„აფბას“ განცხადებით, კლიენტებს უძრავი ქონების უზრუნველყოფით იმ შემთხვევაშიც კი აძლევენ სესხს, როცა თავიდანვე ცნობილია, რომ მის გადახდას ვერ შეძლებენ
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიკროსაფინანსო სექტორის განვითარების ტენდენციებზე საუბრობს და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობებს ეხება.
როგორც „აფბა“ აცხადებს, მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი სწრაფად მზარდი დარგია, 2006 წლიდან, როდესაც მიკროსაფინანსოები ბაზარზე გამოჩნდნენ, მათი აქტივები 2013 წლამდე 260–ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, წმინდა სესხები 256–ჯერ, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით 50–ჯერ.
უახლესი სტატისტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორის მიერ ჯამში გაცემულია 620 მილიონი ლარის მოცულობის 320 ათას ერთეულზე მეტი სესხი. მთლიანი სესხების 98.5%, ანუ დაახლოებით 602 მილიონი ლარი ინდივიდუალური სესხებია, ჯგუფური სესხის სახით 5,4 მილიონი ლარია გაცემული, ხოლო იურიდიულ პირებზე 3,6 მლნ. ლარი, რაც მთლიანი პორტფელის 1%-ია.
ამ ბიზნესში სახსრების დაბანდება ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადგან უკუგების ნორმა სხვა სექტორებთან შედარებით მაღალია. მაგალითად თუ ავიღებთ საბანკო სექტორს, ვნახავთ, რომ მიკროსაფინანსო სექტორში 2012 წლის მდგომარეობით აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი (ROA) 7.1-ია, მაშინ, როცა საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 1-ს შეადგენს. რაც შეეხება უკუგებას კაპიტალზე (ROE), საბანკო სექტორში ეს კოეფიციენტი 5,8-ს შეადგენს, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორში 28.2-ს.
გარდა ამისა, რენტაბელობა და მაღალი მარჟა ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რაც სექტორის ზრდას ძლიერ სტიმულს აძლევს. მაღალი მარჟა კი იმ საპროცენტო განაკვეთებიდან მომდინარეობს, რომელიც მიკროსაფინანსოებს თავიანთ სასესხო პროდუქტებზე აქვთ.
„განაკვეთები განსაკუთრებით მაღალია ავტოსესხებზე და სალომბარდო სესხებზე. მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მიკროსაფინანსო სექტორის შესახებ ისეთი სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, როგორიც საბანკო სექტორის შესახებ მზადდება. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა საპროცენტო განაკვეთების შესახებ არ არსებობს. მაგრამ, ჩვენ ბაზრის მოთამაშეების მიერ შემოთავაზებული პირობების გაანალიზებით დავითვალეთ საშუალო საპროცენტო განაკვეთები“, - განაცხადა „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.
მისი თქმით, „აფბამ“ ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსოებიდან შეისწავლა 30 კომპანიის მიერ შემოთავაზებული განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე, რომელიც, როგორც წესი ყველაზე იაფ საკრედიტო რესურსს წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორში იპოთეკურ სესხებზე განაკვეთები 30-დან იწყება და 60%-მდეც კი ადის. სხვა სესხების შემთხვევაში შემდეგი განაკვეთებია:
ბიზნეს სესხები – 31-32%; სამომხმარებლო - 28-30%; ავტოსესხი – 58-60%; სალომბარდე სესხი – 36-40%;
მსგავსი ციფრი, ფაქტობრივად, ასტრონომიულია ევროპის ქვეყნებში არსებული მაჩვენებელთან შედარებით. ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში მიკროკრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. 2013 წლის ივლისის მდგომარეობით ეცბ შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს: ბულგარეთი - საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.07%, ფინეთი - 1.18%, ჩეხეთი - 2.68%, ესტონეთი - 2.65%, უნგრეთი - 7.0%, ლატვია - 2.71%, ლიტვა - 3.15%, რუმინეთი - 9.02%, პოლონეთი - 4.9%, სლოვენია - 4.1%.
ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მსგავს საპროცენტო განაკვეთებს, როგორიც საქართველოშია, ხშირ შემთხვევაში მივყავართ მოსახლეობის გაღარიბებისკენ, ვინაიდან, რამდენად გადახდის უნარიანი უნდა იყოს სესხის ამღები პირი, რომ წლიურ 30-დან 60%–მდე სესხს მოემსახუროს.
პრობლემის არსი კი ახალგაზრდა ფინანსისტები ხედავენ იმაში, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტებს იმის მიუხედავად აძლევენ იპოთეკურ სესხს, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი შემოსავლები და შეუძლიათ თუ არა სესხის მომსახურება, მათთვის მთავარია ჩადებული უძრავი ქონება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რეალიზებას უკეთებენ.
„ისეთი კლიენტები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული უძრავი ქონება თუმცა შემოსავალი არა, ბევრია. მათ შეუძლიათ აიღონ იპოთეკური სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში უძრავი ქონების უზრუნველყოფით, მათ სიმრავლეს უმუშევრობის მაღალი დონე, საპროცესო გარიგებების დიდი რაოდენობა და სხვა სოციალური ფაქტორები განაპირობებს. ამდენად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სარგებლობენ იმით, რომ კლიენტს სხვა გამოსავალი არ აქვს და მათ უძრავი ქონების უზრუნველყოფით იმ შემთხვევაშიც კი აძლევენ სესხს, როცა თავიდანვე ცნობილია, რომ მსესხებელი მის გადახდას ვერ შეძლებს“, - განმარტავს გულბანი.
„აფბა“ აუცილებლად მიიჩნევს, რომ მოხდეს პრევენცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ნეგატიური შედეგები.
„ის პრობლემა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებლების გარეშე დარჩა, სწორედ ასეთი მიდგომიდან მომდინარეობს. პრობლემა რომ მწვავეა და ვერ გვარდება, ამას დღევანდელი რეალობაც ადასტურებს, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მომავალში იგივე შედეგის განმეორების პრევენციისთვის საჭიროა დარეგულირდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გაცემის პროცედურა, დღეს არსებული კანონმდებლობით მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირება, ფაქტობრივად, ფორმალობაა. საკრედიტო ხელშეკრულებები კი ცალსახად დაუბალანსებელია, ის ასახავს მხოლოდ, საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესებს და აბსოლუტურად უგულებელყოფს კლიენტის ინტერესებს. საფინანსო სფეროში უამრავი რისკებია და საკრედიტო ორგანიზაციები ცდილობენ ყველა რისკი კლიენტს გადააბარონ. მსგავსი მიდგომა დაუშვებლად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება და სოციალური პრობლემები საკრედიტო დაწესებულებებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. ამდენად, მარეგულირებლის ჩარევა აუცილებელია, რათა დააბალანსოს კლიენტებისა და საკრედიტო ინსტიტუტების ინტერესები“, - განაცხადა „აფბას“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.