კონკურენციის სააგენტო მუშაობას მინიმუმ 6 თვე ვერ დაიწყებს. გამორიცხული არ არის, ანტიმონოპოლიური უწყების ამოქმედება მომავალ წლამდეც გადაიდოს. უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ, რომ კანონის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში მორატორიუმი იმოქმედებს.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის აზრით, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის კანონის მიღება ბაზრის ანალიზის გარეშე მოხდა. ასევე არ არსებობს მეთოდოლოგია თუ როგორ უნდა იმუშაოს კონკურენციის სააგენტომ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს ქვეყანაში პროგრესული კანონების არსებობა. დავით ონოფრიშვილის თქმით, კანონზე მუშაობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართვა საპარლამენტო ოპოზიციასაც შეეძლო.
ონოფრიშვილის თქმით, რაკი სააგენტო იქმნება, ალბათ არსებობს ბაზარზე მონოპოლიასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად, ფასწარმოქმნა საწვავთან დაკავშირებით შესასწავლია.
პარლამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გასულ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა, მაგრამ იმათვითვე წააწყდა კრიტიკას. მაგალითად, ბიზნესასოციაცია პარლამენტისაგან მოითხოვდა, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და რეგულაციები ყოფილიყო რაც შეიძლება ნათელი და არაორაზროვანი. კანონი არ შეიცავდეს ბევრ ბუნდოვან დებულებას და კანონდარღვევის შემთხვევაშიც სანქციები იყოს გონივრული.
„გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროკავშირის ანტიმონოპოლიური პოლიტიკაც კი წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი ბაზა მოიცავს ათეულობით კომპლექსურ რეგულაციას და ინსტრუქციას. მივიჩნევთ, რომ კანონპროექტის ამოქმედების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი გადაწყვეტილებების რისკი, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის არსებულ ბიზნესგარემოს“, - აცხადებდნენ ასოციაციაში.
კონკურენციის კანონის მიღებას ქართველი ბიზნესმენები კი დადებითად აფასებენ, მაგრამ, ფიქრობენ, რომ აღსრულება რთული იქნება. „კარგია, რომ შეიქმნა კონკრეტული უწყება, კონკურენციის სააგენტო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, ბაზარზე მონოპოლისტი გამოავლინოს და დააჯარიმოს კიდეც, კარგად არის განსაზღვრული თავად დომინანტი კომპანიის წილი ბაზარზე - 40%. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ამ მხრივ რეგიონში დავწინაურდით კიდეც, თუმცა, მიმაჩნია, რომ სააგენტოსთვის კვლევის ჩასატარებლად მიცემული ერთი წელი ძალიან ბევრია“, - აცხადებს კომპანია „აგრიკომის“ დამფუძნებელი, კოკი ოსიპოვი.
მისი აზრით, ვიდრე კონკურენციის სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო დამრღვევი კომპანიის გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს ყველა ინსტანცია საქმეზე იმსჯელებს, ბაზარზე შევიწროვებული კომპანიების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
„ბიზნესი ერთ ადგილზე ხომ არ დგას, ის გამუდმებით ვითარდება. ერთი წელი ძალიან ბევრია. ამასობაში მონოპოლისტი კიდევ უფრო მოძლიერდება, ჩვენ გვექნება პრობლემა, იმ ეკონომიკურ აგენტებს, ვინც საჩივარით მივმართავთ სააგენტოს. პატრული ხომ არ არის, დავუძახოთ და მივუთითოთ, აი, აშავებს და მიხედეთ-თქო და რეაგირებაც მეყსეულად ვიხილოთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა „ბიპიენთან“ საუბრისას.
კიდევ ერთი პრობლემა კოკი ოსიპოვის აზრით, მოსამართლეთა საეჭვო კომპეტენციაა. „მონოპოლიების დადგენა საკმაოდ რთულია, მით უფრო, საქართველოში გაძნელდება, რადგან ამ მხრივ გამოცდილება არ გვაქვს. მოსამართლეთა უმეტესობა ეკონომიკურ პროცესებში ვერ ერკვევა. არადა, საბოლო სიტყვა გასაჩივრების შემთხვევაში, სწორედ მათზეა“, - ამბობს ოსიპოვი.
სანამ ბიზნესმენები და ექსპერტები კანონმდებლობაზე მსჯელობდნენ, ამასობაში კონკურენციის სააგენტოს ამოქმედება მინიმუმ 6 თვით გადაიდო. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად დარჩება და არც შევიწროებულ ბიზნესს ეშველება რამე.