კონკურენციის სააგენტო იქმნება - ბიზნესმენები ჯარიმების წინააღმდეგ გამოდიან

კონკურენციის სააგენტო იქმნება - ბიზნესმენები ჯარიმების წინააღმდეგ გამოდიან

საქართველოში კონკურენციის სააგენტო იქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება.

კონკურენციის სააგენტო 15 აპრილამდე უნდა შეიქმნას და მისი ხელმძღვანელი პოსტზე პრემიერ-მინისტრმა 15 აპრილამდე უნდა წარადგინოს.

აღნიშნული სამსახურის ძირითადი ამოცანები საკანონმდებლო პაკეტის სახით რამდენიმე კანონში გაიწერა და პარლამენტში მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რასაც უმცირესობა და ბიზნესმენი დეპუტატები აპროტესტებენ.

უწყება, რომლის წლიური დაფინანსება 680 000 ლარით განისაზღვრება, პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი უკვე გახდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს განუსაზღვრელი ფუნქციები ენიჭება, რამაც შეიძლება ბიზნესის განვითარება შეაფერხოს.

„სააგენტოს განუსაზღვრელი კომპეტენცია აქვს. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს წლიური ბრუნვის 10 პროცენტის ჯარიმის დაუწესდება, რაც საფრთხის შემცველია. შეიძლება, ამ ნორმამ ზიანი კანონპროექტის კეთილშობილ მიზნებს მიაყენოს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომელიც კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ ნორმას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 10 პროცენტს.

ლევან ბეჟაშვილის მსგავსად, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგ ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი გამოდის, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯარიმების რაოდენობა ძალიან დიდია.

ოქრიაშვილის შეფასებით, წლიური ბრუნვის 10 პროცენტს ვერცერთი ბიზნესი ვერ გადაიხდის.

„ეს კანონპროექტი ბევრ კითხვას აჩენს. ჯარიმის სახით, წლიური ბრუნვის 10 პროცენტს ვერცერთი ბიზნესი ვერ გადაიხდის და გაკოტრდება. რომელიმე სახელმწიფო მოხელემ საკუთარი უფლებამოსულება არაკეთილსინდისიერად რომ შეასრულოს, ის ხელში ბიზნესს ჩაიგდებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა რეგულაციებს, კონკურენციის სააგენტოს ძირითადი ამოცანა იქნება - კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა, ასევე ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობის გამოვლენა და აღკვეთა.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს პოსტზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს, რომელიც სასაქონლე და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს პრემიერს არაუგვიანეს 1-ელი მაისისა წარუდგენს.

კანონპროექტით, სააგენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელი იქნება და მისი ერთ-ერთი ფუნქცია იქნება - კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი.

ასევე, სააგენტო უფლებამოსილი იქნება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი განახორციელოს და შესაბამის ორგანოებთან დასვას კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, კონკურენციის სააგენტომ უნდა მოახდინოს - დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილობილი საწარმოს) აქციების ან წილის შეძენის ამ ტრანზაქციის კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა.

კანონპროექტით, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში შეიძლება ჩაითვალოს - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. ასევე, წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა. ამასთანავე, გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით დისკრიმინაციული პირობების დაწესება იდენტურ ტრანზაქციებზე, რითაც მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება ხდება.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადება ან შეთანხმება იკრძალება, რომელიც მიზნად ისახავს, ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის დაუშვებლობა, შეზღუდვა და აკრძალვა.

კერძოდ, პროექტით, დაუშვებელია - შესყიდვების ან გაყიდვების ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ და არაპირდაპირ დადგენა. ასევე აკრძალულია - წარმოებების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა. ამასთანავე, დაუშვებელი ხდება - იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების გამოყენება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციული თვალსაზრისით დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან. ამას გარდა, აკრძალული იქნება - სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების არსებით შელახვას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით სიახლეც შემოდის. კერძოდ, პროექტი თანამშრომლობის პროგრამას (Leniency Program) ითვალისწინებს, რომელიც პროექტის ავტორთა განმარტებით, აშშ-სა და ევროპის ბაზარზე ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული სიახლე გულისხმოს ეკონომიკური აგენტის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, თუ იგი კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებს.

სააგენტოს ფუნქციების პარარელურად, კანონპროექტში გაწერილია კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურ აგენტს ან სხვა დაინტერესებულ პირს სააგენტოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ეძლევა.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ახალ რეგულაციებში საფრთხეებს ბიზნესმენებიც ხედავენ, შესაძლოა, პროექტმა კორექტირება განიცადოს. ამის თქმის საბაბს ისიც იძლევა, რომ for.ge-ს ინფორმაციით, ამ პროექტზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობა ზურაბ ტყემალაძის სამუშაო კაბინეტშიც გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და კახა ოქრიაშვილიც დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა.