რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების 700-მდე მძღოლი, რუსთავი-თბილისის გზატკეცილს გადასაკეტად ემზადება, რათა ამ ფორმით ტენდერში შპს „ინტერტრანსის“ გამარჯვება გააპროტესტონ. გუშინ გაირკვა, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს. იგი საქართველოს ყველაზე დატვირთულ მარშრუტზე მონოპოლისტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან გამოცხადებული 11-ვე ლოტზე კომისიამ გამარჯვებულად „ინტერტრანსი“ გამოაცხადა.
როგორც მძღოლების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე აცხადებს, მათი პროტესტი უკიდურესად მწვავე იქნება. შპს „ინტერტრანსი“ ჯერ გამარჯვებულად არ ითვლება, რადგან ხელშეკრულების გაფორმების ორკვირიანი ვადა აქვთ, ამ ვადაში შპს-მ 1 მლნ 100 ათასი ლარის საბანკო გარანტია უნდა მოიტანოს დამატებით და უნდა შემოიყვანოს მანქანები, თორემ ხელშეკრულება არ გაუფორმდება. ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის ბრძოლა. ხვალიდან გადავკეტავთ რუსთავი-თბილისის გზას 700 ავტომანქანით და შევეცდებით რუსთავის მერის კაბინეტიდან გარეთ გამოგდებას“, - განაცხადა რიჟამაძემ.
აღსანიშნავია, რომ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებსა და ე.წ. ხაზების მეპატრონეებს, რომლებიც კონკურსის მინიმუმ 3 წლით გადაწევას მოითხოვენ და ამ მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს რუსთავის მერიასთან, თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან და უცხო ქვეყნების საელჩოებთან მართავენ.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას შპს „ინტერტრანსს“, მას განაცხადი თერთმეტივე ლოტზე ჰქონდა შეტანილი და კონკურსის შედეგების მიხედვით, ის რუსთავი-თბილისის მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანაზე მონოპილისტი სატრანსპორტო კომპანია გახდა. კონკურსის შედეგები რუსთავის მერიის ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის გაცემის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ რეზო თედორაძემ გამოაცხადა.
თედორაძის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი სულ სამმა კომპანიამ შეიტანა, აქედან შპს „რუსთავის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა“ - 3 ლოტზე, შპს „ინტერტრანსმა“ - 11 ლოტზე, ხოლო „საქართველოს სატრანსპორტო კომპანიამ“ - 1 ლოტზე, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადის გატანის სურვილი საკონკურსო პაკეტების გახსნამდე გამოთქვა.
„კონკურსში გაიმარჯვა შპს „ინტერტრანსმა“, რომელიც შემოდის ევრო-4-ის სტანდარტების ახალი ემ-2 კატეგორიის ტრანსპორტით. კომისიამ „ინტერტრანსის“ საკუთრებაში არსებული 287-ივე სატრანსპორტო საშუალება დაათვალიერა. რამდენიმე დღეში რუსთავის მერია მათთან ხელშეკრულებას გააფორმებს, გადაეცემათ ნებართვები, თავის მხრივ, „ინტერტრანსი“ დადებს ხელშეკრულებას მძღოლებთან.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მძღოლების 95% ან მთლიანად, როგორც ეს საკონკურსო წესში წერია, იქნებიან ადგილობრივები, ისინი ვინც ამჟამად მუშაობენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე. ამავე დროს, არ იცვლება და იგივე რჩება მგზავრობის ღირებულება და ის სვლა-გეზები, რაც ამჟამადაა. ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები იმისათვის, რომ მძღოლების შრომითი პირობები და ანაზღაურება, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა იყოს სათანადო“, - განაცხადა თედორაძემ „ინტერპრესნისუთან“ საუბრისას.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე კონკურსი 14 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 17 მარტს დასრულდა. კომისიაში შესული საკონკურსო პაკეტები 18 მარტს გაიხსნა. როგორც ჩანს, ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც ხაზების მფლობელებისა და მძღოლების პროტესტი მწვავე და უშეღავათო იქნება.