ამონარიდი "ალიადან":
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებობს მოწმე, რომელმაც 3 თებერვალს საკუთარი თვალით ნახა, როგორ შეიტანეს იმ ბინაში დიდი ყუთით რაღაც. ეს მოწმე ნათელა მოდებაძეა, რომელიც იმავე კორპუსში, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ამის შესახებ თავის დროზე "ქრონიკას" ექსკლუზიურად უამბო. აი, რას აცხადებს ეს ქალბატონი:
"სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავზე ძალიან ბევრი რამ იცის იმჟამინდელმა პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ და თუ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა სურთ, აუცილებლად უნდა დაკითხონ სწორედ მაღლაფერიძე. ის ბინა საბურთალოს ქუჩის #53-ში ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, შეთანხმებულიც ვიყავით ბინის პატრონ ეკა კიკიანთან ბინის ქირაზე - თვეში 150 დოლარზე, თუმცა მან გამოგვიცხადა, - პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ორმაგს მიხდის და მას უნდა მივაქირავოო. ამ ამბავში არის დეტალები, რომლითაც გამოძიება თუ დაინტერესდება, ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს. იმ ღამეს მეგობართან დავრჩი, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ უყურებდა იმ კორპუსს, სადაც ეს მოხდა. მე და ჩემი მეგობრის გოგონა (ის 2008 წელს გარდაიცვალა) გვიანობამდე ვალაგებდით ბინას. შინ კიდევ ამ გოგონას დედა და ჩვენი ერთი მეგობარი იყო. ისინი ნარდს თამაშობდნენ. მოგვშივდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაბლა ჩასვლა და რაიმეს ყიდვა, ახლომახლო უკვე ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, დაახლოებით ორი საათი ან მეტი იქნებოდა, ამიტომაც ბენზინის გასამართი სადგურისკენ წავედით მე და ჩემი მეგობრის შვილი. ჩვენი ყურადღება სადარბაზოსთან მდგომმა ჯიპმა მიიქცია, რადგან მაშინ ჯიპები ასე ხშირად არ ჩანდა თბილისის ქუჩებში. იმ ბინაში, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, სინათლე ენთო. მახსოვს, გავიხუმრე, როგორც ჩანს, ვასიკო მაღლაფერიძეს სტუმრები ჰყავს-მეთქი. უკან რომ მოვბრუნდით, ეზოში კიდევ ერთი ფარებჩამქრალი ჯიპი შემოვიდა, ისიც ამავე სადარბაზოსთან გაჩერდა. დავინახე, რომ მანქანასთან რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ბნელოდა, ამიტომ დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყვნენ, თუმცა თვალში მომხვდა, რომ ძალიან დიდი ყუთით შეიტანეს რაღაც, ასევე მიჰყავდათ მამაკაცი, მხრებში ედგნენ, როგორც მთვრალ კაცს შეუდგებიან, ისე. სულ ეს იყო. მაშინ არ მიფიქრია, რომ რაღაც ტრაგედია ტრიალებდა. დაიწერა, თითქოს მე სახეები დავინახე და ჟვანია ვიცანი, რაც სიცრუეა, მე არავის სახე არ დამინახავს. მეორე დღეს, როდესაც ითქვა, რომ პრემიერი გარდაიცვალა სწორედ ამ ბინაში, ბუნებრივად გამახსენდა ეს და ვიეჭვე, რომ სწორედ ამ ადამიანების ცხედრების შენობაში შეტანას დავესწარი".
"ნაციონალები" დღეს გაჰყვირიან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად. არადა, წლების მანძილზე, ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არსებობს ქალბატონი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, შუაღამისას, როგორ შეიტანეს ბინაში დიდი ყუთი, რომელშიც, სავარაუდოდ, ცხედარი იყო და რომ ქალბატონი ამჟამად უცხოეთშია. ზურაბ ადეიშვილის პროკურატურა არც კი დაინტერესებულა ამ თემით, არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუკითხავს გამოძიებას, საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია და ვისზე იყო ლაპარაკი. არადა, ნორმალურ ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, არც გააციებდნენ, ისე მოჩანგლავდნენ სამართალდამცავები ნათელა მოდებაძისთანა მოწმეს, მოძებნიდნენ და დაკითხავდნენ. მათ კი ხელიც არ გაუნძრევიათ.