,,თბილისის საკრებულო, როგორც თბილისელების ყველაზე რეპრეზენტატიული წარმომადგენელი, სრულად ფლობს ინფორმაციას ქალაქში არსებული პრობლემატიკის შესახებ.
შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მოვახდინოთ იმ საკითხების აქტუალიზაცია, რომელიც, წლების მანძილზე, მერიის მხრიდან არასათანადოდ იყო აქცენტირებული და უყურადღებოდ მიტოვებული.
ამორტიზირებული საცხოვრებელი კორპუსები და სახლები სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული საკითხია. 2014 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენობების შეკეთება-გამაგრებების არსებული პრაქტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში უნაყოფოა, ახდენს პრობლემების მიჩქმალვას და არა მოგვარებას.
შესაბამისად, ვითარება ყოველწლიურად არსებითად მწვავდება, იწვევს შეკეთებაზე უფრო და უფრო მეტი ასიგნების მიმართვის აუცილებლობას, მაგრამ მაინც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა საკუთრების ღირებულების არა თუ ზრდას, შენარჩუნებასაც კი. დღეს, შექმნილია ვითარება - 174 000 თბილისელი (აქედან 111 000 მარტო ე.წ. “ხრუშჩოვკებში”) საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე დგას.
თბილისის, როგორც ევროპული დედაქალაქის არსებითი მოდერნიზაციის მიზნით, პრინციულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების სრულიად ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზნით, საკრებულოს ხელმძღვანელობა, შესაბამისი კომისიებისა და თემატური პროფესიონალების (ურბანისტების,არქიტექტორების) აქტიური ჩართულობით, სპეციალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნების დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის რთული, მრავალეტაპიანი პროცესი, მაგრამ ასევე ვთვლით, რომ აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ დაწყება. საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულადჩაერთვება პროცესში, რადგან თქვენი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები.
სამწუხაროა, რომ მერიის ყურადღება მხოლოდ ბოლო აქტივობებმა მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონსულტაციები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.
მრავალმხრივი მემორანდუმების პრაქტიკა, რომელიც ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დავნერგეთ, საშუალებას აძლევს დეველოპერულ და საკონსულტაციო კომპანიებს, დოკუმენტალურად დაუდასტურონ ჩვენი მიზნები პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რაც არსებითად ამაღლებს ასეთი პროგრამების განხორციელების შანსს და პარალელურად, კონკურენტულ გარემოს ქმნის რესურსების მოსაზიდად.
მაგალითად, ჩინეთში განხორციელებული მასშტაბური დეველოპერული პროექტების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქალაქ გუანჯოუსთან გაფორმდა ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმი; აქტიური მუშაობა მიმდინარეობს გაერთიანებული არაბული საემიროების საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად;
საბჭოთა პერიოდის პროექტების კორპუსების რეაბილიტაციის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს კიდევ ერთი მემორანდუმი ჩეხურ მხარესთან.
ყველა ეს პროცესი თავის დროზე გაშუქდა მედიაში, მაგრამ, მერია ცდილობს ვითარების ისე წარმოდგენას, თითქოს საკრებულო ინფორმაციას უმალავს საზოგადოებას.
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია თბილისელებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროგრამის პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განხილვა.
უფრო მეტიც, აუცილებელია მერიის მხრიდან დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მალე იხილონ მისი განხორციელების შედეგები.
ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საერთაშორისო ბიზნეს-წრეებთან, რათა თბილისის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანი ბიზნეს-მოდელისა და თანმდევი პროექტების შერჩევა',–განაცხადა შიხიაშვილმა.