ექსპორტის ზრდა გრძელდება, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი ტემპია საჭირო. ამისათვის კი აუცილებელია ახალ-ახალი გადაწვეტილებები მთავრობის მხრიდან. ჯერჯერობით კი დადებითი შედეგი ის არის, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა.
წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1,567 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.
წლის პირველ ორ თვეში ექსპორტი 440 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 23%-ით მეტია 2013 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. რაც შეეხება იმპორტს, ის ერთ წელიწადში 15%-ით არის გაზრდილი და 1,127 მლრდ აშშ დოლარია.
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-თებერვალში 687 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ამავე პერიოდში, სავაჭრო ბრუნვაში უარყოფითი სალდოზე მთელი ბრუნვის 46% მოდიოდა.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსის რამდენიმე პროცენტით შემცირება განსაკუთრებული შედეგი არ არის, მაგრამ აშკარად პროგრესია წინა წლებთან შედარებით. ბოლო წლებში ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა განუხრელად იზრდებოდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ და ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის 80% სწორედ საეჭვო წარმომავლობის უცხოურმა პროდუქციამ დაიჭირა.
ვითარება შეიცვალა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ახალმა მთავრობამ ადგილობრივი წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება დაისახა მიზნად. გარკვეული შედეგი უკვე არის, თუმცა საქართველოს პრემიერისთვის ეს საკმარისი არ არის.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონალურ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად, უნდა მოხდეს ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება. ამ ეტაპზე კი ხელისუფლება ფიქრობს ექსპორტის განვითარებას ახალი ბაზრების წვდომის კუთხით:
„ფაქტია, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში ნაჩვენები ეკონომიკური ზრდა არ ხდებოდა კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად. სრულიად ცხადია, რომ საჭიროა კონკურენტიანობის ამაღლება და ახალ ბაზრებზე შესვლისას ექსპორტის დივერსიფიკაცია. ხომ არ ვიფიქროთ იმპორტის ჩანაცვლებაზე ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირების გზით? ამისთვის კი საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.
იმის გამო, რომ არ არსებობს დამხმარე ინფრასტრუქტურა, პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ იცნობენ ქართულ საქონელს; იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ შეაღწიოს ზოგიერთ ბაზარზე, საჭიროა არსებობდეს უკეთესი სავაჭრო რეჟიმები. ისიც ფაქტია, რომ არასათანადო სავაჭრო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ზრდის ექსპორტირების ხარჯებს.
სამწუხაროდ, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან სუსტია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის კერძო სექტორისაც, რომელიც ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტია. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირების საკითხზე პარლამენტსა და მთავრობაშიც დაიწყეს მსჯელობა, მაგრამ ჯერ კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მისულან.
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.
„შეთახმების მიღწევის შემთხვევაში შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, შემდეგ კი საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯები“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. ტყემალაძემ დაადასტურა, რომ პირადად იგი ემხრობა, მთავრობამ ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირება განახორციელოს და ამ წამოწყებას მხარდაჭერა სჭირდება.