კოდუას

კოდუას "კოდი" - ირაკლი კოდუას ყოფილი თანამშრომელი ამხელს

"ვალერი გელაშვილს სოდ-ის სამმა თანამშრომელმა სცემა, მათ კოდუა ხელმძღვანელობდა"

"ნარკოტიკის ტრანზიტს კოდუა განაგებდა"

"გია თელიას პირადი დაპირისპირება ჰქონდა კოდუასთან, სწორედ მან ესროლა საკონტროლო ტყვია(!)"


გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის ფაქტზე შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, ბრალი წაუყენა.

ყოფილი ძალოვანი თემურ რევაზიშვილი,  რომელიც სოდ-ში განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა, წლებია, კოდუას დასჯას ითხოვს:



- სოდ-ში კოდუასთან დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ნარკოტიკის ტრანზიტისა და რეალიზატორების მფარველობა მთხოვა. მაშინ სოდ-ი ახალი შექმნილი იყო და როცა ნახა, რა რაოდენობის ნარკოტიკი ბრუნავდა ქვეყანაში, მადა გაეხსნა. ტრანზიტს თვითონ განაგებდა, "წამალი" სოდ-ს უნდა გაეცილებინა.

- ამას რითი ადასტურებთ?
- რითი და, ამიტომ გამიმეტეს სასიკვდილოდ. სოდ-ში პირტიტველა, გამოუცდელი ბიჭები მოიყვანეს და მათ იყენებდნენ ამ ბინძურ საქმეში. მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში დავწერე სამსახურიდან წამოსვლაზე პატაკი. კოდუამ თანამშრომლები გამომიგზავნა, დაბრუნდი და ამ საქმეზე აღარ ვილაპარაკებთო. ერთი კვირის მერე მივედი სამსახურში, მაგრამ ორ კვირაში ისევ ვიჩხუბე და წამოვედი. ჩემს მეგობრებად რომ ვთვლიდი ადამიანებს, სწორედ მათ გამიტაცეს.

- როგორ გაგიტაცეს? 
- შინ მომაკითხა პოლიციელმა, რომელთანაც ვმეგობრობდი და წამიყვანა, გზად სხვებიც ჩასხდნენ. მითხრეს, სასაუბროდ მივდივართ წყნეთის პოლიციაშიო, მაგრამ გზას გადაუხვიეს წყნეთის ტყეში და იქიდან დაურეკეს კოდუას, შეფ, ადგილზე ვართო. მალე მოვიდა თავის მოადგილე კახა მისირელთან ერთად. ეს ის კახა მისირელია, რომელიც ფეხბურთელ დემეტრაძის საქმეში ფიგურირებდა. სასტიკად მცემეს, კოდუაც მირტყამდა და სხვებიც. ხელთ მაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია დაზიანებები. სასიკვდილოდ გამწირეს და მიმაგდეს. წლების მერე ყოფილმა მეგობარმა კახა მირუაშვილმა მითხრა, ვნანობ, შენს ცემაში რომ ვმონაწილეობდი, მაგრამ ასე რომ არ მექნა, მეც შენს დღეში ჩავვარდებოდიო.

- თქვენი აზრით, ასე რატომ გაგიმეტეს?
- ვამბობდი, გარეწრები არიან-მეთქი და ეს მიუტანეს კოდუას. მას უამრავი ადამიანი ჰყავს გაწირული. უმეტესად იმ ხალხს ითრევდნენ, ვისაც მანქანები ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან. რაღაცაში გამოიჭერდნენ და მერე "სუბუტექსის" ჩამოტანას ავალებდნენ. თუ გზას გადაუხვევდა, განწირული იყო. ყველაფერს კოდუა ხელმძღვანელობდა.  

2005-2006 წლებში იშოვეს განსაკუთრებით დიდი ფული. აფხაზეთიდან ძირითადად ჰეროინი შემოდიოდა. თურქეთშიც გაუტანიათ წამალი აფხაზეთიდან, ზოგჯერ თვითმფრინავითაც. ძირითადად, "სუბუტექსი", "მეტადონი" და ჰეროინი ტრიალებდა. ერთხელ ქაბულიდანაც შემოიტანეს. ტრანზიტი ერთ კაცს, მისირელს ებარა და ის აცილებდა...

- მაშ რატომ დაიჭირეს, ძალოვანი იყო, მაგრამ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა პატიმრობაში არ ყოფილა.

- ვალების გამო ამოუვიდათ ყელში, თამაშობდა. რამდენჯერმე გაუსტუმრეს ვალი, მერე მისირელმა თავისი "არხები" ააწყო და აღარ დაინდეს, მაგრამ ციხეში მაინც არ გაუშვეს, რადგან ბევრი რამ იცოდა... 

- თქვენ არ იჩივლეთ, რომ გცემეს? 
- საქმე 2005 წელს აღიძრა, მაგრამ არავინ დასჯილა. მე უკრაინაში წავედი და კარგა ხანს იქ ვცხოვრობდი. რომ დავბრუნდი, მაშინვე დამიჭირეს, იარაღი და წამალი ჩამიდეს. მემუქრებოდნენ, ცოლს, ძმასა და მამას გვერდით მოგისვამთო. ვიცოდი, რა ხალხთან მქონდა საქმე და იძულებული გავხდი, "მეღიარებინა ბრალი". ადვოკატი ბოკუჩავა გამომიგზავნეს, რომელიც დახმარების ნაცვლად მეუბნებოდა, ხომ იცი, რასაც გაგიკეთებენო... 5 წელი ციხეში გავატარე. რამდენი ხანია კოდუას დასჯას ვითხოვ, არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მოიკითხონ ყოფილი ძალოვნის, გია თელიას საქმე, ის ნათესავის სახლში ჩაცხრილეს სპეცრაზმელებმა და ამას სპეცოპერაცია დაარქვეს. არადა, პირადი დაპირისპირება ჰქონდა კოდუასთან, სწორედ მან ესროლა საკონტროლო ტყვია. თელიას საქმეში მაშინ სააკაშვილის ბაბუა გივი ალასანია ჩაერია (ეს იყო 2006 წელი). ამბობდა, მე მოგარიგებთო. გია გარდაცვლილი იყო და თელიას ოჯახი ჩიოდა.

რატომ არ ინტერესდებიან დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმით? გელაშვილს სოდ-ის სამმა თანამშრომელმა სცემა, მათ კოდუა ხელმძღვანელობდა. 
უამრავი სამხილი არსებობს კოდუას წინააღმდეგ. რა, კაზინოს ბიზნესებიდან გივი თარგამაძეს არ მისდიოდა წილი?  კოდუა უყოფდა წილს თარგამაძეს. 

- როგორ ართმევდნენ კაზინოებს?

- ამ საქმეში მომგვარებელი გივი თარგამაძე იყო. შეგზავნიდნენ ვიღაცას წამლით, ვითომ კაზინოში იყიდებოდა და შარში ეხვეოდნენ მეპატრონეები.