შემოვლით რკინიგზას 2-წლიან შვებულებას გამოუწერენ

შემოვლით რკინიგზას 2-წლიან შვებულებას გამოუწერენ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას განაჩენის სახით 2-წლიანი მორატორიუმს გამოუტანენ. ამ დროის განმავლობაში კი თბილისის შემოვლითი რკინიგზის კვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო კვლევა განხორციელდება. გამორიცხული არ არის, 2 წლის შემდეგ უგულავას მიერ წამოწყებული პროექტი სულაც აღარ გაგრძელდეს, რადგან რკინიგზის დასრულებას ფული ახლაც ბევრი სჭირდება, ხოლო სარგებელი მიზერულიც კი არ იყოს.

„საქართველოს რკინიგზაში“ ახლაც ამბობენ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ამიტომაც საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MCMOBOLITY-ის მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. შედეგადაც დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები; მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის პროექტის ბიუჯეტში.

„კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები; შედეგად, სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი), კონტრაქტორს 18-თვიანი ჩამორჩენა ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლია შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო-საინჟინრო კვლევები. მთავრობის უახლოეს სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელების შესახებ“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ კონტრაქტორთან პროექტი 2016 წლამდე გაგრძელდება და შემოვლითი რკინიგზის პროექტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დაიხვეწოს.

პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 214 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის დასასრულებლად საჭიროა 117 აშშ დოლარი (მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციების გარეშე). პროექტი ამ ეტაპზე შესრულებულია 80%-ით, სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია 60%-ით. თუმცა, როგორც რკინიგზაში ამტკიცებენ, პროექტის სრულად განსახორციელებლად მინიმუმ 140 მლნ დოლარია საჭირო, რაც შეიძლება წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდეს.

„რამდენადაც სრულიად არარენტაბელურ, უსარგებლო პროექტში 214 მილიონი უკვე დახარჯულია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ტექნიკურ-ეკონომიკური, საინჟინრო და კომერციული გადაწყვეტა, რომ ეს პროექტი გავაკეთილშობილოთ, შევასწოროთ და საინტერესო და მომგებიანი გავხადოთ რკინიგზისთვის. თუ ეს მოხერხდა, მაშინ უკვე ახალი პროექტით, 18 თვეში დასრულდება მშენებლობის პროცესი. ხოლო, თუ ეს ვერ მოხერხდება, ცხადია, დამატებით 140 მილიონის წყალში გადაყრას არ ვაპირებთ“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზა, დღეს თუ არა ხვალ მაინც უნდა გაკეთდეს. მას ალერნატივა არ აქვს, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, უნდა იყოს თუ არა რკინიგზა, არამედ როგორი უნდა იყოს შემოვლითი რკინიგზა. კერძოდ, სად უნდა გაიაროს შემოვლითმა რკინიგზამ, რათა სამომავლოდ არ დააზარალოს თბილისი და როგორი გამტარუნარიანობა უნდა ჰქონდეს მას, რომ ღირდეს ამ პროექტზე ფულის დახარჯვა.