მსოფლიო მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაახლოებით 50-წლიანი გამოცდილება; პროექტები, რომელთა ღირებულება 1,5 მილიარდ აშშ დოლარსაც აჭარბებს; ინდოეთში აშენებული 1500 მეგავატი სიმძლავრის ნატპა ჯაჰრის, ჩამერას, მანერი ბჰალის და სხვა ჰიდროელექტროსადგურები, - ეს არასრული ინფორმაციაა იმ ინვესტორი კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობას გეგმავენ.
სვანეთში 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროპროექტის მშენებლობას „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ აპირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ტრანსელექტრიკა ლიმიტედია“, „ტრანსელექტრიკას“ პარტნიორი ორგანიზაცია კი „კონტინეტალ კონსტრაქშენია“.
აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა „თბილისი მარიოტში“ სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„კონტინენტალ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი მოჰინდერ ვერმა აცხადებს, რომ ხუდონჰესის პროექტი ინვესტორთა ჯგუფს სათანადოდ აქვს შესწავლილი და საამისოდ საკუთარი გამოცდილების გარდა საერთაშორისო ექსპერტებიც დაიხმარეს.
„ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტორთა ჯგუფს, რომლებიც გაერთიანდნენ ხუდონის პროექტის განსახორციელებლად. პროექტი რამდენიმე კუთხით შევისწავლეთ, მათ შორის იყო ფინანსური, ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების საკითხები, ასევე იყო მთავრობის ფაქტორი. 2005 წელს ვეწვიე პირველად სოფელ ხაიშს და კაშხლის სავარაუდო ადგილმდებარეობას, მას შემდეგ არაერთხელ ვიყავი ჩასული. 27-ზე მეტი კაშხალი და შესაბამისი ნაგებობა გვაქვს აშენებული... მინდა, დავარწმუნო ყველა, რომ ხუდონის პროექტს სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში და ქვეყნისთვის მინიმალური შესაძლო დანახარჯებით განვახორციელებთ. პროექტში ჩვენი რესურსი ფინანსურის გარდა ტექნიკური კვალიფიკაციაცაა”, - განმარტავს მოჰინდერ ვერმა.
ბიზნესწრეებში ცნობილი ინდური ოჯახის კანსაგრების შთამომავალი, ინვესტორი ბუპენდრა კანსაგრა კი აქცენტს საქართველოსთვის ხუდონის პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს.
„მას შემდეგ, რაც მივიღებთ საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ, შევძლებთ, უფრო კონკრეტულად ვიმუშაოთ ინვესტორებთან, რათა მათაც შეიტანონ საკუთარი წვლილი პროექტის წარმატებაში. ეს ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის წარმოებას როგორც საქართველოს მოხმარების, ისე ექსპორტისთვის, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მოხარული ვარ იმ მხარდაჭერით, რასაც საქართველოს მთავრობა ჩვენ მიმართ ავლენს და ვიმედოვნებთ, ეს გაგრძელდება”, - აცხადებს ბუპენდრა კანსაგრა.
ინვესტორთა განმარტებით, ხუდონჰესის მშენებელი „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ საქართველოშია რეგისტრირებული და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდის, ოფშორში კი მხოლოდ მის მფლობელ ერთ-ერთი კომპანიას აქვს რეგისტრაცია გავლილი, რაც მათი განმარტებით, საგადასახდო ფაქტორებს უკავშირდება.
„კონტინეტალ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ხუდონის პროექტის კონტექსტში ხაიშელების პრობლემის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს და ადგილობრივებთან დიალოგს მომავალშიც გაარძელებენ.
„სოფლის მოსახლეობათან დისკუსიებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, უნდა გამოინახოს ფორმა, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები“, - აცხადებს მოჰინდერ ვერმა.
ინვესტორები მიიჩნევენ, რომ სვანეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუდონჰესი ახალი ცხოვრების დაწყების შანსი და სოციალურ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა იქნება.
ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობასა და ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობაზე საუბრობს „ტრანსელექტრიკა - ჯორჯიას“ წარმომადგენელი დავით მირცხულავაც.
„უფალს აზერბაიჯანისთვის ნავთობი აქვს მიცემული, საქართველოსთვის - ჰიდრორესურსები და ჰიდროენერგია, რომლის გამოუყენებლობა რაციონალური არ იქნება. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჰიდრორესურსების გამოყენებაზე. თუ გვინდა, დავძლიოთ სიღარიბე, უნდა ავითვისოთ ის რესურსი, რაც ღმერთმა გვიბოძა. ევროპაში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელსაც ჰიდრორესურსი გააჩნია და მისი ათვისების დონე არ არის 95%. მაგალითად, ნორვეგიას, რომელსაც აზერბაიჯანზე არანაკლები გაზი და ნავთობი აქვს, 3600 კაშხალი აქვს აშენებული. ევროპაშიც აქტიურად აშენებენ კაშხლიან წყალსაცავებს“, - განმარტავს დავით მირცხულავა.
ინვესტორი კონპანიების ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ხუდონის პროექტზე შეთანხმებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც კომპანიას, ასევე ხაიშის მოსახლეობას.
„ვერ გავამჟღავნებთ ყველა დეტალს, რაზეც მთავრობის წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ. პროექტის რისკი არის ინვესტორების და მისი განმხორციელებლის რისკი“, - აცხადებს მოჰინდერ ვერმა.
მისივე განმარტებით, „კონტინენტალ კონსტრაქშენი“ საქართველოსთან თანამშრომლობას გრძელვადიან ჭრილში განიხილავს და ქვეყანას სხვა პროექტებზე თანამშრომლობისთვისაც საინტერესო პარტნიორად მიიჩნევს.
„კონტინენტალ კონსტრაქშენი“ წარმოადგენს ერთ-ერთ მხარეს იმ კონსორციუმისა, რომელიც აფინანსებს და ახორციელებს ხუდონის პროექტს. ჩვენი კომპანია საქართველოს სერიოზულ პარტნიორად განიხილავს. მას შემდეგ, რაც დასრულდება ხუდონის პროექტი დავიწყებთ მსჯელობას სხვა პროექტებზე, ამის ინტერესი ნამდვილად გაგვაჩნია“, - აცხადებს მოჰინდერ ვერმა.
საქართველოს მთავრობის ნებართვის შემთხვევაში ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება.