ეკონომიკის ექს-მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე საკუთარი ბიზნესის აწყობით დაინტერესდნენ. მათ ტურისტული სააგენტო გახსნეს. როგორც For.ge-სთან საუბარში მაია სიდამონიძე ირწმუნება, აქამდე მას არ ჰქონია საკუთარი ბიზნესი და ეს პირველი პრეცედენტია.
რაც შეეხება ვერა ქობალიას, მისთვის ბიზნესის სფერო ახალი არ არის. მის ოჯახს წლების განმავლობაში კანადაში ჰქონდა ბიზნესი, მაგრამ საქართველოში ეს ვერა ქობალიასთვის პირველი ბიზნესია. ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებს მაია სიდამონიძე.
ვერა ქობალიას ოკეანისგაღმა არსებული ბიზნესის შესახებ ჩვენი საზოგადოებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. მისი მინისტრობისას ძალზე ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ მამამისს ჰქონდა პურის საცხობი კანადაში.
„აქ ძირითადი მოტივაციაა, რომ ორივეს გვინდოდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, ვიდრე სხვა სამსახურში მუშაობა. ტურიზმის სფეროში ორივემ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვერა საკმაოდ ბევრ პროექტში კონსულტანტად არის ჩართული, თუმცა მან ახლახანს გააჩინა ბავშვი და აქამდე ბიზნესზე არ უფიქრია. მე ასევე ვარ კავკასიის უნივერსტიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ეს არანაკლებ პრიორიტეტულია ჩემთვის, იყო შემოთავაზებები სხვა სამსახურში, მაგრამ ვარჩიე საკუთარი ბიზნესი, ჩემი პროფესიის მიხედვით“, - გვითხრა მაია სიდამონიძემ.
ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის მზარდი ინდუსტრიაა და ამას ვიზიტორთა რიცხვის ზრდაც ადასტურებს. მეტიც, დღეს რა ინვესტიციებიც ჩანს საქართველოში, ეს ინვესტიციები სწორედ ტურიზმის ინდუსტრიაშია მობილიზებული. თუმცა მაია სიდამონიძის აზრით, ტურისტული სააგენტო სპეციფიკური ბიზნესია, არ არის ადვილად ასაწყობი საქმე. რაც შეეხება სააგენტო „Protravel“-ს, მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ის კონკურენტული იქნება და უნიკალურ ადგილებში (შრი-ლანკა, მალდივები, ინდოეთი (გოა) შესთავაზებენ დასვენებას კლიენტებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სააგაენტო კონკურენციას გაუწევს სხვა სააგენტოებს, რადგან ერთსა და იმავე ტიპის პროდუქტსა და მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს. ზოგადად, საკმაოდ კონკურენტული ბაზარია ტურისტული ბიზნესი საქართველოში, ძალიან ბევრი სააგენტოა და გამოირჩევიან არა მარტო ფასებით, არამედ ხარისხითაც. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ დამწყები კომპანია ვართ და მათგან ნამდვილად განვსხვავდებით, ვინც ამ სფეროში წლების განმავლობაში გამოცდილია. ვისთვისაც ჩვენ ასოცირებულნი ვართ პოლიტიკასა და ყოფილ ხელისუფლებასთან, შეიძლება, არც კი მოგვაკითხონ, ზოგისთვის კი ეს არ იქნება დამაბრკოლებელი, რადგან ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ფიგურები და დღეს კერძო ბიზნესში ვართ“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
ტურიზმის ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი მარინა მეტრეველი ეჭვობს, ყოფილ მაღალჩინოსნებს ამ სფეროში რაიმე გამოუვიდეთ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, წარსულში რომელ თანამდებობაზე იყვნენ ეს ადამიანები და როგორი კავშირები აქვთ დღემდე, მთავარია, რომ ტურისტები მათ კომპანიას არ იცნობენ. შესაბამისად, არც ენდობიან.
„შეიძლება, თავიანთი ყოფილი ბერკეტებით რაღაცას მიაღწიონ, მაგრამ საქართველოში იმ კომპანიებს უფრო სცემენ პატივს, რომლებიც მართლაც მუშაობენ და კეთილ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. მსოფლიოს არ აინტერესებს, ვინ არის „ნაციონალი“ და „ოცნების“ მომხრე, მსოფლიოს აინტერესებს პროფესიონალიზმი, რაც უკვე დამკვიდრებულ კომპანიებს გააჩნიათ. ეს არ ხდება ერთ დღეში და ვერც გაიაფებული ფასებით ვერაფერს მიაღწევენ“, - აცხადებს მარინა მეტრეველი ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, დღეს უკვე 21-ე საუკუნეა და ადამიანს, ვისაც ინტერნეტი და კომპიუტერი აქვს, სულაც არ სჭირდება ტურისტული სააგენტო. ინტერნეტითაც შეიძლება კარგი დადასვენებელი ადგილების მოძიება.
მარინა მეტრეველის თქმით, თავის დროზე ვერა ქობალიასა და მაია სიდამონიძესთან პირადად შეხება არ ჰქონია, მაგრამ მიაჩნია, რომ მათ დროს შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო. „თუმცა ტურიზმის სექტორში არაფერი გაკეთებულაო, ვერც ამას ვიტყვით“.
„მათ დროს სულ იყო საუბარი ტურიზმზე, ანგარიშებს ახლა ვნახულობ, რადგან რეპორტი უნდა გავაკეთო და იმ ანგარიშებში ჩანს, რომ იმ პერიოდის ტურიზმის სფეროთი ზოგი კმაყოფილია, ზოგი კი უკმაყოფილო“, - აცხადებს ტურიზმის ექსპერტი.