ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი შემოსულ ინვესტიციებს უახლოვდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წელს სულ 1,822 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლა აღრიცხა. ამ დროს საქართველოდან 908 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა. შესაბამისად, ამ გათვლით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 914 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის მიზეზი ისაა, რომ არჩევნების შემდეგ ინვესტორები ფრთხილობდნენ და დაზღვევის მიზნით გარკვეული რაოდენობის კაპიტალი ქვეყნიდან გაიტანეს. 908 მილიონი დოლარიდან ყველაზე მეტი კაპიტალის გადინება კვიპროსში მოხდა, შემდეგ - საუდის არაბეთსა და ვირჯინიის კუნძულებზე. შესაბამისად, ეს მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ წინა მთავრობის დროს კაპიტალს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი კაპიტალის დანაკარგი ჩვენისთანა ქვეყნისთვის სამწუხაროა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რეალურად საქართველოში წლების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა მდგრადი საბაზრო ეკონომიკური სტრუქტურა, სადაც კაპიტალი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი იქნებოდა.
„არსებობდა გარკვეული ტიპის კაპიტალი, რომელიც პოლიტიკური მფარველობის პირობებში თავს უფრო კარგად გრძნობდა წინა ხელისუფლების პირობებში. შესაძლოა, ამ ტიპის კაპიტალი ვეღარ გრძნობს კომფორტულად თავს ახალი ხელისუფლების პირობებში, ან ყოველი შემთხვევისთვის, რისკს აზღვევს იმით, რომ ქვეყნის გარეთ გადის. ამას ადასტურებს ოფშორებში დიდი რაოდენობით გასული კაპიტალი, სადაც სრული კონფიდენციალურობაა დაცული, როგორც კაპიტალის წარმომავლობაზე, ისე მის არსებობასა და ოდენობაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ჯერ კიდევ იმ გარდამავალი პერიოდის ინერცია, რომელიც საქართველოში უკავშირდება ხელისუფლების ცვლილებას. ბუნებრივია, კაპიტალი ერთ დღეში ვერ გავა და მას მთელი რიგი პროცედურები სჭირდება. მაინც მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, კაპიტალის გადინების მსგავსი მაჩვენებელი შემდგომ წლებში აღარ გვექნება. ხოლო, თუკი ეს ტენდენციის სახეს მიიღებს, მაშინ ძალზე დამაფიქრებელი იქნება და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რა სჭირს საქართველოში საინვესტიციო გარემოს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, ხელისუფლებას ურჩია, მაქსიმალური აქცენტი გააკეთოს ქვეყანაში ბიზნესის, პოლიტიკური გარემოს უფრო მეტ სტაბილურობაზე. მისი აზრით, სამართლიანობის აღდგენის მისტიური იდეა, საბოლოო ჯამში, არათუ სამართალიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, არამედ კაპიტალისთვის არასტაბილური გარემოს განცდას შექმნას. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს უცხოელი ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესმენები, რომ ქვეყანაში ყველაფერი კანონის ფარგლები იქნება და ბიზნესგარემო, კერძო საკუთრება, კონკურენცია ხელშეუხებელი და დაცული იქნება.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე საქართველოდან 908 მილიონი დოლარის კაპიტალის გადინებას მეწარმეობისთვის არასაკმარისად კომფორტული გარემოს შექმნას უკავშირებს.
მისი თქმით, ძირითადად ოფშორებზეა საუბარი, ამიტომ აქ საკმაოდ ბუნდოვანი წარმომავლობის კაპიტალი გავიდა. დიდი ალბათობით, კვიპროსზე, ალბათ, უფრო რუსული წარმოშობის კაპიტალი გავიდოდა, საუდის არაბეთთან დაკავშირებით შეიძლება თვითონ არაბებიც იყვნენ, ხოლო ვირჯინიის კუნძულები შეიძლება შერეული ძალებით იყო წარმოდგენილი.
„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ქვეყნის კონსტრუქცია. სანამ ერთმანეთში ანგარიშსწორებას მიაქვს უფრო დიდი დრო, ვიდრე კონკრეტული რამის შექმნას, ინვესტიციების გადინება მოხდება. არ გამოვრიცხავ, ძალიან ბევრი ინვესტორი მოწვეული იყო წინა მთავრობის მიერ, რომლებიც დღეს აღარ წარმოადგენენ მათთვის ავტორიტეტს. გარდა ამისა, რეგიონია მწვავე და ესეც კაპიტალის გადინების დამატებითი არგუმენტია. უკრაინაში ომი როგორც კი დაიწყება, რა თქმა უნდა, საქართველოში რუსული ჯარი შემოვა, ამას ბევრი ხედავს და აანალიზებს. ამიტომ სერიოზული საქმის წამოწყებას, როცა ხვალინდელი დღე არცთუ ისე ნათელია, ბევრი ერიდება. მით უმეტეს, აგერ სომხეთსა და აზერბაიჯანს თავ-თავიანთი პირობები შემოაქვთ, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობას ხელს შეუშლის, მათ შორის, საქართველოსაც ხელს შეუშლის“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
მისივე თქმით, კონკრეტული პარალელის გავლება რთულია, მაგრამ თუნდაც იმავე რუსეთის ვითარებას თუ დავაკვირდებით, როცა მოხდა კონფლიქტი, ყირიმის აღიარება და ამას დაერთო სანქციები, ამან გამოიწევია, რომ რუსეთი უკვე ძლიერი აღარ არის, ყველა ელოდება ან ომს, ან ეკონომიკურ ბლოკადას. შესაბამისად, საფონდო ინდექსი ამ ქვეყანაში დაეცა. ეს მოხდა იმიტომაც, რომ ძალიან ბევრმა ქვეყნიდან თანხები გაიტანა.