საქართველოში სამშენებლო პროდუქციის წარმოება იწყება. ქართული „სენდვიჩ პანელები“ ათ თვეში დამზადდება და ადგილობრივი მოთხოვნის გარდა უცხოური ბაზრებისთვისაც იქნება განკუთვნილი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6 მილიონი აშშ დოლარია.
საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია „აისიიეს-თან“ ერთად უკვე მოაწერა ხელი შესაბამის ხელშეკრულებას რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ოფიციალურად დაიწყო.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საქართველოში „სენდვიჩ პანელების“ წარმოება ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„იმპორტირებული პროდუქციის 80-90%-ს ჩავანაცვლებთ ქართული პროდუქციით. ეს კი მნიშვნელოვნად გააიაფებს მშენებლობას. გარდა ამისა, კომპანიას დაგეგმილი აქვს, განახორციელოს პროდუქციის ექსპორტი პოსტსაბჭოთა სივრცეში - სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და ყაზახეთში. ვფიქრობ, 10 თვის თავზე გამოშვებული პროდუქცია ყველას დაარწმუნებს, რომ საქართველოში შესაძლებელია სამრეწველო სპექტრის სფეროში კონკურენტუნარიანი ევროპული დონის პროდუქციის წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, „სენდვიჩ პანელების“ საწარმო რუსთავის გზატკეცილზე აშენდება და აღჭურვილი იქნება თანამედროვე იტალიური დანადგარებით.
საქართველოში „სენდვიჩ პანელების“ იმპორტი დღემდე თურქეთიდან ხორციელდება. საქართველოში პროდუქციის წარმოების შემდეგ კი იმპორტი საჭირო აღარ გახდება. მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი პროდუქციის 55%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავენ.
„კონკურენცია იქნება როგორც ფასის, ასევე ხარისხის კუთხით. ეს იქნება თანამედროვე იტალიური ტიპის ქარხანა, ბოლო თაობის ტექნოლოგიებით დავამზადებთ „სენდვიჩ პანელებს“, რომელიც სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორში გამოიყენება. ამ პროდუქციის მომხმარებელი ბიზნესსექტორია“, - აცხადებს „აისიესი-ს“ გენერალური დირექტორი ალექსი მორჩილაძე.
მისივე თქმით, პროდუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე „სენდვიჩ პანელების“ ტრანსპორტირება ძვირადღირებული მომსახურებაა და ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის ფასი მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც კი მნიშვნელოვნად დაიკლებს.
„პანელები ლოგისტიკური კუთხით მგრძნობიარეა და ტრანსპორტირებას მიაქვს დიდი წვლილი ამ პანელების თვითღირებულებების განსაზღვრაში. სხვა ფაქტორები რომც არ ჩავთვალოთ და მხოლოდ ტრანსპორტირება გამოირიცხოს, უკვე სერიოზულად შემცირდება პროდუქციის ფასი“, - აცხადებს ალექსი მორჩილაძე.
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.