ბოლო დროს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატების ტენდენციაა. ამასთან, ბაზარი გამოცოცხლებასაც იწყებს. დეველოპერები კი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბინების გაძვირებასაც ვარაუდობენ.
მარტში გასული წლის დეკემბერთან შედარებით ბინების გაყიდვის შესახებ განცხადებები 16 პროცენტით გაიზარდა. ეს ტენდენცია ბინების გაყიდვის მსურველთა განცხადებების ანალიზმა აჩვენა. არდა, შარშან წლის ბოლოს ბინის გაყიდვის მაჩვენებული შემცირებული იყო. როგორც მყიდველები, ისე გამყიდველები მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდნენ. მართალია, მას შემდეგ საქართველოში არაფერი შეცვლილა, მაგრამ 2014 წლის დასაწყისიდან კვლავ უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებლმა ზრდა დაიწყო.
„სიტყვა და საქმის“ განცხადებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 2014 წლის მარტში 40%-ით გაიზარდა ვაჟა-ფშაველას კვარტლებში ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა, ხოლო ნაძალადევში - 28%-ით. ასევე, 19%-ით გაიზარდა გლდანში ბინის გაყიდვის მსურველთა რაოდენობაც.
სხვათა შორის, ბოლო დროს მაღლა დაიძრა ფასებიც. მართალია, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად არ მომატებულა, მაგრამ უკეთესი პერსპექტივის იმედად ქონების მფლობელებს სარეალიზაციოდ გამოტანილი ობიექტების სანაცვლოდ უფრო მეტი თანხის მიღება სურთ.
უშუალოდ თბილისში ბინების ფასი უმნიშვნელოდ შიეცვალა, მაგრამ, სამაგიეროდ, გაძვირდა მიწის ნაკვეთები და საააგარაკო ადგილები. ამასთან, ფასმა მოიმატა საკურორტო ზონებშიც.
მაგალითად, თებერვალში წინა თვესთან შედარებით, გუდაურში უძრავი ქონების ღირებულება 8,3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1227 დოლარი შეადგინა. კვლევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა, ასევე აღნიშნულია, რომ შერჩეულ საკურორტო ზონებში სიძვირით (1 კვ/მ 948 აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა ბათუმი (ფასი იანვართან შედარებით, 44 დოლარით შემცირდა). ერთ თვეში 15%-ით გაიაფდა ბინები ბაკურიანშიც და 1 კვ/მ-ზე 892 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება თბილისის გარშემო მდებარე აგარაკების მიწების ღირებულებას, თებერვალში ყველაზე მეტად სიძვირე წყნეთში აღინიშნა - ერთი კვადრატული მეტრი 46 დოლარი (თუმცა, წინა თვესთან შედარებით 15%-ით გაიაფდა). მეორე ადგილი კოჯორს უკავია - 39,6 დოლარი.
„სამაგიეროდ, იანვართან შედარებით 21%-ით გაძვირდა მიწა შინდისში, 35 დოლარამდე, 12%-ით - ტაბახმელაში - 20 დოლარამდე და ფასები გაორმაგდა მუხათწყაროში - 19,7 დოლარამდე“, - განაცხადა კვლევის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორ ჩანს, სიძვირის ტენდენცია სამომავლოდ უფრო თვალშისაცემი იქნება. დეველოპერების ნაწილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უძრავი ქონების გაძვირებას ელოდება. დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით იცვლება სტანდარტები და მოთხოვნები სამშენებლო მასალების მიმართ იზრდება.
ილია წულაიას თქმით, ვინც დღეს უხარისხო მასალებით აშენებს და შემდეგ ბინებს დაბალ ფასად ყიდის, მათთვის ხარჯები გაიზრდება. დეველოპერის განცხადებით, ასეთი კომპანიები დღეს ბაზარზე მრავლად არიან: კომპანიების ნაწილი მშენებლობაში 20-სანტიმეტრიან ბლოკს იყენებს და მომხმარებლისთვის ეს ფაქტორი მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც ზამთარ–ზაფხულში ელექტროენერგიასა და გაზზე ორმაგი გადასახადი უწევთ.
ახალი სტანდარტები სამშენებლო კოდექსში გაიწერება, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.