საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ახლადდანიშნულ მეკავშირე ოფიცერთან, ჰარალდ მიულებნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ მეკავშირე ოფიცერს, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ახალმა მეკავშირე ოფიცერმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობები ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრე დარახველიძემ, ახლადდანიშნული მეკავშირე ოფიცრის წინამორბედი, გერალდ ჰორმანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის „მადლობის სიგელით“ დააჯილდოვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.