„ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღარ არ ღირს არცა ჩირად“, - არასამთავრობო სექტორი 29 ივნისს აქციას გამართავს

„ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღარ არ ღირს არცა ჩირად“, - არასამთავრობო სექტორი 29 ივნისს აქციას გამართავს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება, ამჯერად არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით. როგორც განცხადებიდან ვიგებთ, აქცია 29 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. გამოითქვა მოსაზრება, რომ აქცია აქციისთვის შედეგის მომტანი არ არის და ოპოზიციურმა სპექტრმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეცვალონ სტრატეგია და რაიმე სიახლე, უფრო ეფექტური გზა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას.

საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება. ეს თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი ციხეში.

დღეს დუმილი მორჩილებაა, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.

კვირას, 29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდით რუსთაველის გამზირზე, წამოიღეთ პლაკატი, მოდით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექით საქართველოსთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილი აქცია არაფრის მომტანი იქნება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები იგივე მეთოდებს იყენებენ, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. მისი შეფასებით, მოსახლეობას მობეზრდა სამომავლო გეგმის წარდგენის დაანონსება და შემდეგ იგივე პროდუქტის შეთავაზება მათი მხრიდან - ხალხმა დაკარგა ნდობა.

შოთა რუსთაველმა თქვა: ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღარ ღირდეს არცა ჩირად - ჩემთვის ის არის საყურადღებო, რომ პოლიტიკაში ჩართულ სუბიექტებს ერთი მოტივაცია და აზროვნების სტილი აქვთ. ყოველდღიური მიტინგების შემდეგ, კიდევ მიტინგს რომ აწყობს, თან ისე, რომ პრაქტიკულად, არაფერს ცვლის - აქცენტს, შინაარს, დამოკიდებულებას - მორიგი მიტინგისგან რატომ უნდა ჰქონდეთ წარმატების იმედი?! თუ წარმატების იმედი არ აქვთ, რატომ უნდა მოაწყონ?! - არასამთავრობო ორგანიზაცია ხომ მეტ-ნაკლებად ინტელექტუალური ძალების აკუმულაციას ახდენს - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა სამეცნიერეო ინსტიტუტები და სხვადასხვა ინტელექტუალური დაწესებულებები და რაში ეტყობათ ეს ინტელექტი?!

ოპოზიცია რომ ამბობს, გეგმა უნდა წარადგინონო, ამაზე ხალხს რეაქცია უკვე აღარ აქვს, რადგან შეეჩვია, რომ ოპოზიციურ სპექტრს ამ მხრივ ჭკუა არ მოეკითხება - რამდენი ხანია გვპირდებიან გეგმას და სად არის ეს გეგმა? მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია რატომ არის ისეთივე სტილის, ქცევის და რიტორიკის მქონე, როგორიც პოლიტიკოსები?! მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის?! - გამოდის რომ, ქვეყანა ინტელექტუალურ ხალხს კარგავს, - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის შეფასებით, თუ ოპოზიციის ტაქტიკას და მეთოდებს გავითვალისწინებთ, მას ხელისუფლებაში მოსვლა არ სურს.

ეს ხალხი შეცდომებს უშვებს უკვე 12 წელიწადია. წავიდნენ და დაფიქრდნენ, რა იქნება სწორი მოქმედება. მიჩნდება განცდა, ამათ არ აქვთ იმის ინტერესი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, არც შეიძლება ჰქონდეთ - მათ ძალიან კარგად იციან საკუთარ მარცხის მთავარი მიზეზი. ნაცმოძრაობის გუნდის მოყვანა ხელისუფლებაში ხალხს არ უნდა, რადგან ამ გუნდისგან მწარე გამოცდილება აქვთ. ხელისუფლებაში არ მოვლენ, თუმცა იქნებიან მყარად ოპოზიციაში, იქნებიან ალიანსში იმ უცხოელებთან, რომლებიც გადაუხდიან ფულს იმისთვის, რომ მათ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან ინტერვიუში.