ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებებში, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით“- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ჩინეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა დედოლარიზაციის ზრდა და მსჯელობენ რით შეიძლება აღუდგეს წინ მსოფლიოს ერთი ნაწილი მსოფლიოს იმ მეორე ნაწილს, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამ სამიტზე მიწვევა ჩინეთის მხრიდან პროვოკაცია იქნებოდა. ანალიტიკოსი სამიტში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობასაც ეხმიანება და განმარტავს, რომ ქვეყნებს „შოსსა“ და „ბრიქსში“ გაწევრიანების განაცხადები აქვთ გაკეთებული და ამავე დროს, წლების მანძილზე ამ სამიტის დამკვირვებლები იყვნენ. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს არ აქვთ ევროინტეგრაციის ვალდებულება საკუთარ მოსახლეობასთან.
„დღეს ეს სამიტი [შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა] დაუფარავად შერაცხილია ანტიდასავლურ სამიტად (მაგრამ მე ამას კონტრდასავლეთის სამიტად შევრაცხავდი), დიალოგია მსოფლიოს იმ ნაწილებს შორის, რომლებიც დღეს არიან „შოსის“ [შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია] ან „ბრიქსის“ გაერთიანებაში და საუბარი მიდის ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად დედოლარიზაციის წინსვლა. მხოლოდ გასულ წელს შიდა ვაჭრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის გაიზარდა 245 მლრდ დოლარით და აქედან უმრავლესობა არის იუანში და რუბლებში გატარებული ტრანზაქციები. ვხედავთ, რომ აქტიურად მიდის საუბარი „ბრიქსისა“ და „შოსის“ შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონტრდასავლურ ჭრილში. რით აღუდგეს მსოფლიოს ერთი ნახევარი იმ მეორე ნახევარს, რომელსაც ნომინალურად საქართველო მიეკუთვნება. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. თვეში ერთხელ ჩინეთის ელჩსა და ჩვენი პრემიერს შორის საქმიანი ურთიერთობები განიხილება იმ კონკრეტული ინტერესების სფეროში, რომელშიც შედის ანაკლიის პორტი, შუა დერეფანი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არ გაჩერებულა საქართველოსთან მიმართებით და სწორედ ეს არის ჩინეთის ძირითადი ინტერესი ჩვენთან დაკავშირებით. ჩინეთი არასდროს მისცემს თავის თავს უფლებას მოგვაყენოს შეურაცხყოფა ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებებში, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით. ჩინეთისთვის ნათელია რამდენად წამგებიან უკუეფექტს მოახდენდა მათ მიერ ჩვენი დემონსტრაციული დაპატიჟება კონტრდასავლეთის ფორუმზე, როდესაც კონსტიტუციაში ჩადებულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ჩინეთის, რომ ის ამ პროვოკაციაზე არ წამოვიდა, რადგან პატივს სცემს სულ სხვა ფასეულობებს. ჩვენი ადგილი იქ ნამდვილად არ იყო. ილფი და პეტროვის „12 სკამიდან“ ცნობილი ფრაზა მახსენდება - "კისა, ჩვენ უცხონი ვართ ცხოვრების ამ ზეიმზე." ჩვენი ადგილი იქ მართლაც არ იქნებოდა, განსხვავებით სომხეთისგან, რომელმაც წელს ოფიციალურად განაცხადა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. აზერბაიჯანმა „ბრიქსში“ გააკეთა განაცხადი 2024 წელს. ანუ იქ წარმოდგენილია ორივე ორგანიზაცია [„შოსი“ და „ბრიქსი"], მანამდე კი ეს ორივე ქვეყანა დამკვირვებლების სტატუსით იყო ჩართული წლების განმავლობაში. მათ, ჩვენგან განსხვავებით, არანაირი ვალდებულება არ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ამ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩადის იქ ფაშინიანი,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.