საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ იქცა ეკონომისტებისა და საზოგადოების განსჯის საგნად. საქმე ისაა, რომ ბოლოდროინდელი ინფლაციისა და პროდუქციის გაძვირების ფონზე, საარსებო მინიმუმი თითქმის არ შეცცვლილა და კვლავაც 150 ლარის ფარგლებში ტრიალებს. ეს კი არადა, 2003 წლიდან მოყოლებული, მინიმუმი სულ რაღაც 30 ლარით გაიზარდა, არადა უკანასკნელი ათწლეულის ინფლაციის მასშტაბები ყველასთვის აშკარა და მტკივნეული იყო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდიკა შეიცვალოს, რათა ის რეალობას მოერგოს. მათ უკვე შემუშავებული აქვთ მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათის ვირტუალური მოდელი, თუ როგორ შეიძლება დაანგარიშდეს საარსებო მინიმუმი, რომელიც გათვლილი იქნება დღეს არსებულ პირობებსა და სამომხმარებლო ფასებზე.
როგორც ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი კრიალაშვილმა განაცხადა, მეთოდოლოგიაში, რომლითაც დღეს საარსებო მინიმუმი იანგარიშება, არის ხარვეზები, რაც ეხება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტს.
„ჩვენისთანა ქვეყნისთვის, სადაც სასურსათო პრიდუქტები სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ვიდრე სხვა არასასურსათო პროდუქტები, ეს პროპორციები არ არის რეალური. ამასთან მინიმალურ სასურსათო კალათაში 40 დასახლების სურსათში არ არის შეტანილი მწვანილი, კიტრი და სხვა პროდუქტები. სურსათის ხვედრითი წილი არის არასწორად გადანაწილებული, რის გამოც კალორიულობის კრებსითი ჯამი 2300 კილოკალორიაა, მაშინ, როცა კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2500 კილოკალორიას. თუ 2300-დან 2500-მდე ავალთ, ნიშნავს იმას, რომ 150 ლარს გადავაჭარბებთ. თუ გვინდა, რომ შევიდეთ ევროკავშირიში, რაღაც სტანდარტებიც უნდა მივიღოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კილოკალორაჟი 2700-ზე ნაკლები არ არის“, - განაცხადა ქეთი კრიალაშვილმა.
ეკონომიკის მეცნირებათა დოქტორი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმს ითვლის ხუთი ქალაქის მიხედვით და 2003 წლიდან დღემდე ეს მეთოდოლოგია რჩება უცვლელი. მასში გამოტოვებულია ისეთი მსხვილი რეგიონები, როგორიც არის სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთი, მარნეული. მათი ბაზრების დათვლის გარეშე კი საარსებო მინიმუმი რეალური არ იქნება.
„იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი რეალობას მოერგოს, უნდა შეიცვალოს კვლევის მეთოდოლოგია. საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ხვედრითი წილი (70 პროცენტი) დიდია და ის უნდა დავიდეს დაახლოებით 55 პროცენტამდე, ხოლო დანარჩენი ხარჯების ხვედრითი წილი გაიზარდოს 45 პროცენტამდე. ეს მეორე ძირითადი ხარვეზია, რადგან სხვა ქვეყნებში სასურსათო პროდუქტს ყველგან ნაკლები პროცენტი უჭირავს, ვიდრე არა სასურსათოს.
ეს არის 2003 წლის ბრძანებით მიღებული მეთოდოლოგია, როდესაც 2003 წელს ამ მეთოდოლოგიით დათვალეს, საარსებო მინიმუმმა შეადგინა 130 ლარი, გავიდა 10 წელი და 150 ლარს არ გადაჭარბა ამ თანხამ. ბუნებრივია, ისმის კითხვა - 2003 წლის 130 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით 10 წლის შემდეგ როგორ ვერ გახდა 150 ლარზე მეტი?“ - აღნიშნა გერლიანმა სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბრისას.
ის ფიქრობს, რომ დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა გამოიწვევს მთელი რიგი სოციალური პაკეტის ცვლილებას, გაჩნდება მოთხოვნა, რომ პენსიაც გაუსწორდეს საარსებო მინიმუმს. თუმცა, თუ საარსებო მინიმუმი გათვლილი იქნება ჯანსაღ კვებაზე, შემცირდება სოციალური პაკეტების მომხმარებელთა რიცხვი.
საქართველოს მთავრობაში აღიარებენ, რომ საარსებო მინიმუმზე მუშაობა საკმაოდ გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეს აღიარა კიდეც.
მინისტრის თქმით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების არსებულ მეთოდიკას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახლა ამუშავებს.
„სპეციალისტები ასევე მუშაობენ მის დაანგარიშებაზე. ეს საკმაოდ გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის იანვრისათვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 154,2 ლარს შეადგენდა.