საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 2014 წელს მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 2014 წელს მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. დედაქალაქის მერიამ საკანონმდებლო ორგანოს 200 გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს.

სხდომა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად  თბილისის კეთილმოწყობის და საფინანსო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, ასეთი ტიპის შეხვედრები პროექტში თანხის არასწორად ხარჯვის რისკებს მაქსიმალურად გამორიცხავს და კიდევ უფრო ხარისხიანს და ეფექტურს გახდის სამუშაო პროცესებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ საკრებულომ დაიწყო თავისი რეალური ფუნქციების შესრულება და ასეთი ტიპის განხილვები და დედაქალაქისა და მთავრობის სინქრონული მუშაობა, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქს.

მისივე თქმით, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტების შემდგომი დეტალური განხილვები ფრაქციებისა და კომისიების დონეზე განხორციელდება და ამისათვის მერიას დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენა ეთხოვა.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მთლიანობაში დადებითად შეაფასა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტები, თუმცა აღნშნა, რომ  რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები დეტალიზაციასთან დაკავშირებით.

ზაზა გაბუნიას თქმით, ქუჩებზე, სადაც წყლის ან გაზის კომპანიასთან ერთად სინქრონულად არის სამუშაოები ჩასატარებელი, არ უნდა განხორციელდეს არანაირი ქმედება  მანამ, სანამ არ მოხდება კომპანიებთან კომუნიკაცია.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა განმარტა, პროექტისადმი ასეთი ტიპის მიდგომა გამორიცხავს ყველანაირ რისკებს და შედეგიც ბევრად ხარისხიანი დადგება.

თბილისის მერიის წარმომდგენლების გაცხადებით, დედაქალაქის მთავრობა აუცილებლად გაითვალიწინებს საკრებულოს მიერ წარმოთქმულ შენიშვნებს და საკანონმდებლო ორგანოს დეტალურად ჩაშლილ პროექტებს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის.

ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს მხრიდან რამდენიმე პროექტი შეჩერდა, დედაქალაქის მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს სამუშაოებს,  გამოაცხადებს ტენდერებს  და  ქალაქში ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების კაპიტალური შეკეთებები დაიწყება.

კანონის თანახმად საკრებულომ პროექტების განხორციელებაზე თანხმობა გამგეობებსა და საქალაქო სამსახურებს ერთი კვირის ვადაში უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი არ განხორციელდება.