ესპანეთის სამეფოში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრა. ირაკლი ალასანიას ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, გონსალო დე ბენიტომ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებს შეეხო. ირაკლი ალასანიამ ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ესპანურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში. მხარეებმა პოსტ-ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზეც გაამხვილეს ყურადღება.
ესპანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში შეხვედრაზე, მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების გარემოს, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს შეეხნენ. „ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას განვიხილეთ ის საფრთხეები, რომლებიც რეგიონში გაჩნდა და კიდევ უფრო დამძიმდა ყირიმის აგრესიის შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, ევროკავშირმა და ნატომ იმისათვის, რომ რეალურად არ გადაიზარდოს ეს სამხედრო დაპირისპირებაში. ამიტომ, დიპლომატიამ, მოლაპარაკებებმა და ძლიერმა მხარდაჭერამ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციამ, შეიძლება თავიდან აგვაცილოს მომავალში ასეთი დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესპანეთი ჩვენს გაწევრიანებას და სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში მომავალშიც კიდევ უფრო მტკიცედ დაუჭერს მხარს“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დღეს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანელ კოლეგას პედრო მორენეს ეულატეს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ დელეგაციის წევრებთან ერთად ჯავშანსაწინააღმდეგო და საავიაციო ბაზებიც მოინახულა და „Elcano“-ს სამეფო ინსტიტუტში საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ინფორმაცია ესპანელ ექსპერტებსა და დიპლომატებს მიაწოდა.