საქართველოს ეკონომიკა ძლივს სრული სვლით აღმართს შეუდგა, რომ ახალი საფრთხე გაჩნდა, რომელიც საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. ეს უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. ორივე ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ურთიერთობის გაუარესება მშპ-ს მაჩვენებელზეც მოახდენს გავლენას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 26 824,9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2,5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შარშან 3,2% შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიგა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (17,3%) და მრეწველობის (17,2%) სექტორებს. შემდეგ პოზიციებზეა: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7%), სახელმწიფო მმართველობა (10,1%), სოფლის მეურნეობა (9,3%), მშენებლობა (6,7%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (5,8%).
ზრდა აღინიშნა შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა (9,8%), დამამუშავებელი მრეწველობა (8,4%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5%), საფინანსო საქმიანობა (7,4%), სასტუმროები და რესტორნები (7,2%), ვაჭრობა (5,1%), ტრანსპორტი (4,9%), განათლება (4,6%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,0%).
კლება კი შემდეგ სექტორებშია: მშენებლობა (10,6%), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (0,8%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (0,1%).
რაც შეეხება 2014 წელს, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5%-ს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი თვლის, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მთავრობამ პროგნოზირებადი მაკრო და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო შექმნას, რათა ინვესტორთა ნდობა გაიზარდოს.
„2013 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის იყო გარდამავალი და ბევრმა ბიზნესმა რესტრუქტურიზაცია მოახდინა. შედეგად კი მოუწიათ სამუშაო ადგილების შემცირება. მთავრობამ უნდა იფიქროს უმუშევრად დარჩენილი ხალხის გადამზადებაზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაზე“, - განაცხადა სადიკოვმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული აღმა მიდის და ზრდა ახლაც გრძელდება. თუკი ეს დინამიკა შენარჩუნდა, სავალურტო ფონდი გაზაფხულზე ან ზაფხულში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის წლევანდელ 5%-იან პროგნოზს გადახედავს.
უნდა ითქვას, რომ შარშან ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე მშპ-ს ზრდის მიმართულებით ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ საქართველოს უშუალო სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, ბვერი რამ შეცვალოს. უკრაინა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა, რუსეთი კი სანქციების პირისპირ. არადა, ეს ორივე ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. თუკი ამ მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, რასაკვირველია, სავაჭრო ურთიერთობებზეც იქონიებს გავლენას.
სხვათა შორის, აზიმ სადიკოვმა ზუსტად ამაზე მიანიშნა, როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის რთულ საგარეო ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა კრიზისზე საქართველოსთვის ეგზომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში, შენელებულ ეკონომიკურ ზრდაზე რუსეთსა და სომხეთში და ასევე პოლიტიკურ კრიზისზე თურქეთში. ამით სსფ-ს წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა.
საერთო ჯამში სავალუტო ფონდი მაინც ოპტიმისტურ განწყობაზეა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ისევ მნიშვნელოვან პარტნიორზე როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. ევრობანკმა რამდენიმე კვირის წინ 2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდის საქართველოსთვის განკუთვნილი საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-დან 4%-მდე შეამცირა კიდეც. როგორც ორგანიზაციის მმართველი დირექტორი ოლივიე დეკამი აცხადებს, ევრობანკი კონსერვატიული დაწესებულებაა, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს მუდმივად აკორექტირებს.